Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა პროდუქტებით უნდა იკვებებოდეს ბაღის ასაკის ბავშვი ყოველდღიურად? - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბაღის ასაკის ბავშვის ყოველდღიური კვების რაციონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაციონში კალორაჟის გათვლა აუცილებელია:

„კვება დაკავშირებულია აუცილებლად ბავშვის განვითარებასთან და მომავალ სწავლებასთან, ათვისების რეჟიმთან. ​კვების რაციონში აუცილებელია კალორაჟის გათვლა. ის დამოკიდებულია ბავშვის სქესზე, ცხოვრების წესზე: არის თუ არა ბავშვი სპორტით დაკავებული.“

ქეთი ნემსაძის თქმით, აუცილებელია, რომ ბავშვმა მიიღოს ცილები, ნახშირწყლები და ბოსტნეული:

​აუცილებელია სამი ჯგუფის საკვების მიღება: ცილა, ნახშირწყლები და ბოსტნეული. რომელ ცილას ვურჩევთ ჩვენ ბავშვებს? ბავშვებს ვურჩევთ მცენარეულ ცილებს: ლობიოს, სოიოს, ბარდას. ცხოველური ცხიმებიდან უპირატესობა ეძლევა ქათამს, ინდაურს და თევზს. რაც შეეხება ბოსტნეულს, კარგია მწვანე და ყვითელი ბოსტნეული ყველანაირი სახის.“

​რაც შეეხება ხილს, რამდენიმე ფერის უნდა იყოს. ნახშირწყლები უნდა იყოს უხეშად დაფქული, დაცეხვილი, როგორიც არის გერკულესის ფაფა, მანანის ფაფა, წიწიბურა. ცხიმებზე რეკომენდაცია ეძლევა რძის პროდუქტებში შემავალ ცხიმებს, ოღონდ არა ცალკე გამოყოფილ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს. დამატებითი ცხიმი უნდა იყოს მხოლოდ მცენარეული წარმოშობის, როგორიც არის: ავოკადო, მცენარეული ზეთები, ნუშის ცხიმი. ამერიკაში ძალიან პოპულარულია მიწის თხილის ცხიმი. ძირითადად უნდა იყოს მცენარეული ცხიმები,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად