Baby Bag

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი იდეალურად განსხვავებული წესით? - ნუცა სურგულაძის რეცეპტი

როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი იდეალურად განსხვავებული წესით? - ნუცა სურგულაძის რეცეპტი

მასტერშეფის გამარჯვებულმა ნუცა სურგულაძემ სააღდგომო კვერცხის იდეალურად შეღებვისთვის საჭირო წესები გაგვაცნო:

„სააღდგომო წითელი კვერცხებისთვის დაგვჭირდება ცოტა განსხვავებული ინგრედიენტი. ეს არის ენდროს ფხვნილი. ამას ვიყენებ ენდროს მაგივრად, რადგან უფრო მარტივად და სწრაფად მზადდება. მას 100 %-იანი შედეგი აქვს. ენდროს ფხვნილის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ სუპერმარკეტში. ასევე ვიყენებ ნაჭუჭისგან და გარსისგან გათავისუფლებულ ენდროს, ძმარს და სოფლის კვერცხს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი კვერცხიც. დაგვჭირდება ზეთი და ბამბა, რომ გაპრიალდეს ჩვენი კვერცხი. გამოვიყენოთ ხელთათმანები, რომ წითელი ხელები არ გვქონდეს.

გავრეცხოთ კარგად ოთახის ტემპერატურაზე გაჩერებული კვერცხი. აუცილებელია კვერცხი გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ არ გაგვისკდეს. კვერცხის გარეცხვა აუცილებელია, რომ არ იყოს უსწორმასწოროდ შეღებილი. წყალი უნდა გავათბოთ, არ უნდა იყოს ადუღებამდე მისული. ცოტა ბუშტუკები რომ წამოვა, შეგვიძლია ჩავამატოთ ძმარი. ჩავაწყოთ კვერცხი ფაქიზად. მე გირჩევთ, რომ კვერცხი გააჩეროთ 9-10 წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში, რომ არ იყოს გადახარშული. დავაცადოთ კვერცხს მოხარშვა. ამასობაში კი მოვამზადოთ განსხვავებული საღებავი.

გავათბოთ წყალი. ჯამში გადავიტანოთ ერთი ჩაის კოვზი ენდროს ფხვნილი. ფხვნილი გავხსნათ 50 მილილიტრ ძმარში. ძმრის და ენდროს ფხვნილის ნაზავში ჩავამატოთ ნელ-თბილი წყალი. დაახლოებით 2 ლიტრა წყალი გვჭირდება იმისთვის, რომ კვერცხი იდეალურად დაიფაროს. ეს ნაზავი 50 კვერცხსაც კი ჰყოფნის. საღებავი უნდა გამოვიდეს მუქი ფერის. მთავარია, რომ იყოს თბილი. მოხარშული კვერცხი ქვაბიდან გადავიტანოთ ენდროიან წყალში. კვერცხი ბოლომდე უნდა დაიფაროს. კვერცხი საღებავში გავაჩეროთ 5-10 წუთის განმავლობაში. როგორც კი მიიღებს კარგ პიგმენტს, ამოვიღოთ, გადავუსვათ ზეთი ბამბით, შევამშრალოთ და მზად არის,“- სააღდგომო კვერცხის შეღებვის წესებზე ნუცა სურგულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად