დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიეტაზე, კეტოგენურ დიეტაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბევრი ადამიანი მას თვითნებურადაც კი მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობა ამ საკითხზე საკმაოდ მწირია და კეტოგენური დიეტის მიმდევართა უმეტესობამ არ იცის, რომ ამ რეჟიმით შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს ორგანიზმს.
კეტოგენური, იგივე კეტოდიეტა - გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას: 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენი 5% კი უკავია ნახშირწყლებს.
ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტოდიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.
განვიხილოთ კეტოგენური კვების რაციონი: ამ დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით.
კეტოგენური დიეტის დროს დაშვებულია:
რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით,
კვერცხი,
ნებისმიერი ხორცეული,
თევზი და ზღვის პროდუქტები,
მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს,
სოკო,
თხილეული,
მცენარეული ზეთი,
ნაღების კარაქი,
ხილიდან - კენკროვნები და ავოკადო.
რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა - 70% ცხიმი, 25% ცილა და 5% ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი კეტოდიეტის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.
შევეხოთ კეტოგენური დიეტის დადებით მხარეებს: ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. აქვე განვაგრძოთ მისი უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა: კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. კეტო მიმდევართა უმეტესობა ამ რეჟიმზე გადასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნავს ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას და კუნთების ტკივილს, რასაც „კეტო ფლუ“ (კეტო გაციება) ეწოდება. როგორც წესი, ეს ჩივილები რამდენიმე დღეში ქრება. ასევე რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმლებს, შესაძლებელია, მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა. გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.
კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. ასევე აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენს მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი. კვლავ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი.
„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:
„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.
რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“