ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
რა პროდუქტებით უნდა იკვებებოდეს ბაღის ასაკის ბავშვი ყოველდღიურად? - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს
პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბაღის ასაკის ბავშვის ყოველდღიური კვების რაციონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაციონში კალორაჟის გათვლა აუცილებელია:
„კვება დაკავშირებულია აუცილებლად ბავშვის განვითარებასთან და მომავალ სწავლებასთან, ათვისების რეჟიმთან. კვების რაციონში აუცილებელია კალორაჟის გათვლა. ის დამოკიდებულია ბავშვის სქესზე, ცხოვრების წესზე: არის თუ არა ბავშვი სპორტით დაკავებული.“
ქეთი ნემსაძის თქმით, აუცილებელია, რომ ბავშვმა მიიღოს ცილები, ნახშირწყლები და ბოსტნეული:
„აუცილებელია სამი ჯგუფის საკვების მიღება: ცილა, ნახშირწყლები და ბოსტნეული. რომელ ცილას ვურჩევთ ჩვენ ბავშვებს? ბავშვებს ვურჩევთ მცენარეულ ცილებს: ლობიოს, სოიოს, ბარდას. ცხოველური ცხიმებიდან უპირატესობა ეძლევა ქათამს, ინდაურს და თევზს. რაც შეეხება ბოსტნეულს, კარგია მწვანე და ყვითელი ბოსტნეული ყველანაირი სახის.“
„რაც შეეხება ხილს, რამდენიმე ფერის უნდა იყოს. ნახშირწყლები უნდა იყოს უხეშად დაფქული, დაცეხვილი, როგორიც არის გერკულესის ფაფა, მანანის ფაფა, წიწიბურა. ცხიმებზე რეკომენდაცია ეძლევა რძის პროდუქტებში შემავალ ცხიმებს, ოღონდ არა ცალკე გამოყოფილ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს. დამატებითი ცხიმი უნდა იყოს მხოლოდ მცენარეული წარმოშობის, როგორიც არის: ავოკადო, მცენარეული ზეთები, ნუშის ცხიმი. ამერიკაში ძალიან პოპულარულია მიწის თხილის ცხიმი. ძირითადად უნდა იყოს მცენარეული ცხიმები,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.