Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მივხვდეთ აქვს თუ არა ხილს ნიტრატები? - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი მარიამ ჩაჩუა

სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა მარიამ ჩაჩუამ ხილში ნიტრატების შემცველობის ამოცნობის წესებზე ისაუბრა:

„უმჯობესია, ყოველთვის ადგილობრივი პროდუქტები შევიძინოთ. ნამდვილად უნიკალური მიწა გვაქვს. ძალიან ნოყიერი მიწა გვაქვს, რომელსაც თითქმის ზედმეტი დამუშავება არ სჭირდება. უბრალოდ უფრო სწრაფად გვინდა მოსავალი მივიღოთ, უფრო დიდი და მიმზიდველი იყოს ნაყოფი. პესტიციდებისა და სხვა ქიმიური საშუალებების ზღვარი დადგენილია კანონმდებლობით. იმ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

ივნისში საზამთრო არ უნდა ვიყიდოთ, რადგან ვიცით, რომ ის ხელოვნურად არის დამწიფებული. სათბურში უფრო მეტად სჭირდება დამუშავება პროდუქტს. შევიძინოთ სეზონური ხილი. საზამთრო შევიძინოთ ივლისის ბოლოს. ნუ შევიძენთ ძალიან დიდ საზამთროს, რადგან ვიცით, რომ შეიძლება ნიტრატებით იყოს გაჯერებული. პომიდორს სქელი კანი თუ აქვს, ეს ნიტრატების აღმნიშვნელია. პომიდორში თეთრი ხაზებიც ნიტრატების აღმნიშვნელია.

თუ პომიდორს პომიდვრის არომატი არ აქვს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პირველი ნიშანია ნიტრატების გამოყენების. სჯობს ვაშლი და ნებისმიერი ხილი იყოს ჭიანიც, რადგან თუ მას ჭია მიეკარა, ე.ი. ბავშვისთვის გამოდგება. ზოგჯერ ხილს რომ შეხედავ სურათი გგონია, იმდენად სრულყოფილია. არ უნდა იყოს ასე. ხილს თავისი ფორმა აქვს, ისეთი, როგორიც ბუნებამ აჩუქა,“ - მოცემულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად