როგორ გავიგოთ სჭირდება თუ არა ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება და რატომ არ სურს ზოგიერთ მშობელს ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, მარინა ბოსტოღანაშვილი.
- ხშირად მშობლებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ბავშვს ესაჭიროება ფსიქოლოგთან ვიზიტი. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი?
- ზოგიერთ მშობელს არ სურს ბავშვის ფსიქოლოგთან მიყვანა სხვადასხვა მიზეზის გამო. მათ ეშინიათ ოჯახში ცვლილებების შეტანის და ცდილობენ თავად გაუმკლავდნენ შვილების აღზრდის პროცესში წარმოშობილ სირთულეებს. ეცნობიან ამ საკითხებთან დაკავშირებულ ლიტერატურას, გადიან კონსულტაციებს მეგობრებთან, ნათესავებთან, უსმენენ ლექციებს ინტერნეტში და ეყრდნობიან საკუთარ თავს. აქვთ „იარლიყების“ შიში, ანუ თუ ბავშვი ფსიქოლოგთან დადის, მას დანამდვილებით რაღაც სჭირს, ან არის ფსიქიკურად აშლილი.
ზოგი მშობელი, როცა ეჯახება ამ პრობლემას თავს ირწმუნებს და ამბობს: „თავისით გაუვლის“, „გაიზრდება და გადაუვლის“. ასევე გაურბიან დანაშაულის გრძნობას, იმის შიში აქვთ, რომ „ცუდი მშობლები არიან“ ან „ცუდად აღზარდეს შვილი“.
მშობლის დარწმუნება რთულია. მნიშვნელოვანია, თავად გააცნობიეროს და მიიღოს ის ფაქტი, რომ ვეღარ უმკლავდება შვილის გარკვეულ სირთულეებს და სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება. ხშირად მშობლები თავად ცდილობენ გაერკვნენ შვილების უცნაური ქცევების მიზეზებში და მათი პრობლემების აღმოფხვრაში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პრობლემები არ ქრება და დროთა განმავლობაში გართულებული ფორმით იჩენს თავს.
თანამედროვე საზოგადოებაში დედები და მამები ხშირად განიცდიან ძლიერ ზეწოლას „იდეალური მშობლობის“ კულტის გამო. ისინი შიეძლება თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, რომ ვერ უმკლავდებიან საკუთარი შვილების პრობლემებს, ვერ უგებენ მათ და ვერ აკონტროლებენ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დახმარების დროულად თხოვნა და მისი მიღება მამაცი და ბრძენი მშობლების ქცევაა, ვინაიდან, ზოგჯერ შეიძლება ძალიან რთული იყოს პრობლემის გადაჭრა კომპეტენტური სპეციალისტის, პროფესიული რჩევისა და მხარდაჭერის გარეშე.
- როგორ გავიგოთ, ბავშვს სჭირდება თუ არა ფსიქოლოგის დახმარება და როდის უნდა მივიყვანოთ სპეციალისტთან?
- თუ ბავშვის ქცევაში შეამჩნევთ ისეთ ცვლილებებს, რომელმაც აღგაშფოთად, მაგალითად, ბავშვი გახდა აგრესიული, დაიწყო სიბრაზის გამოვლენა, არა მხოლოდ სახლში, არამედ ქუჩაში, სკოლაში და თანატოლებთან ურთიერთობაში, ტირის უმიზეზოდ. ნებისმიერი პოტენციურად ტრავმული გამოცდილება აუცილებლად ფსიქოლოგთან არის დასამუშავებელი. სირთულეები თანატოლებთან სოციალიზაციაში, მეგობრების ნაკლებობა, ბულინგი, სუიციდალური ქცევა, თვითდესტრუქციული ქცევა, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლზე და სიგარეტზე დამოკიდებულება, თვითდაზიანება (ჭრილობა, დამწვრობა, სისხლჩაქცევები, თმის ღერის ამოგლეჯვა). ხშირი კონფლიქტები მშობლებთან, აგრესიის ხშირი გამოვლენა, განწყობის დაქვეითება, ძილის პრობლემები, სკოლის შეცვლა, საყვარელი ადამიანების და ნათესავების დაკარგვა, შიშის შეგრძნება (მასწავლებლის და კლასის წინაშე), კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა, ინტერესის დაკარგვა ჰობის, სწავლის და ურთიერთობების მიმართ. კრიზისული მდგომარეობები მოზარდებში - მშობლების განქორწინება, კვებითი დარღვევები, სკოლაში სიარულის სურვილის არქონა. ყოველივე ეს ფაქტორი არის მიზეზი, რომ ბავშვი მიიყვანოთ სპეციალისტთან.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს?
- თუ პირადად თქვენ (მშობელს) გაწუხებთ რაიმე პრობლემა, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს, მიიღოთ მხარდაჭერა და დახმარება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, გაურკვეველ ან რთულ სიტუაციაში. ვინაიდან, როცა მშობელი კარგად გრძნობს თავს, ბავშვსაც უადვილდება მიმართოს მას რჩევისთვის და მხარდაჭერისთვის.
ბავშვები და მოზარდები ადამიანების უნიკალური კატეგორიაა, რადგან მათში ჯანმრთელობისა და პათოლოგიის გამყოფი საზღვარი უფრო სუსტად გამოირჩევა, ვიდრე ზრდასრულებში. ნებისმიერი თერაპიული ჩარევა არღვევს ბალანსს და აწარმოებს ხანგრძლივ ეფექტს, ამიტომ თერაპევტის მხრიდან საჭიროებს დამატებით ზრუნვასა და სიფრთხილეს.
ბავშვები და მოზარდები მშობლებს მიჰყავთ ფსიქოლოგთან, ისინი ამ ნაბიჯს თავიანთი ინიციატივით არ დგამენ. ზრდასრული განსაზღვრავს პრობლემას, მის სიმძიმეს და მიყვანის დროს. ბავშვებს საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის „თერაპია“. მათი წარმოდგენა დროის, სივრცის, ხელმისაწვდომი შესაძლებლობების შესახებ დამოკიდებულია უფროსებზე, ასევე მათი ცხოვრებისეული გამოცდილება და რეალობის აღქმა. ბავშვებს შეიძლება გაუკვირდეთ მათი გრძნობების, აზრების განხილვის აუცილებლობა უცხო ადამიანთან და შინაგანი, საიდუმლო სამყაროს განდობა. თერაპევტთან შეხვედრამდე ბავშვები არიან უფროსებთან, რომლებიც წყვეტენ მათ პრობლემებს, იღებენ პასუხისმგებლობას და მხარს უჭერენ. აგრეთვე, მათ შეიძლება შეხება აქვთ ისეთ უფროსებთან, რომლებიც აიგნორებენ, ან აყენებენ სულიერ ტკივილს. შესაძლოა, მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ ხვდებოდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ეხმარებიან ან რომლებიც „არაფერს არ აკეთებენ“, მაგრამ უსმენენ, ეთამაშებიან და გვერდში დგომას აგრძნობინებენ.
თერაპევტები ბავშვებს და მოზარდებს არ ეპირფერებიან, ისინი არაფერს ითხოვენ და არც არაფერს ელოდებიან. მათი ყოფნა გამორიცხავს შეფასებას, შექებას, საყვედურს და ინსტრუქციას. ნაცვლად ამისა, გამოხატავენ ინტერესს და გვერდში დგომას. ჩართულები არიან პროცესში, მოთმინებით ეკიდებიან ყველა საკითხს და ამავე დროს არიან ავტორიტეტულები.
თერაპევტები, რასაც აკეთებენ ეს არის ბავშვისადმი კითხვების დასმა, მათი პასუხების გააზრება და კომენტარის გაკეთება, რომელიც მიზანმიმართულია იმაზე, რომ ასწავლონ ბავშვებს უსმინონ თავიანთ თავებს, უგებდნენ საკუთარ თავს, ხედავდნენ თავიანთ როლს სიტუაციაში და იწყებდნენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. ასეთი მიდგომა ბავშვებში იწვევს ინტერესს და საბოლოო ჯამში თერაპევტისადმი ნდობას და იმედს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად