ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მშობლებს სხვადასხვა ასაკში ბავშვისთვის საკვების სახით აუცილებლად მისაღები ენერგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა:
„რამდენი ენერგია სჭირდება ბავშვს, იმისთვის, რომ მისმა ორგანიზმმა სრულფასოვნად იმუშაოს? ეს ყველა ასაკში არის განსხვავებული. საერთაშორისო რეკომენდაციები დაჯგუფდა ასაკობრივი ნიშნით. ასაკობრივი ჯგუფები არის 2-4 წლამდე, 5-8 წლამდე, 9-13 წლამდე და 14-18 წლამდე ასაკი.
საკვებით მიღებული ენერგია (კკალ)
ასაკი | გოგონები | ვაჟები | ||
2-4 წ. | 1000-1400 | 1000-1600 | ||
5-8 წ. | 1200-1800 | 1200-2000 | ||
9-13 წ. | 1400-2200 | 1600-2600 | ||
14-18 წ. | 1800-2400 | 2000-3200 |
გოგონებისა და ვაჟების მოთხოვნილება ენერგიაზე განსხვავებულია. უნდა გავითვალისწინოთ, როგორია ბავშვის ზრდის ტემპი. ზოგიერთი უფრო სწრაფად იზრდება და იმატებს პარამეტრებში. ზოგიერთი კი უფრო ნელა მიჰყვება. ასეთ შემთხვევაში მონაცემები განსხვავებულია. მნიშვნელოვანია, როგორია ბავშვის აქტივობის დონე. ზოგიერთ ბავშვს არ უყვარს ფიზიკური აქტივობა, ზოგიერთი ძალიან სპორტულია. ასაკთან ერთად სქესის მიუხედავად ენერგეტიკული მოთხოვნილება იზრდება. ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში ვაჟების მოთხოვნილება ენერგიაზე აღემატება გოგონების მოთხოვნილებას. მშობელს არ ევალება, რომ ყოველდღიურად დაითვალოს რამდენი კალორია მისცა ბავშვს ყოველდღიურად. ეს ძნელი დასათვლელია. როდესაც კერძს მოამზადებთ, ეს პრინციპი ულუფის ზომის მიხედვით შეგიძლიათ დაიცვათ. შესაძლოა, ვაჟის ულუფა იყოს ცოტა უფრო მეტი, ვიდრე არის გოგონასი. მინდა, ეს სწორად გაიგოს ყველა ადამიანმა, ვინც ამას უფლედამცველის პოზიციიდან ისმენს. არავითარ შემთხვევაში ეს არ ემსახურება ვინმეს უფლების შელახვას. არც აკნინებს გოგონას სქესობრივი ნიშნით. ჩვენ ვლაპარაკობთ ფიზიოლოგიურ კანონზომიერებაზე, რომელიც გვეუბნება, რომ ბიჭმა შეიძლება უფრო დიდი ულუფა მიირთვას, ვიდრე მიირთმევს გოგონა. ეს არის ლოგიკური გამჟღავნება იმ პროცესებისა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიდის,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.