Baby Bag

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შევიძინოთ თუ არა თევზი ზაფხულში? - შეფ-მზარეულ ნუცა ბაიაძის რეკომენდაციები

შეფ-მზარეულმა ნუცა ბაიაძემ თევზის შეძენისას აუცილებლად გასათვალისწინებელ წესებზე ისაუბრა:

„როდესაც თევზები იწყებენ ქვირითობას, ეს არის დაახლოებით 4 თვე: მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო. არსებობს მოსაზრება, რომ ვაცადოთ თევზებს ეს პერიოდი და შემდეგ შევიძინოთ, მაგრამ ეს მითია და არ არის დამტკიცებული კვლევებით.

თევზის შერჩევის რამოდენიმე კრიტერიუმი არსებობს: პირველი კრიტერიუმი არის სუნი, თევზს უნდა ჰქონდეს ნეიტრალური და სასიამოვნო ზღვის სუნი. ცოტა უსიამოვნო არომატი პირველი ნიშანია იმისა, რომ თევზი გაფუჭებას იწყებს. როდესაც თევზს ზედაპირზე მსუბუქად დავაწვებით, ის საწყის ფორმას ისევ უნდა დაუბრუნდეს. თუ მთლიან თევზს ვყიდულობთ, თვალები არ უნდა ჰქონდეს დაბინდული. ეს აუცილებელია. ეს იმის ნიშანია, რომ თევზი დაავადებული და გაფუჭებულია. თუ ფილეს ვყიდულობთ, ეს ნაჭერი უნდა იყოს განცალკევებით, მშრალ, ცივ ადგილას. სასურველია მოთავსებული იყოს ყინულიან ზედაპირზე.

შეიცვალა წესები და დამოკიდებულება გაყინული თევზის მიმართ. ადრე ყველას ეგონა, რომ გაფუჭების ზღვარზე მისულ თევზს ყინავდნენ. ეს მიდგომები შეიცვალა. ახლა არსებობს თევზის დაჭერიდან მალე საკმაოდ ღრმა და სწრაფი გაყინვა. თევზს როგორც კი დაიჭერენ, მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ღრმა ყინვით გაყინავენ. მომზადებისას ის თითქმის ახალი თევზის იდენტურია. შეფუთვაზეც აქვს შესაბამისი წარწერა, როდესაც ახალდაჭერილი თევზი არის გაყინული,“- მოცემულ საკითხზე ნუცა ბაიაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ბავშვის კვების დროს ეკრანის გამოყენებით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ ბავშვის ქცევას,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა მშობლების მხრიდან ბავშვის გამოკვების მიზნით ეკრანის გამოყენების მავნე ჩვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, სჯობს ბავშვი გარკვეულ ეტაპზე მშიერი დარჩეს და საკვები მოგვიანებით მოითხოვოს, ვიდრე კვების პროცესში ეკრანი გამოვიყენოთ:

„მე ძალიან კარგად მესმის მშობლების, მესმის მათი დაკავებულობის ხარისხის, მაგრამ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, ორ წლამდე კატეგორიულად ავკრძალოთ ეკრანთან დამოკიდებულება. ბავშვს ლამაზად გავუფორმოთ საკვები, შევცვალოთ ჭურჭელი, დავალაგოთ მაგიდაზე სხვადასხვა ტიპის ფაფა, ბოსტნეული ლამაზად გაფორმებული.

მე მირჩევნია ხშირ შემთხვევაში ბავშვი იყოს იმ პერიოდისთვის მშიერი. ბავშვი დიდხანს მშიერი არ დარჩება. ის აუცილებლად შეჭამს. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ამ დროს მივაწოდოთ სრული ულუფა და ამისთვის ვიყენებთ ყველანაირ წესს. ამით ჩვენ დათვურ სამსახურს ვუწევთ მის ქცევას და გამოვიწვევთ ქცევით დევიაციებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად