Baby Bag

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი ორგანიზმისთვის აერობული დატვირთვაა. როდესაც იცინით გული ძალიან სწრაფად გიცემთ, რის გამოც ორგანიზმს სისხლის დიდი ნაკადი მიეწოდება. სიცილის დროს მკერდი მაღლა იწევა და კვლავ დაბლა ჩამოდის, რის გამოც მუცლის კუნთები ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რაც აღნიშნულ ზონაში ცხიმის წვას უწყობს ხელს.

სიცილი ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც, რადგან როდესაც იცინით ზედაპირული კუნთებიც იტვირთება. სიცილის დახმარებით სახის კანი იჭიმება და ახალგაზრდულ ელფერს იძენს. სიცილი ძალიან კარგია იმუნური სისტემის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის. მისი დახმარებით ორგანიზმი ეფექტიანად უმკლავდება ვირუსებსა და ინფექციებს.

ნუტრიციოლოგები არ გაიძულებენ, რომ მთელი დღის მანძილზე კომედიური ჟანრის ფილმებს უყუროთ, თუმცა გარწმუნებენ, რომ სიცილის დახმარებით დღის განმავლობაში მიღებული ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლება ნამდვილად შეგიძლიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იცინით კვებისგან თავი შეიკავოთ. თუ კომედიების ყურების დროს ჩიფსებს მიირთმევთ, სიცილი კალორიების დაწვაში ნამდვილად ვეღარ დაგეხმარებათ.

კვლევებით დგინდება, რომ ერთი საათის მანძილზე სიცილს 100 კალორიის დაწვა შეუძლია, რაც შოკოლადის პატარა ბატონის მირთმევით მიღებული კალორიების ტოლფასია. 100 კალორიის დაწვისთვის თქვენ 30 წუთის მანძილზე წონებით ვარჯიში ან 45 წუთის მანძილზე მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება დაგჭირდებათ.

მომზადებულია ​telegraph.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთავარია ბავშვის დაცულობა. რაც უნდა საშინელება ტრიალებდეს გარშემო, ბავშვი დაცულად უნდა იყოს,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„მთავარია ბავშვის დაცულობა. რაც უნდა საშინელება ტრიალებდეს გარშემო, ბავშვი დაცულად უნდა იყოს,“ - ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

​ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ბავშვებში რთული ქცევის გამოვლენისა და მისი სწორად მართვის შესახებ საუბრობს. ბაკურ კოტეტიშვილი აღნიშნავს, რომ მშობელმა ყოველთვის იცის, თუ როდის ავლენს ბავშვი რთულ ქცევას:

„არის გამოთქმა: „მუნჯის ენა დედამ იცის.“ ყველა დედამ და მამამ იცის თავიანთი შვილის ქცევის მოდელი. ეს ქცევის მოდელი მკვეთრად დამოკიდებულია მშობლების ქცევის მოდელზე. ჯერ ერთი ეს გენეტიკურად კოდირებულია, მეორე მიბაძვის, იმიტაციის ფენომენი არსებობს. რასაც აკეთებს მშობელი, ბავშვისთვის არის ეს საბაზისო დასწავლის ფენომენი. ამ სისტემაში თუ მოხდა ​ბავშვის მიღებული ქცევიდან გადახვევა, ძილ-ღვიძილი იქნება, ჭამა-სმის, თამაშის რიტმი, თუ განვითარების, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი მშობელმა უნდა დაიჭიროს ყოველდღიურობაში.“

ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, ბავშვის ქცევასთან მიმართებაში უფროსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ბავშვს ლავირების შესაძლებლობას აძლევს და ქცევის შენიღბვაში ეხმარება:

„ხშირად ​ოჯახის მხცოვანი, უფროსი წევრები ბავშვის ქცევას ნეგატიურად აფასებენ, ხდება დაპირისპირება რამდენიმე თაობას შორის. ესეც არ არის სასიამოვნო ბავშვისთვის. ბავშვი ამ დროს შუაში ძალიან კარგად ლავირებს. ის მაშინვე მიხვდება, ვინ რომელ პოზიციაზეა და ძალიან კარგად ნიღბავს თავის ქცევას. ბავშვი საბაზისო ქცევის მოდალობას სწავლობს ოჯახში, მხოლოდ და მხოლოდ მშობლებთან ურთიერთობით, იმ საქციელის იმიტაციით, რასაც აკეთებს მშობელი. ამ დასწავლილი მოდელით ის გადის უკვე საზოგადოებაში. იქ უკვე დასწავლილი საბაზისო ქცევით ალამაზებს, აგვირისტებს ქცევას.“

​ბაკურ კოტეტიშვილი აცხადებს, რომ ბავშვები ნეგატიურ მოვლენებს უკეთ იმახსოვრებენ, ვიდრე პოზიტიურს:

„ყველას გვახსოვს ჩვენი ბავშვობის მომენტები, დღეები. თუ კარგად დაუფიქრდებით, ყველაზე მეტად გახსოვთ ნეგატიური მოვლენები. ეს თავდაცვითი რეაქციაა, რომ შემდგომში ისევ მზად იყოს ჩვენი ტვინი, რომ ნეგატივზე სწორად მოიქცეს. მთავარია ბავშვის დაცულობა. რაც უნდა ომი იყოს გარშემო, რაც უნდა საშინელება ტრიალებდეს, ბავშვი დაცულად უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა იგრძნოს, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში კარგად იქნება. მან უნდა იგრძნოს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და წინ უნდა იყოს ყველაფერი კარგი.“

​აკრძალვების გარეშე არ შეიძლება, წარმოუდგენელია. თითოეულ აკრძალვას მეტ-ნაკლებად ახსნა სჭირდება, რომ განვუმარტოთ და გაიგოს, რატომ „არა.“ „არ შეიძლება“ - ეს არის ყველაზე მარტივი სიტყვა, რომელსაც ამბობს მშობელი. ამას მოჰყვება საშინელი ფრაზა: „გაიზრდები და მიხვდები.“ თუ გავიზარდე, რაღად მინდა დახმარება? ახნსა-განმარტებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მის ენაზეა საჭირო მუდმივი კონტაქტი, ქცევით და ქმედებით ჩვენება, რა არის სწორი და რა - არა. ვთქვათ, გააღო ბავშვმა უჯრა, გადმოაგდო რაღაც, არაფერია, თქვენ აჩვენეთ, რომ ეს ნივთი უკან უნდა დააბრუნოს. კი არ აიძულოთ, რომ ეს გააკეთოს. თქვენ აჩვენეთ და ის აუცილებლად გააკეთებს ამას,“ - აცხადებს ბაკურ კოტეტიშვილი.

წყარო: ​„დღის კოდი“

წაიკითხეთ სრულად