Baby Bag

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

სიცილი ორგანიზმისთვის აერობული დატვირთვაა. როდესაც იცინით გული ძალიან სწრაფად გიცემთ, რის გამოც ორგანიზმს სისხლის დიდი ნაკადი მიეწოდება. სიცილის დროს მკერდი მაღლა იწევა და კვლავ დაბლა ჩამოდის, რის გამოც მუცლის კუნთები ზედმეტი დატვირთვით მუშაობს, რაც აღნიშნულ ზონაში ცხიმის წვას უწყობს ხელს.

სიცილი ძალიან სასარგებლოა კანისთვისაც, რადგან როდესაც იცინით ზედაპირული კუნთებიც იტვირთება. სიცილის დახმარებით სახის კანი იჭიმება და ახალგაზრდულ ელფერს იძენს. სიცილი ძალიან კარგია იმუნური სისტემის გაჯანსაღებისა და გაძლიერებისთვის. მისი დახმარებით ორგანიზმი ეფექტიანად უმკლავდება ვირუსებსა და ინფექციებს.

ნუტრიციოლოგები არ გაიძულებენ, რომ მთელი დღის მანძილზე კომედიური ჟანრის ფილმებს უყუროთ, თუმცა გარწმუნებენ, რომ სიცილის დახმარებით დღის განმავლობაში მიღებული ჭარბი კალორიებისგან გათავისუფლება ნამდვილად შეგიძლიათ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იცინით კვებისგან თავი შეიკავოთ. თუ კომედიების ყურების დროს ჩიფსებს მიირთმევთ, სიცილი კალორიების დაწვაში ნამდვილად ვეღარ დაგეხმარებათ.

კვლევებით დგინდება, რომ ერთი საათის მანძილზე სიცილს 100 კალორიის დაწვა შეუძლია, რაც შოკოლადის პატარა ბატონის მირთმევით მიღებული კალორიების ტოლფასია. 100 კალორიის დაწვისთვის თქვენ 30 წუთის მანძილზე წონებით ვარჯიში ან 45 წუთის მანძილზე მტვერსასრუტით ოთახის დასუფთავება დაგჭირდებათ.

მომზადებულია ​telegraph.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

უსაფრთხოების 10 წესი, რომელიც ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ - ევგენი კომაროვსკი

უსაფრთხოების 10 წესი, რომელიც ბავშვს აუცილებლად უნდა ასწავლოთ - ევგენი კომაროვსკი

​ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მშობლებს უსაფრთხოების ის წესები გააცნო, რომელთა შესახებ ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს. მართალია, მშობლებს სურთ, რომ ისინი ყოველთვის შვილების გვერდით იყვნენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დამოუკიდებლობას მიაჩვიოთ და მას საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის აუცილებელი წესები ადრეული ასაკიდანვე გააცნოთ.

წესი 1. ბავშვმა ზეპირად უნდა იცოდეს თავისი სახელი, გვარი, მშობლების პირადი მონაცემები, რომელიმე ოჯახის წევრის მობილურის ნომერი და სახლის მისამართი. შესაძლოა, ბავშვი ასაკით პატარა იყოს, მაგრამ იზრუნეთ, რომ მან ნელ-ნელა დაიმახსოვროს პირადი მონაცემები. ძალიან კარგია, თუ მას ოჯახის რომელიმე წევრის მობილურის ნომერი ზეპირად ეცოდინება, თუმცა უკეთესია, თუ რომელიმე სხვა ოჯახის წევრის ნომერსაც დაიმახსოვრებს.

წესი 2. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცხო ადამიანს არაფერი გამოართვას. მას უნდა აუხსნათ, რომ როგორი მიმზიდველიც უნდა იყოს საჩუქარი, უცხო ადამიანისგან მისი აღება მაინც არ არის სასურველი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცხო ადამიანის მიერ შემოთავაზებული ​საკვები ან სასმელი, შესაძლოა, საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. ბავშვმა უცხო ადამიანისგან არც სათამაშოები უნდა მიიღოს.

წესი 3. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ღობეზე გადაძრომა უსაფრთხო აქტივობა არ არის. შესაძლოა, ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი ეზოდან გადავარდეს, ბავშვმა კი მის მოსატანად წასვლა და ღობეზე გადაძრომა სცადოს. ბავშვს ასწავლეთ, რომ თუ მსგავსი რამ მოხდა, მან დახმარება ნაცნობ უფროს ადამიანს უნდა სთხოვოს.

წესი 4. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ სასეირნოდ მარტო წასვლა არ შეიძლება. ​თუ ბავშვს სახლიდან გასვლა უნდა, მას მშობელი ან სანდო უფროსი ადამიანი უნდა ახლდეს თან.

წესი 5. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ცეცხლთან თამაში სახიფათოა. მას უნდა აუხსნათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სახლში უფროსები იმყოფებიან თუ არა, ცეცხლთან მისვლა მას კატეგორიულად ეკრძალება. ბავშვი ცეცხლს მხოლოდ მაშინ უნდა მიუახლოვდეს, თუ მის გვერდით მშობელია და ის ამის წინააღმდეგი არ არის.

წესი 6. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცნობ ადამიანთან ერთად არსად წასვლა არ შეიძლება. მაშინაც კი, თუ ბავშვს უცხო ადამიანი ეტყვის, რომ ის ბავშვთან დედამ ან მამამ გამოგზავნა, ბავშვი მას არ უნდა გაყვეს და დახმარება ითხოვოს. ბავშვი გააფრთხილეთ, რომ თუ მასთან მისვლას ვერ ახერხებთ, მის წასაყვანად მხოლოდ ნაცნობ ადამიანს გაგზავნით.

წესი 7. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლების ან ძალიან ახლობელი ადამიანების გარდა არავის აქვს უფლება მას ჩაეხუტოს, მოეფეროს ან სხვა სახის ფიზიკური სიახლოვე ჰქონდეს. თუ ბავშვი ხედავს, რომ მას ვინმე ავიწროვებს, აუცილებლად უნდა ითხოვოს დახმარება.

წესი 8. თუ ბავშვი დაიკარგება, ის უნდა დარჩეს იმ ადგილზე, რომელზეც იმყოფება. ბავშვს აუხსენით, რომ მსგავს შემთხვევაში ის ადგილიდან შორს არ უნდა წავიდეს და უფროსებს სთხოვოს ხმამაღლა გამოაცხადონ მისი დაკარგვის შესახებ (თუ ეს ხდება ჰიპერმარკეტში, თეატრში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში).

წესი 9. ბავშვს აუხსენით, რომ უცნობ ადამიანს პირადი ინფორმაცია არ უნდა გაანდოს. დაუშვებელია უცხო ადამიანისთვის საკუთარი მისამართის, ტელეფონის ნომრის ან ფოტოების გაზიარება. თუ ვინმე ბავშვისგან მსგავსი სახის ინფორმაციის მიღებას ითხოვს, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უ​ნდა აცნობოს მშობლებს.

წესი 10. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მან არასდროს უნდა გააკეთოს ისეთი რამ, რაც დისკომფორტს უქმნის. თუ მას სთხოვენ, რომ სხვების თანდასწრებით გამოიცვალოს ტანსაცმელი, იბანაოს აუზში ​ან მიირთვას რამე, რაც არ მოსწონს, ბავშვს უფლება აქვს მსგავსი მოთხოვნა გააპროტესტოს.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად