„მთელი საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში, გადაერთო არავერბალურ კომუნიკაციაზე. ბავშვებს უწევთ დაწერა და დაწერილის ჩაბარება. მათ უწყვეტად ვამოწმებთ, რა იციან და რა არ იციან, ოღონდ ისე, რომ ხმას არ ვაღებინებთ. პანდემიამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი დესოციალიზაციას. აქამდე კლასელს ისე მაინც დაელაპარაკებოდა ბავშვი, გაივლიდნენ-გამოივლიდნენ, მასწავლებელთან კონტაქტი ექნებოდა. ცხადია, რომ დისტანციური სწავლება ვერ ანაცვლებს პირისპირ სწავლებას. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, რომ ის გავხადოთ უკეთესი იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ.“
თინათინ ცერცვაძის თქმით, ბავშვებს ლაპარაკის და მოყოლის კომპლექი აწუხებთ და უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის ფობია აქვს:
„ბავშვებს ძალიან მოემატათ შფოთვა გაკვეთილის ჩაბარების, მოყოლის ან სიტყვით გამოსვლის თვალსაზრისით. არსებობს ფობიებიც კი, რომლებიც დაკავშირებულია საჯაროდ სიტყვით გამოსვლასთან. 90 %-ზე მეტს აღწევს ეს შფოთვა. მასწავლებელმა ყველაფერი რომც ააწყოს, სტანდარტით მას არ მოეთხოვება, რომ ბევრი ალაპარაკოს მოსწავლე. ბავშვები ფოტოებს უღებენ დავალებებს, აგზავნიან სხვადასხვა ფორმით, სტანდარტებს იცავენ. მშობლებმა და მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა იზრუნონ, რომ კონტაქტში შემოიყვანონ ბავშვი.“
თინათინ ცერცვაძე აცხადებს, რომ ბავშვებს პანდემიის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გამო შფოთვა გაძლიერებული აქვთ:
„არავინ საუბრობს იმ შფოთვაზე, რომელიც აქვთ მოზარდებს იმის გამო, რასაც ისმენენ. ჯერ მარტო სიკვდილიანობის მაჩვენებელი რომ ავიღოთ, ვერავინ დააჯერებს მათ, რომ საშიში არ არის ეს ვირუსი. შფოთვა ისედაც მომატებული აქვთ ბავშვებს. ამაზე არავინ ფიქრობს ამ წუთებში, სამწუხაროდ.“
თინათინ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბავშვების დიდ ნაწილს ელექტრონული მოწყობილობები აქვს, რადგან მათთვის გაჯეტების ყიდვის ტენდენცია ჩვენთან უკვე დიდი ხანია არსებობს:
„ჩვენ ხშირად ვადარებდით დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს საქართველოს მდგომარეობას. ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს არავინ, სამწუხაროდ, არ აქცევდა ყურადღებას. 60 000 მოსწავლეა დაახლოებით, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობა დისტანციურად სწავლისთვის. პროპორციულად რომ ავიღოთ ხვედრითი წილი მოსწავლეების საერთო რაოდენობასთან, ხუთჯერ მეტია იგივე მაჩვენებელი დასავლეთ ევროპაში. ცუდი ტენდენციები, რომლებიც საქართველოს ჰქონდა, ახლა კარგად გამოგვადგა. ბავშვები, ოჯახები, მშობლები გაჯეტებს პირველ ადგილზე აყენებენ საჩუქრებში, შესყიდვებში, განვადებით გამოტანაში, რომლის პრეცენდენტი არცერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება.“
„დასავლეთ ევროპაში ვერ იჯერებენ, რომ შეიძლება მშობელმა ბავშვისთვის განვადებით გამოიტანოს ტელეფონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო აქამდე. ამიტომ ჩვენ დავხვდით უფრო მომზადებული ამ თვალსაზრისით, ვიდრე ევროპის ქვეყნები. მათ მიერ სკოლის ჩაკეტვა იყო აბსოლუტური გაჩერება, როდესაც რაღაც დონეზე მაინც წინ ხდებოდა ნაბიჯების გადადგმა. საფრანგეთმა კანონი შემოიღო, რომელიც დაკავშირებული იყო ტელეფონების აკრძალვასთან სასკოლო სივრცეში. იქ საჭირო გახდა და სხვა ქვეყნებში საჭიროც კი არ არის. იქ დაწყებით საფეხურზე ბავშვებს უბრალოდ არ აქვთ ტელეფონები,“ - აღნიშნავს თინათინ ცერცვაძე.
წყარო:
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები