„ერთადერთი, რასაც ვურჩევთ ხოლმე მოზრდილი და გარდატეხის ასაკში მყოფი მშობლების შვილებს არის ის, რომ დიალოგი ჰქონდეთ შვილებთან. ჩვენ არ ვიყავით ასე ინფორმირებულები და დაბომბილი სხვადასხვა ინფორმაციით. ჩვენ არ ვართ ინტერნეტის თაობა. ჩვენთან შედარებით ადვილი იყო დისკუსიის გარეშე ურთიერთობა. ჩვენ ან ჩვენს პოზიციაზე ვრჩებოდით, ან შეიძლებოდა მშობლის პოზიციაზე გადავსულიყავით. თანამედროვე ბავშვები ძალიან გათვითცნობიერებულები არიან. „მე ასე ვთვლი, მე ასე მინდა,“ - არ გამოდის. შენ ავტორიტეტი ხარ რაღაც პერიოდამდე. გარდატეხის ასაკში შენ აღარ ხარ ავტორიტეტი ბავშვისთვის.“
თამარ გაგოშიძის თქმით, დიალოგი ბავშვთან ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ, რადგან გარდატეხის ასაკში ეს დაგვიანებული იქნება:
„გარდატეხის ასაკში ამაზე საუბრის დაწყება გვიან იქნება. ერთი წლიდან უნდა ვიზრუნოთ ამაზე და გვიან არის ხოლმე გარდატეხის ასაკში ამაზე ზრუნვა, მაგრამ ფუნდამენტური და მნიშვნელოვანია ბავშვთან დიალოგი. აუცილებელია საუბარი მათთან. თქვენ რომ ვინმემ გიბრძანოთ, ასე გააკეთეო, არ მოგეწონებათ. შეიძლება არ გააკეთოთ. ადამიანის ურჩი, ეგოცენტრული ბუნება ასეთია ზოგადად, ბავშვობაში უფრო მეტად. ბავშვი უფრო ნაკლებად ითვალისწინებს სხვა ადამიანს. მოზრდილებში უფრო ნაკლებია ეს, თუმცა ჩვენს საზოგადოებაზე ვერ ვიტყვი, რომ სიყმაწვილის სენიდან ვართ გამოსული. ჩვენ არ ვითვალისწინებთ დიდად ერთმანეთის საჭიროებებს, აზრებს. სხვა ადამიანმა თუ შენიშვნა მოგცა, მტერია. მოზრდილებიც დაახლოებით ასე ვართ.“
თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, რომ ბავშვის პოზიციის გაგება და მისთვის საკუთარი ხედვის შეთავაზება ყოველთვის მნიშვნელოვანია:
„აუცილებელია, რომ გაიგო ის რა პოზიციაზეა, შენ შესთავაზო შენი პოზიცია. ეს მიწოლა იწვევს უარეს წინააღმდეგობას. ეს ჩვეულებრივი ფიზიკის კანონია. როდესაც ჩვენ ვეუბნებით ფორმულას: „მე ასე ვფიქრობ, ჩემი აზრით, ეს ასეა და შენ აირჩიე,“ რაღაც პერიოდის შემდეგ ის მოვა და გეტყვით: „შენ მართალი ხარ!“ ეს ფორმულა ამართლებს.“
თამარ გაგოშიძე მშობლების მხრიდან ბავშვის ნეგატიური ქცევის წახალისებას და მასთან ალიანსში ყოფნას შეცდომად განიხილავს. მისი თქმით, როდესაც მშობელი უმნიშვნელო პრობლემებზე ხუჭავს თვალს, ეს სერიოზულ გართულებებს იწვევს:
„ძალიან ხშირია, როდესაც იწყება ნაკლებად მნიშვნელოვანი რაღაცებით, მერე ეს შეიძლება გადაიზარდოს ძალიან სერიოზულ ალიანსებში მშობელსა და შვილს შორის. ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც მშობელი თავისი ხელით ყიდულობს ალკოჰოლს ან ნარკოტიკს თავისი შვილისთვის. ეს შეიძლება აქამდე მივიდეს. ყველა ადამიანს გვაქვს თვისება, რომ გვინდა სხვების თვალში კარგები ვიყოთ. ზოგიერთ მშობელს ეს ძალიან გამძაფრებულად აქვს. ჩვენ ამას მოუმწიფებლობას ვუწოდებთ. შეიძლება ასაკით მოზრდილი იყო, მაგრამ პიროვნულად არ იყო მომწიფებული. ეს ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია საკუთარი პოზიციის არააგრესიული ფორმით დაცვა. შენ აცნობიერებ, რომ იზრდები და დედამიწის ცენტრი არ ხარ.ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ ეშინიათ ბავშვმა ისტერიკა არ ატეხოს სახლში, ეშინიათ წინააღმდეგობის სახლში, არ უნდათ უსიამოვნება. შემდეგ ასეთი რაღაცები ხდება.“
„ბავშვები არიან ძალიან სამართლიანი არსებები. ბავშვებმა ზუსტად იციან, რა არის ცუდი და კარგი. სინდისი მათ აქვთ, ისევე, როგორც ჩვენ. შენ რომ ცუდში უჭერ ბავშვს მხარს, შენ აძინებ მის სინდისს. შენ რომ ცუდ რაღაცებში უჭერ მხარს ბავშვს, იმან იცის, რომ არ აკეთებს კარგს. შესაბამისად მშობელი ავტორიტეტს კარგავს. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მშობელს ავტორიტეტი მის თვალში აღარ აქვს. მშობელი ამ შემთხვევაში ხდება ინსტრუმენტი. ეს არის გამომყენებლური დამოკიდებულება. ამას მშობელი აკეთებინებს ბავშვს. თვითონ ბავშვი ამას ვერ გააკეთებს, თუ ალიანსში მშობელი არ იქნა. სიტყვა „დასჯის“ არ უნდა გვეშინოდეს. დასჯა არ ნიშნავს არც ყვირილს, არც ჩხუბს, არც ცემა-ტყეპას, არც ბავშვის შეურაცხყოფას. ეს ჩვენ არ ვიცით უბრალოდ, როგორ დავსაჯოთ ხოლმე ბავშვი, რომ მას ჰქონდეს განცდა, როდესაც რაღაც ისე ვერ გააკეთა. როდესაც ბავშვს აქვს სამართლიანობის განცდა, ის შენიშვნასაც მშვენივრად იღებს. ის ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღებს, თუ იცის ზუსტად, რომ არც დედამისი და არც მამამისი არასდროს ორმაგ თამაშს არ თამაშობს. თუ მან იცის ზუსტად, რომ დედა და მამა ყველა შემთხვევაში ბოროტებაზე ამბობს, რომ ეს არის ბოროტება და სიკეთეზე ამბობს, რომ ეს არის სიკეთე, ის ამას მიიღებს. თუ მშობელს ორმაგი მორალი აქვს, ბავშვი ამას ხედავს და მშობელი აღარ არის მისთვის ავტორიტეტი,“ - აცხადებს თამარ გაგოშიძე.
წყარო: Journalism Resource Center
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები