Baby Bag

​როგორი უნდა იყოს კანის მოვლის დღის და ღამის რუტინა? - თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატოლოგი ნინო ნიშნიანიძე ესაუბრა

​როგორი უნდა იყოს კანის მოვლის დღის და ღამის რუტინა? - თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატოლოგი ნინო ნიშნიანიძე ესაუბრა

როგორი უნდა იყოს კანის მოვლის დღის და ღამის რუტინა? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატოლოგი ნინო ნიშნიანიძე ესაუბრა. 

- რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს კანის მოვლის რუტინა?

- სახის კანი ასახავს სხეულის ზოგად მდგომარეობას. კანის ყოველდღიური მოვლა სათანადო კვების გარეშე წარმოუდგენელია. დაბალანსებული კვება გვეხმარება მრავალი პრობლემის გადაჭრაში. ზოგჯერ აკნე, შავი და თეთრი კომედონები ჩნდება, მარილიანი, ცხიმოვანი, ცხარე-მწარე და შემწვარი საკვების მიღების შემდეგ. როგორც კი ვიწყებთ ჯანსაღ და სწორად კვებას, კანის მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება. სახის კანის სწორი მოვლის საფუძველი ჯანსაღი ცხოვრების წესია. კანის მოვლის რუტინა ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება: 

  1. კანის გასუფთავება, ტონირება;
  2. დამატებითი გასუფთავება, ტენიანობა;
  3. ზედაპირის დარბილება და დატენიანება.

- როგორი უნდა იყოს დილის და ღამის კანის მოვლის რუტინა და ძირითადად, რა შემადგენლობა უნდა ჰქონდეს პროდუქტებს, რასაც რუტინაში ჩავრთავთ?

დღის რუტინის მთავაზი მიზანი ჩვენი კანის ბუნებრივი ფუნქციონირების შენარჩუნება და დაცვაა იმ გარემო ფაქტორებისგან, რომელიც ძალიან აგრესიულად ცდილობს სტრუქტურის დაზიანებას (გამონაბოლქვი, სტრესი, მტვერი, მავნე ჩვევები და სხვა). კანის დაბანა და გასუფთავება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ტონერი აცოცხლებს, ატონიზირებს კანს და აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ეხმარება მას უკეთ აითვისოს აუცილებელი კომპონენტები.

დატენიანებასთან დაკავშირებით მუდმივი კითხვაა: შრატი თუ დამატენიანებელი კრემი? - ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროდუქტია. შრატი ძლიერი დამატენიანებელი საშუალებაა, რომელშიც დიდი დოზით შედის კონცენტრირებული აქტიური ინგრედიენტები. გარდა ამისა, ძლიერი ანტიოქსიდანტური შრატი საჭიროა დღის განმავლობაში აგრესიული დაზიანებისგან დასაცავად. ძირითადად, შრატი შედგება შემდეგი ნივთიერებებისან: ჰიალურონის მჟავა - ძლიერი დატენიანებისა და ჰიდროლიპიდური ბალანსისთვის; ვიტამინი C - ანტიოქსიდანტი და კანის ზოგადი ფერის გაუმჯობესებისთვის; რეტინოლი, ვიტამინი B და პეპტიდები - კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულირებისთვის. სწორედ ეს ნივთიერებებია აუცილებელი დაბერების ნიშნების პრევენციისთვის. დღისა და ღამის კრემი ყველაზე აუცილებელია და სწორად უნდა იქნეს შერჩეული. კრემი, რომელსაც დილით ვიყენებთ შეიცავს კანის ძლიერი დაცვის კომპონენტებს. სახლიდან გასვლის შემდეგ ეს პროდუქტი გვიცავს, როგორც დაბინძურებისგან, ასევე მზის მავნე UV გამოსხივებისგან. ძირითადად მსუბუქი კონსისტენციით გამოირჩევა და ატენიანებს კანს დღის განმავლობაში. რაც შეეხება ღამის კრემს, მეტად მიმართულია კანის სტრუქტურის აღდგენაზე, გამოირჩევა სქელი ტექსტურით, რათა ღამის განმავლობაში ძლიერად აღადგინოს ტენიანობის ბალანსი და შეაღწიოს კანის ღრმა შრეებში.

თუ გვაწუხებთს თვალის გარშემო სიმშრალე, ჰიპერჰიგმენტაცია, მუქი წრეები, არსებობს თვალის გარშემო გამოსაყენებელი კრემებიც.

კანის ყოველდღიური რუტინა ამინდებისა და სეზონის შესაბამისად შეიძლება გადავაწყოთ. ძლიერი მზისგან დამცავი და თხელი დამატენიანებლები გვერდზე გადავდოთ და უფრო მეტად გამოვიყენოთ კოლაგენით მდიდარი დატენიანებლები, რადგან შემოდგომაზე კანი შრება და ძლიერი დამატენიანებელია საჭირო.

ქარიან და გრილ ამინდებში ტუჩის თხელი, ნაზი კანის მოფრთხილებაა საჭირო. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ დღეში ორჯერ ტუჩის ბალმი. ნაკლებად უნდა გამოვიყენოთ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ექსფოლიატორები და ამქერცლავი ნიღბები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამომშრალ კანს, დამსკდარ ზედაპირებს და მუდმივ გამონაყარს ვერ გადაურჩებით.

ასევე კანის მოვლაში გასათვალისწინებელია კანის ტიპი. ვინაიდან არასწორმა მოვლამ შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის პრობლემა გამოიწვიოს. მაგალითად, თუ ლოყები და საფეთქლები ნორმალურად იყო დატენიანებული – გამოშრეს, ხოლო თუ ისედაც მშრალი იყო – გაუხეშდეს, აიქერცლოს და გაღიზიანდეს. გამომშრალი კანი კი, როგორც ვიცით, კარგავს ელასტიკურობას, ნაოჭდება და მალე ბერდება. T ზონის არასწორი მოვლის შედეგია დახშული ფორები, ფერიმჭამელები, ჩირქოვანი ელემენტები, რომლებიც გართულების შემთხვევაში შესაძლოა აკნეში გადაიზარდოს.

- როგორი უნდა იყოს კანის მოვლის რუტინა 40 წლიდან?

- 40 წლიდან სასურველია დამატენიანებელი კრემი შეიცავდეს:

1. მზისგან დამცავ კომპლექსს. უმჯობესია, მისი SPF, სულ ცოტა, 30 იყოს. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისგან;

2. ჰიალურონის მჟავას – ხელს უწყობს კანის აქტიურ დატენიანებას;

3. C და E ვიტამინებს – უზრუნველყოფს კანის დაცვას მავნე ზემოქმედებისგან.

- დამატებით რას ურჩევდით მკითხველს?

საბოლოოდ ვიტყოდი, რომ კანის მოვლა არაა მარტივი პროცესი და პაციენტმა თვითონ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ მოუაროს კანს. ყოველთვის საჭიროა დერმატოლოგ-კოსმეტოლოგმა შეაფასოს მისი კანის მდგომარეობა და მან მისცეს რეკომენდაციები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარული კონსტრუქციული გრძნობაა, რომელიც შენებაზეა აწყობილი:

„სიყვარული თავისი ბუნებით კონსტრუქციული გრძნობაა. ბუნებაში ასეა ჩადებული, რომ სიყვარულის მერე მესამე ადამიანი ჩნდება. ის შენებაზეა აწყობილი. ხშირად მიდის დავა, ​როდესაც ლტოლვა აღარ არის, მერე სიყვარული არის თუ არა? პასუხი დასანახად ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ ხანშიშესული ადამიანები, ცოლი და ქმარი. მათ ერთმანეთი არ უყვართ?! მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. სექსუალურად მიმზიდველი შეიძლება არცერთი არ არის, ფორმები შეცვლილი აქვთ, ერთს თმები აქვს დაცვენილი, მაგრამ მართლა უყვართ ერთმანეთი. მაშინ ამას რა დავარქვათ?!“

ზურა მხეიძის თქმით, გრძნობა სიყვარულია თუ არა, ამის დადგენა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეგვიძლია:

„ემოცია ბიოქიმიის გარეშე ვერ აღიძვრება. ზოგს ენდორფინი გამოეყოფა კლუბში, რადგან ხმაური უყვარს, ზოგს სიმშვიდე უყვარს. თუ ინტელექტუალურ პროცესს ჩართავ, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გიყვარს ადამიანი, ნამდვილად გექნება. სიყვარული სტაბილურია. ​ყველაფერს დრო აყენებს თავის ადგილზე. მე 19 წლის რომ ვიყავი, მეუბნებოდნენ: „არ იჩქარო, ერთი წელი მოიცადე.“ ვფიქრობდი: „რად უნდა ამას ერთი წელი?!“ რეალურად უნდა, იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში რაღაც ემოციები იკლებს, სიტუაციას უფრო კარგად ხედავ.“

„სიყვარული პირობაა ქორწინებისთვის, მაგრამ ის არ არის საკმარისი. ​ეს გადაწყვეტილება უკვე პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა. უნდა დაუშვათ, რომ თქვენი მეორე ნახევარი შეიძლება გასუქდეს, ხვრინვა დაიწყოს. შენ უნდა წარმოიდგინო მასთან თანაცხოვრების მთელი პერიოდი. ზუსტად ეს ეშლებათ, რომ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ერთმანეთზე ფიქრის გარდა ყველაფერზე ფიქრობენ, რემონტზე, ბავშვზე და ა.შ. იქმნება იმის დეფიციტი, რაც იყო წინათ. ყველა ფილმი ქორწინებით მთავრდება, იმიტომ, რომ შემდეგ არ არის საინტერესო,“- აღნიშნული საკითხის შესახებ ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

წაიკითხეთ სრულად