Baby Bag

„მარცვლეულ-ბურღულეულის და პარკოსნების მომზადებისას საჭიროა მათი ჩალბობა,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

„მარცვლეულ-ბურღულეულის და პარკოსნების მომზადებისას საჭიროა მათი ჩალბობა,“- ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ მარცვლეულისა და ბურღულეულის სწორად მომზადების წესებზე ისაუბრა:

„როდესაც პროდუქტს აწერია მომზადების წესი, იგულისხმება, რა ნაბიჯები უნდა გადავდგვათ ისე, რომ მივიღოთ მზა პროდუქტი. მეორე საკითხია, რა იცის თანამედროვე მედიცინამ. თანამედროვე მედიცინამ იცის, რომ ძალიან ბევრ ძალიან კარგ საკვებ პროდუქტში არის საკვები ნივთიერებებიც და მათი საწინააღმდეგო ნივთიერებებიც. ამას ჰქვია ნუტრიენტები და ანტინუტრიენტებიც. შვრია არის სწორედ ასეთი პროდუქტი, რომელშიც არის საკვები ნივთიერებები, რომელიც ძალიან გვჭირდება და არის მათი საწინააღმდეგო მოქმედების ნივთიერებებიც.

ლობიოში არის ჩვენ რომ ძალიან გვჭირდება - ცილა, ჩვენ რომ ძალიან გვჭირდება - რკინა, მაგრამ არის ფიტინის მჟავა, რომელიც მისი შეწოვის პროცესს აფერხებს. წარმოუდგენელია თითქოს, მაგრამ ასეთი რამ ხდება ბუნებრივად საკვებ პროდუქტებში.

დღეს მივიდნენ დასკვნამდე, რომ მარცვლეულ-ბურღულეულის და პარკოსნების მომზადებისას საჭიროა მათი ჩალბობა. ბევრად უფრო უკეთესი გადაწყვეტილება იქნება მათი ჩალბობა. ლობიო ჩავალბოთ წყალში, ის გადავღვაროთ და ამ ნივთიერებების მოცილების შემდეგ გამოვიყენოთ. მარცვლეულ-ბურღულეულის შემთხვევაშიც ჩალბობის ეფექტი უკეთესია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ წანდილისთვის, კორკოტისთვის ხორბლის ჩალბობაზე. ჩვენ შეგვიძლია ამ მდგომარეობამდე ხორბალი მივიყვანოთ ხანგრძლივი დუღილითაც, მაგრამ ბევრად უკეთესია მისი ჩალბობის პროცესის გამოყენება, როგორც უსაფრთხოების ზომის,“- მოცემულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად