ცნობილი ამერიკელი გამომგონებელი ჟაკ ფრესკო ბავშვის დამოუკიდებლობის და კრეატიულობის წახალისების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები არ არსებობენ, ყველაფერი განათლებაზეა დამოკიდებული. ჟაკ ფრესკოს მტკიცებით, მშობლებმა არ იციან, თუ როგორ აღზარდონ შვილები. ადამიანის აღზრდა ცნობილი გამომგონებლისთვის ურთულესი და კომპლექსურია. ფრესკო აცხადებს, რომ მშობლები შვილებს არასწორი მიდგომებით წამლავენ და მათ ქცევაზე ნეგატიურად ზემოქმედებენ.
ფრესკო საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც გვიზიარებს და იხსენებს, როგორ მივიდა მისი შვილი მამასთან სათამაშო მანქანით ხელში. ბავშვის სათამაშოს საბურავი მოძვრა, პატარა განიცდიდა და მამას დახმარებას სთხოვდა. ფრესკომ ამის პასუხად შვილის სათამაშო ურნაში მოისროლა და ბავშვს ახლის ყიდვას დაპირდა. ფრესკო მიხვდა, რომ ბავშვი მამისგან მანქანის შეკეთებას მოითხოვდა, მან კი ეს არ გააკეთა. ფრესკოს თქმით, მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბავშვს თავად შეუძლია. თუ მშობელი ყოველთვის შვილის ნაცვლად იმოქმედებს, ის ბავშვს უსარგებლო ადამიანად აქცევს.
ფრესკო მშობლებს მოუწოდებს, რომ ბავშვებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში დაეხმარონ და მისი უნარები ამგვარად განავითარონ.
რამ გამოიწვია ბავშვებში ვირუსების ბუმი და რომელი ვირუსებია გავრცელებული ყველაზე მეტად? - პედიატრი მაია ჩხაიძე
პედიატრმა მაია ჩხაიძემ ბავშვებში სეზონური ვირუსების აფეთქების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა რომელი ვირუსებია ბავშვებში გავრცელებული:
„გაზაფხული ზოგადად ითვლება ალერგიის სეზონად. სეზონური ვირუსები ამ დროს უფრო ნაკლებად არის. ზაფხულის სეზონის დაწყებისას უკვე გვხვდება ვირუსები, რომლებიც მიდის დიარეით, ღებინებით, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დიდი გავრცელების შედეგად, ომიკრონის შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ასპარეზზე გამოჩნდა სხვა ვირუსები. მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელდა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტი, რომელიც უფრო ხშირად რესპირატორულ სინციტიალური ვირუსით არის განპირობებული. ამჟამად მისი სეზონურობა გახანგრძლივდა. ის უფრო მარტისა და აპრილის თვეში არის ხოლმე და შემოდგომაზე. იმ პერიოდში, როდესაც ომიკრონი ბობოქრობდა, მან სხვა ყველა ვირუსი გადაფარა. ძალიან ხშირი იყო ბავშვებში შემთხვევები, როდესაც მათ ორი ვირუსი ერთად ჰქონდათ.
ამჟამად გავრცელებულია ისევ რესპირატორული ვირუსები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვეულებრივად ზედა სასუნთქი გზების კლინიკური ნიშნებით. ეს არის რინორეა, ხველა და რაც მთავარია, მაღალი ცხელება, რომელიც შეუპოვარი ხდება ხოლმე და ამის გამო აკითხავენ მშობლები კლინიკებს ძირითადად. სიცხე ცუდად ემორჩილება დამწევს.
როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია არ იყო მარტივი ინფექცია, როგორც ზოგს ეგონა. ეს არ არის სახადი ინფექცია რასაც ჰქვია წითელა, წითურა და ა.შ. მან ყველა ადამიანს დაუტოვა პოსტკოვიდურ პერიოდში გარკვეული ჩივილები. ბავშვებში ეს ჩივილები არის დაქვეითებული იმუნიტეტი. როგორც კი გაიხსნა საბავშვო ბაღები, თუკი ერთი ბავშვი მაინც მივა ბაღში, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექცია და ცხელება აქვს, ის გამოყოფს ამ ვირუსს, რასაკვირველია და გადაცემა ხდება მარტივად,“- მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.