Baby Bag

„არ შეიძლება, რომ ბავშვთა ასაკში წახალისების სახით ტკბილეული იყოს გამოყენებული,“ - ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის ჯანსაღ წონასა და ჯანსაღ კვებაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მუცლადყოფნის პერიოდში დედამ უნდა დაიწყოს ზრუნვა ბავშვის ნორმალურ ჩამოყალიბებაზე. ჭარბი წონით დაბადებული ბავშვი უკვე რისკია იმისა, რომ მას ზრდასრულ ასაკში განუვითარდება სიმსუქნე. როდესაც ბავშვი მოევლინება სამყაროს, იქიდანვე იწყება სწორი ნუტრიციული სწავლება მშობლისთვის, თუ როგორ უნდა კვებოს სწორად ბავშვი. ზომიერების ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია. თუ საუზმეზე იქნება 1 ნაჭერი პური და 5-10 გრამი კარაქი, ეს დასაშვებია. ამას არ უნდა დაემატოს ცხიმში მომზადებული კვერცხი, ძეხვეული და ა.შ. თუ დილით მივიღებთ ნოყიერ საკვებს, დღის განმავლობაში ბავშვი დატვირთული უნდა იყოს ხილით, ბოსტნეულით, წვნიანით.“

ლაშა უჩავას თქმით, ტკბილის მიღება მშობლებმა ბავშვს ნაადრევი ასაკიდანვე არ უნდა შესთავაზონ:

„ტკბილი უნდა იყოს შორს ჩართული კვებაში. არ შეიძლება, რომ ბავშვთა ასაკში წახალისების სახით ტკბილეული იყოს გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით უნდა მოვიფიქროთ სხვა რაღაცები.თუ ბავშვს თავიდანვე არ მივაჩვევთ წახალისების სახით ტკბილეულს, ან რაღაც ასაკამდე შოკოლადი არ ექნება გასინჯული, მისდამი სიყვარული არ ჩამოუყალიბდება. როდესაც ბავშვი მოდის, ჩემი პირველი კითხვა არის: „თქვენ მუშაობთ?“ გაკვირვებულები მიყურებენ. ამაში დამნაშავე არის მშობელი. ბავშვი ვერასდროს ვერ იყიდის სწრაფი კვების ობიექტში, ვერ იყიდის ტკბილ გაზირებულ სასმელს, ვერასდროს ვერ იყიდის შოკოლადს, თუ არ წაახალისა მშობელმა. ალბათ, ხშირად დაგინახავთ ქუჩაში რომ მოძრაობთ, გადასასვლელზე მწვანეს არასდროს არ ელოდება მშობელი, ბებია თუ ბაბუა. ამ შემთხვევაში შეიძლება დარღვევისკენ უბიძგონ ბავშვს და ასე გადაკვეთოს მანაც ქუჩა.“

„როდესაც მოდიან ვიზიტზე, მშობელი გვეუბნება: სადილზე ხაჭაპური გამოვაცხვე და ბავშვმა ვერ გაუძლო, შეჭამა. როგორ შეიძლება, როდესაც ბავშვს დაბალკალორიულ კვებაზე ვესაუბრებით, რომ წონა შეინარჩუნოს და შენ პროვოცირებას უკეთებ. ეს ოჯახური ტრადიცია უნდა იყოს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დავუმკვიდროთ ოჯახში ბავშვს,“- აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევქმნათ სააღდგომოდ ულამაზესი დეკორატიული ხე? - ნინო ჯანიძის რჩევები

როგორ შევქმნათ სააღდგომოდ ულამაზესი დეკორატიული ხე? - ნინო ჯანიძის რჩევები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნინო ჯანიძემ ჯანინის სახელოსნოში მაყურებელს სააღდგომო დეკორაციების მომზადების წესები გააცნო.

ვიდეოში ნახავთ, როგორ უნდა დაამზადოთ სააღდგომოდ დეკორატიული ხე, რომელზეც დეკორატიული კვერცხებს ჩამოკიდებთ ყვავილებით. ვიდეოში ასევე ნახავთ, როგორ დათესოთ ჯეჯილი და რომელი ხრიკების გამოყენებით უნდა გააღვივოთ ის სწრაფად. ნინო ჯანიძე ასევე გირჩევთ, როგორ უნდა მიიღოთ ხასხასა მწვანე ჯეჯილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სააღდგომო დეკორაციაა.

დეკორატიული ხის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხმელი ხის ტოტების გამოყენება. ასევე საჭიროა ქოთანი, რომელშიც ტოტებს მოათავსებთ, ქაფი, დიდი ზომის ქვები, საღებავები. გასაფორმებლად დაგჭირდებათ დეკორატიული კვერცხები და ხელოვნური ფოთლები.

ჯეჯილის მოყვანისა და დეკორატიული ხის აწყობის წესებს დეტალურად თანდართულ ვიდეოში გაეცნობით.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად