„ბავშვებზე ძალადობა, ამაში ფიზიკურ ძალადობას კი არ ვგულისხმობ, არამედ მათ ნებაზე ძალადობას, მათ თავისუფლებაზე, მათ არჩევანზე ზეწოლას, უნდა იყოს მინიმალური. ჩვენ უნდა შევეცადოთ ჩვენი ბავშვის ნიჭიერება აღმოვაჩინოთ. ჩვენი ეროვნული სენია საქართველოში, რომ ნიჭიერ ადამიანებს არ ეძებენ. ჩვენი სახელმწიფო ნიჭის მხრივ ადამიანებს არ გამოიყენებს. ეს პრობლემა არსებობს მთლიანად საქართველოში, სამწუხაროდ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი შვილების ნიჭიერება, რა ნიჭი აქვთ მიმადლებული ღვთისგან. ის კი არ უნდა გამოვიდეს, რაც ჩვენ ვერ განვახორციელეთ ბავშვობაში, ჩვენი კომპლექსებიდან გამომდინარე კი არ უნდა აღვზარდოთ შვილები, არამედ ბავშვს შემოქმედებითად უნდა დავაკვირდეთ. გავიგოთ, რა ნიჭებს ფლობს ის.“
მამა თეოდორე გიგნაძის თქმით, ბავშვის მიმართ სიყვარული გაბრაზების დროსაც უნდა გამოვხატოთ:
„ბავშვებთან უნდა ვიმეგობროთ, ბავშვებს სიყვარული უნდა ვაჩვენოთ. ხანდახან ბავშვს თუ გაუბრაზდებით, ეს საჭიროც არის, ამ გაბრაზებაშიც იმხელა სიყვარულის მუხტი უნდა იყოს, რომ ბავშვს არ უნდა სწყინდეს. ბავშვს არ უნდა შეულახოთ ღირსება. სულ პატარაც რომ არის, ორი წლის, სამი წლის, ხუთი წლის, ღირსება აქვს მას, როგორც ადამიანს. ის ჩვეულებრივი ადამიანია. არავითარ შემთხვევაში ბავშვის ღირსების შელახვა არ შეიძლება, ფიზიკური დაჩაგვრა არ შეიძლება, არ შეიძლება შეურაცხყოფა, უგულებელყოფა. მას ურთიერთობა უნდა, თავისი აზრი აქვს, არ უნდა აჩვენო, რომ ეს ყველაფერი არ არის შენთვის საინტერესო.“
დეკანოზმა აღნიშნა, რომ ბავშვი უნიკალური პიროვნებაა, რომელსაც მშობელმა ღირსება არ უნდა შეულახოს:
„ჩვენს თვალწინ არის ჯერ კიდევ ფიზიკურად, ინტელექტუალურად განვითარებადი, მზარდი, აბსოლუტურად უნიკალური პიროვნება, მთელი სამყარო. სულიერ ცხოვრებაში მას უნდა მივცეთ პირადი მაგალითი. არ უნდა მოვატყუოთ ბავშვი, არავითარ შემთხვევაში. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის რამეს ვერ გაიგებს. ბავშვები გასაოცრად იგებენ და მთელ სამყაროს გასაოცრად აღიქვამენ. ბავშვი ადვილად პატიობს მშობელს, როდესაც მშობელი მას უსამართლოდ ექცევა. ამან არ უნდა მოგვატყუოს, რომ ერთხელ გაპატია, ორჯერ გაპატია, ჩაგეხუტა, არ უნდა იფიქრო, რომ მას არ ესმის და ვერ გაიგო. ის უბრალოდ გვპატიობს, მაგრამ მას ძლიერ ტრავმას ვაყენებთ ამ დროს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.“
„სულიერ ცხოვრებაში, როგორც გითხარით, მთავარია პირადი მაგალითი. ძალადობა არ შეიძლება. არის ხოლმე, ბავშვს მოიყვანენ, მთელ წირვას დააყენებენ ფეხზე. ის გაიზრდება და საერთოდ აღარ გამოიხედავს ეკლესიისკენ. პირადი მაგალითი, თავისუფლება და ღირსების შენარჩუნება - ეს არის მთავარი,“ - აღნიშნა მამა თეოდორემ.
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები