Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს აქვს სამი სტიქია, მას ეს ბუნებამ ჩაუდო. ბუნება კი ღმერთის ნებით მოქმედებს ბავშვში,“ - შალვა ამონაშვილი

„ბავშვს აქვს სამი სტიქია, მას ეს ბუნებამ ჩაუდო. ბუნება კი ღმერთის ნებით მოქმედებს ბავშვში,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს თავისუფალი ადამიანის აღზრდისთვის საჭირო მიდგომები გააცნო:

„ნამდვილი თავისუფალი ადამიანი იცით ვინ არის? ვინც იცის წესი, ადათი, ღებულობს ამ ადათს, როგორც თავის კანონს და მისდევს მას. თავისუფალი ადამიანი ამავე დროს მონაა ამაღლებული წესის, ნორმების, ცხოვრების აზრის. აღზრდაში თავისუფლება თუ ისე გავიგეთ, რომ ბავშვმა რაც უნდა ის აკეთოს, ასეთი პედაგოგიკა სად არსებობს ან ვინ მოითმენს ამას?! ბავშვს აქვს სამი სტიქია, მას ეს ბუნებამ ჩაუდო. ბუნება კი ღმერთის ნებით მოქმედებს ბავშვში.“

შალვა ამონაშვილმა განმარტა, თუ რა არის ბავშვობა:

„რა არის ბავშვობა? ეს ის დროა, როდესაც არაფერზე არ ფიქრობ, მარტო ხტუნავ და ტინგიცობ, ეს არის ბავშვობა?! როდესაც მარტო შენი ნება-სურვილები ბატონობს, ეს არის ბავშვობა?! მაშ რაღაა ბავშვობა?! ​ჩვენი ყვირილი და ძალდატანებაა ბავშვობა?! არა, არც ეს არის ბავშვობა. ბავშვობა არის მოზარდის თანდათანობითი გადასვლა დიდობაში. მოზარდი რომ დღეს, ხვალ, ზეგ უფრო და უფრო მეტ ვალდებულების გრძნობას განიცდის, სიყვარულის განცდა ეზრდება, მორიდებულობა იბადება, ბავშვობა ამ დიდობის ნორმებში შესვლაა.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვებს დიდობის ნორმებში შესასვლელად ჰუმანურად უნდა დავეხმაროთ:

„თუ ბავშვს დავეხმარებით, რომ დიდობის ნორმებში შევიდეს ჰუმანურად, წივილ-კივილისა და ჩხუბის გარეშე, აფერუმ ჩვენ! ბავშვი გაგვეზრდება მართლაც კეთილშობილი. თუ ჩვენ ბავშვს ვეტყვით: ​ჯერ პატარა ხარ, პატარა ხარო და პატარაობაში ჩავკეტავთ, კაცი გახდება 23 წლის და ისევ პატარა იქნება. ყელზე თოკი უნდა გამოაბათ და ატაროთ აქეთ-იქით. ბავშვს პატარა ხარო კი არ უნდა ეძახო, დიდების საქმე უნდა მისცე იმდენი, რამდენიც შეესაბამება. მეორე თავისუფლება არის, რომ ვინც ჭეშმარიტებას გაიგებს, ის გახდება თავისუფალი. ზრდილობა ხომ უნდა იყოს ჭეშმარიტება? სიყვარული ადამიანისა ხომ უნდა იყოს ჭეშმარიტება?! ეს ჭეშმარიტებები თუ მიიღე და იმათ დაემორჩილე, მაშინ ხარ თავისუფალი. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო.“ ჩვენი შვილები ხომ გველები არ არიან, ანგელოზებად მოგვევლინენ. რად გვინდა მათთან ჯიჯღინი?! უნდა მოვნახოთ ჩვენს თავში სიბრძნე, რომ ჩვენმა სიბრძნემ გასჭრას მის ქცევა-ყოფაზე.“

„თუ არაფერი გამოვიდა, მაშინ ვეუბნებით ბავშვს: „გიკრძალავ!“ ეს უნდა იყოს ძალიან მაღალი გადაწყვეტილება, რომელსაც წყალი არ გაუვა. ბავშვი თუ გეტყვით, ხვალ სკოლაში აღარ მინდაო, რომელი ჭკვიანი დედა ეტყვის, შვილო, აღარ გინდა და ითამაშე და იყავი როგორც გინდაო. დავსხდეთ და ბრძნულად განვიხილოთ, რატომ არ გვინდა სკოლაში, რა გვიშლის ხელს,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად