Baby Bag

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი ორგანიზმისთვის აერობული დატვირთვაა. როდესაც იცინით გული ძალიან სწრაფად გიცემთ, რის გამოც ორგანიზმს სისხლის დიდი ნაკადი მიეწოდება. სიცილის დროს მკერდი მაღლა იწევა და კვლავ დაბლა ჩამოდის, რის გამოც მუცლის კუნთები ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რაც აღნიშნულ ზონაში ცხიმის წვას უწყობს ხელს.

სიცილი ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც, რადგან როდესაც იცინით ზედაპირული კუნთებიც იტვირთება. სიცილის დახმარებით სახის კანი იჭიმება და ახალგაზრდულ ელფერს იძენს. სიცილი ძალიან კარგია იმუნური სისტემის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის. მისი დახმარებით ორგანიზმი ეფექტიანად უმკლავდება ვირუსებსა და ინფექციებს.

ნუტრიციოლოგები არ გაიძულებენ, რომ მთელი დღის მანძილზე კომედიური ჟანრის ფილმებს უყუროთ, თუმცა გარწმუნებენ, რომ სიცილის დახმარებით დღის განმავლობაში მიღებული ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლება ნამდვილად შეგიძლიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იცინით კვებისგან თავი შეიკავოთ. თუ კომედიების ყურების დროს ჩიფსებს მიირთმევთ, სიცილი კალორიების დაწვაში ნამდვილად ვეღარ დაგეხმარებათ.

კვლევებით დგინდება, რომ ერთი საათის მანძილზე სიცილს 100 კალორიის დაწვა შეუძლია, რაც შოკოლადის პატარა ბატონის მირთმევით მიღებული კალორიების ტოლფასია. 100 კალორიის დაწვისთვის თქვენ 30 წუთის მანძილზე წონებით ვარჯიში ან 45 წუთის მანძილზე მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება დაგჭირდებათ.

მომზადებულია ​telegraph.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

​რას იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა, ან პირიქით სიჭარბე? - ექიმის რჩევები მშობლებს, რომელთა შვილებსაც ეს პრობლემა აწუხებთ

​რას იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა, ან პირიქით სიჭარბე? - ექიმის რჩევები მშობლებს, რომელთა შვილებსაც ეს პრობლემა აწუხებთ

რას იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა, ან პირიქით სიჭარბე? - რჩევები მშობლებს, რომელთა შვილებსაც ეს პრობლემა აწუხებთ. ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.

- ქალბატონო ნანა, რას უზრუნველყოფს ბავშვის ორგანიზმში D ვიტამინი?

​- თავდაპირველად განვიხილოთ, რას წარმოადგენს D ვიტამინი. ვიტამინი D ერთდროულად წარმოადგენს ჰორმონს და ცხიმში ხსნად ვიტამინს. „მზის ვიტამინი“ 1963 წელს გამოყოფილ იქნა თევზის ქონიდან.

​არჩევენ ვიტამინ D-ს ორ აქტიურ ფორმას. ვიტამინ D2 მცენარეული წარმოშობის სინთეზური ვიტამინი, რომელიც წარმოიქმნება ზოგიერთ საფუარა სოკოზე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, მისი პროვიტამინია ერგოსტერონი. ვიტამინ D2-ით ამდიდრებენ საკვებს და ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს. ვიტამინი D3 (მეორე სახელი „ნატურალური“) გვხვდება ცხოველური წარმოშობის საკვებში, ადამიანის ორგანიზმისთვის იგი უფრო ოპტიმალურად ითვლება. ეს ფორმები თირკმელებსა და ღვიძლში გარდაიქმნება ჰორმონ კალციტრიოლად, იგი ვიტამინ D-ს აქტიურ ფორმად, რომელიც მოქმედებს კუნთების, თირკმელების, ნაწლავების უჯრედებზე. ნაწლავებში იგი ხელს უწყობს კალციუმის გადამტანი ცილის წარმოქმნას, ხოლო კუნთებსა და თირკმელებში - თავისუფალი კალციუმის უკუშეწოვას.

​რაციონში D ვიტამინის ნაკლებობა, მზეზე ბავშვის არასაკმარისად ყოფნასთან ერთად, ჩვილ და ადრეული ასაკის ბავშვებში იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის შედეგადაც ირღვევა ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა და მინერალიზაცია. ამ დაავადებას ბავშვებში რაქიტი, მოზრდილებში კი ოსტეომალაცია (ძვლების დარბილება) ეწოდება.

​- როგორ ვლინდება რაქიტი, ანუ როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს?

​- ძირითადად, რაქიტი ბავშვის სიცოცხლის პირველ და მეორე თვეზევე იჩენს თავს, ხოლო სრულად დაავადება 4–დან 6 თვემდე ასაკში ვლინდება. რაქიტის გამოვლენის პირველი ნიშნებია:

  • ​ჭირვეულობა, ხშირი ტირილი, ბავშვი შეიძლება იყოს, როგორც აგზნებული, ისე მივარდნილი;
  • უძილობა, ფრთხილი ძილი, კრთომები (ძილშიც და სიფხიზლეშიც);
  • ცუდი მადა;
  • ოფლიანობის მომატება, განსაკუთრებით კეფის არეში. ბალიშზე ოფლიანი კეფის ხშირი ხახუნის გამო, ამ არეში გამელოტება ვითარდება, ე.წ. კეფის სიქაჩლე.
  • ძვლების არასაკმარისი მინერალიზაციის გამო ყიფლიბანდის დროული დახურვა არ ხდება, ყიფლიბანდი დიდი ზომისაა, რბილდება დიდი ყიფლიბანდის კიდეები, ასევე კეფის ძვალი( ამას კრანიოტაბესი ეწოდება).

​თუ დეფიციტი გაგრძელდა, შემდგომში დაავადება კიდევ უფრო შეიძლება გაღრმავდეს და გამოვლინდეს.

  • თავის დეფორმაცია: კეფის გაბრტყელება, დიდი ყიფლიბანდის გვიანი დახურვა, გამოკვეთილი შუბლის ბორცვები, კვადრატული ფორმის თავი.
  • კბილების გვიანი ამოსვლა.
  • გულმკერდის დეფორმაცია: მკერდის ძვალთან ნეკნების ბოლოების შემსხვილება - „რაქიტული კრიალოსანი“, ლავიწების დეფორმაცია, მკერდის ძვლის დეფორმაცია - ჩაზნექილი ან გამოზნექილი მკერდი, „მეწაღის გულმკერდი“ ან „ქათმის გულმკერდი“.
  • კიდურების დეფორმაციები: ხელებზე სხივ-მაჯის სახსრის შემსხვილება - რაქიტული სამაჯურები. როდესაც ბავშვი სიარულს დაიწყებს, ფეხებზე გარეთ გაზნექილი O-ს მაგვარი, ან მუხლის არეში შიგნით შედრეკილი და ერთმანეთთან მიახლოებული X-ს მაგვარი ფეხები.
  • კუნთთა ტონუსის დაქვეითება: დიდი ბაყაყისებური მუცელი, ხოხვისა და სიარულის დაგვიანება, იხვისებური სიარული.
  •  ყაბზობა და ფაღარათი.

​რაქიტის დიაგნოზს პედიატრი სვამს გასინჯვისას, მაგრამ ზოგჯერ დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედებმა დაავადების ზემოთ ჩამოთვლილი პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართონ პედიატრს.

​- რა რჩევებს მისცემდით მშობლებს მანამ, სანამ ექიმს მიმართავდნენ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

​- ძალიან მნიშვნელოვანია რაქიტის პროფილაქტიკა, რადგან ასე თავიდან ავიცილებთ ყველა გართულებასა და ნარჩენ მოვლენას, რაც ამ დაავადებას სდევს თან. რაქიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ბავშვის მოვლისა და კვების რეჟიმის სწორ ორგანიზებას. უმჯობესია, ბავშვი იკვებებოდეს ძუძუთი, მაგრამ თუ ბავშვი გარკვეული მიზეზებით ხელოვნურ კვებაზეა, აუცილებლად უნდა იღებდეს ადაპტირებულ ნარევს, (ასაკის შესაბამის ფორმულას), დროულად უნდა მიეცეს დამატებითი საკვები, ყოველდღიურად უნდა ასეირნებდნენ სუფთა ჰაერზე, უტარებდნენ გამაკაჟებელ პროცედურებს, ვარჯიშებს ასაკის შესაბამისად. მნიშვნელოვანია, ბავშვმა მიიღოს საპროფილაქტიკოდ ვიტამინი D, ხოლო მედიკამენტის დოზა, მიღების წესი და ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროს პედიატრმა.

​რაქიტის ნიშნების შემჩნევისთანავე დედამ უნდა მიმართოს პედიატრს, არ შეიძლება რაქიტის მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე.

​ორიოდე სიტყვით შევჩერდები ისეთ გართულებაზე, როგორიცაა D ჰიპერვიტამინოზი.

​ზოგჯერ დედებს აქვთ ინფორმაცია D ვიტამინის ნაკლებობის შედეგად გამოწვეული რაქიტის შესახებ და ცდილობენ, პატარას მიაღებინონ აღნიშნული ვიტამინი, ხშირად ექიმის დანიშნულების გარეშეც. ასეთ შემთხვევაში დედამ ადვილი შესაძლებელია, ვერ განსაზღვროს ოპტიმალური დოზა მისი პატარასთვის, დაეყრდნოს მხოლოდ ანოტაციაში მითითებულ ინფორმაციას და ბავშვმა მიიღოს მედიკამენტის ჭარბი დოზა, განვითარდეს D ჰიპერვიტამინოზი. ამ ვიტამინის ზედმეტი დოზები აზიანებს ენდოკრინულ, კერძოდ ფარისებრ, ფარისებრახლო და მკერდუკანა ჯირკვლებს. კალციუმი ლაგდება ყველა ორგანოში და არღვევს მათ ფუნქციას. D ჰიპერვიტამინოზის შორეული შედეგებია თირკმელების ფუნქციის დარღვევა (კალციუმის ჩალაგების გამო) მკერდუკანა (თიმუსის) და პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, იმუნიტეტის დაქვეითება, შემდგომში მეორადი ბაქტერიული ინფექციების (პნევმონიის, პიელონეფრიტი) განვითარებით.

​თუ პატარას დედის მიერ ანოტაციით შერჩეული დოზით, ვიტამინ D-ს მიღების პროცესში გამოუვლინდება მადის დაქვეითება, შესაძლებელია, სრულ უმადობამდე, პირღებინება, წყურვილი, ძილიანობა, მოდუნება, დეფეკაციის დარღვევები - დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობით, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პედიატრს შესაბამისი კვლევისა და საჭირო მკურნალობისთვის.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად