Baby Bag

რა არის ნიტრატი და შეგვიძლია თუ არა ნიტრატებიანი პროდუქტის ამოცნობა? - აგრონომი თამარ ოთხმეზური

აგრონომმა თამარ ოთხმეზურმა ნიტრატების შესახებ ისაუბრა და განმარტა, როგორ ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში:

„ნიტრატი არის ელემენტი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის. ყველა ბოსტნეულსა და ხილში არის რაღაც დოზით ნიტრატების შემცველობა. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ წარმოების პროცესში შევიტანეთ ზედმეტი სასუქი, უმეტესად ეს არის აზოტოვანი სასუქები, მცენარე ამას იღებს, აგროვებს ზედმეტი რაოდენობით და მერე უკვე ეს გადმოდის ჩვენს საკვებ ჯაჭვში. ძირითადად ბოსტნეული უფრო გამოკვეთილად მდიდარია ნიტრატებით, ასევე არის მწვანილები, სალათი, საზამთრო.

არ მგონია სწორი, რომ თუ კარგად გამოიყურება პროდუქტი და დიდი ზომისაა, ნიტრატებით არის სავსე. პროდუქტი როდესაც დევს დახლზე, იქ ჩვენ ნიტრატს ვერ დავინახავთ.  როდესაც ვართ ნაკვეთში, შევდივართ და ვნახულობთ მცენარე როგორ არის, იქ შეგვიძლია შევატყოთ აქვს თუ არა ზედოზირება ნიტრატების. ნიტრატი მოდის აზოტისგან, მისგან წამოსული ელემენტია. აზოტი ძალიან ხელმისაწვდომია ფერმერისთვის. შედარებით უფრო ეკონომიურადაც შეუძლია შეიძინოს, ფერმერს უფრო მეტი ცოდნა აქვს აზოტის შესახებ. ფერმერმა მცენარესთან სხვადასხვა სასუქები უნდა შეიტანოს და არ არის მარტო აზოტი. არის კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ბორი.

როდესაც პროდუქტს ბაზარში ვყიდულობთ, აუცილებელია, რომ ის კარგად გავრეცხოთ. თუმცა გარეცხვა ნიტრატებთან არაფერ შუაში არ არის. ნიტრატები პროდუქტში არის შიგნიდან. აქ ფერმერების განათლება მნიშვნელოვანია, რომ მან დაიწყოს უფრო გონიერი მიდგომა და მცენარის კვება დააბალანსოს. როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბალანსირებული კვება, ასევე სჭირდება მცენარეს და მარტო აზოტის შეტანა არ არის სწორი,“- მოცემულ საკითხზე თამარ ოთხმეზურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნიუ ჰოსპიტალსში“ გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება ნაყოფის დონეზეა შესაძლებელი - სასარგებლო ინფორმაცია მომავალი მშობლებისთვის

„ნიუ ჰოსპიტალსში“ გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება ნაყოფის დონეზეა შესაძლებელი - სასარგებლო ინფორმაცია მომავალი მშობლებისთვის

გულის თანდაყოლილი პათოლოგიები გულის სტრუქტურის დარღვევაა, რომლითაც ბავშვი იბადება. მისი ჩამოყალიბება ძირითადად ორსულობის პირველი 6-8 კვირის განმავლობაში ხდება. გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებულების 20%-25%-ს ინტერვენციული ან ქირურგიული ჩარევა სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში სჭირდებათ.

თემის ირგვლივ ​MOMSEDU.GE-ს რესპონდენტი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსი კარდიოლოგი ეკატერინე კაპანაძეა.

- რა შეიძლება იყოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების გამომწვევი მიზეზი?

ეკატერინე კაპანაძე: „გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ჩამოყალიბება ორსულობის პირველ კვირებში ხდება, ამდენად, რაიმე ზეგავლენას ამ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ორსულობის დაგეგმვისას მშობლებმა აუცილებლად უნდა აკრძალონ მავნე ჩვევები, უშუალოდ ორსულობის პერიოდში კი, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს თუნდაც მედიკამენტების მიღებისას, ნაყოფში გულის თანდაყოლილი მანკის განვითარება აკნეს სამკურნალო პრეპარატმაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან, მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი, თუ რომელიმე მშობელს ჰქონდა გულის თანდაყოლილი მანკი, დედა მაღალი რისკის ორსულად ითვლება, შესაბამისად, საჭიროა მისი გამოკვლევა - მანკის გამორიცხვა ან დადგენა ორსულობის პერიოდში.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება ნაყოფის დონეზეა შესაძლებელი. კვლევა ორსულობის 16-18 კვირიდან ტარდება და პათოლოგიის დროული და სწორი მართვისთვისაა აუცილებელი.

- რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

ეკატერინე კაპანაძე: „გამოვლენა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და მანკის სახეობაზე. მრავალი სახეობა არსებობს და შესაბამისად სიმპტომატიკა ძალიან განსხვავდება. მაგალითად, ჩვილობის ასაკში საყურადღებოა წონაში ნამატი და კვების პროცესის გახანგრძლივება, ჭირვეულობა, აჭრელებული კანი, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია, ხშირი ავადობა სასუნთქი გზების ინფექციებით. უკვე მოზრდილ ასაკში, როდესაც ბავშვი ფიზიკურად მეტად იტვირთება, ძირითადად ვლინდება ადვილად დაღლით, შესაძლოა ახლდეს გონების კარგვა, შეშუპება. ზოგჯერ ისეთი სიმპტომიც კი, როგორიც ყლაპვის გაძნელებაა, გულის თანდაყოლილ მანკზე მიგვითითებს. გართულებულ შემთხვევებში პათოლოგია შესაძლოა არამხოლოდ ბავშვთა ასაკში, არამედ მოზრდილობაშიც კი გამოვლინდეს.“

დიაგნოსტირებისთვის პირველადი კვლევის მეთოდები ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოსკოპიაა. ზოგ შემთხვევაში დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, მაგალითად: დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია.

- რა მეთოდებს იყენებთ გულის თანდაყოლილი პათოლოგიების სამკურნალოდ?

ეკატერინე კაპანაძე: „მკურნალობა მანკის სახეობიდან გამომდინარე ხდება. ორ მეთოდს გამოვყოფდი, ესაა ენდოვასკულური მკურნალობა, რაც სისხლძარღვიდან მკურნალობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ცენტრალური სისხლძარღვიდან კათეტერის შეყვანით, სპეციალური მასალით ხდება გარკვეულ ხვრელების, სადინარების დახურვა ან შევიწროებული სისხლძარღვის გაფართოება. შესაბამისად, ბავშვს განაკვეთი არ აქვს და მხოლოდ ერთი დღის გატარება უწევს კლინიკაში. რამდენიმე თვეში შესაძლოა, სპორტულ აქტივობასაც კი დაუბრუნდეს.

მეორე მეთოდი გახლავთ კარდიოქირურგიული ჩარევა, რომლის მრავალი სახეობა არსებობს. გულის თანდაყოლილი მანკის მარტივი ფორმის შემთხვევაში, ქირურგიული გზით შესაძლოა პაციენტი სრულად განიკურნოს, რთული მანკების დროს კი შეიძლება რამდენიმე რთული კარდიოქირურგიული ჩარევის ჩატარება გახდეს საჭირო

პაციენტთა ნაწილს მკურნალობა საერთოდ არ სჭირდება. არის შემთხვევები, როდესაც პრობლემა ზრდასთან ერთად თავისით გვარდება, მაგალითად, თუ პატარა კუნთოვანი ხვრელი ერთ-ერთ ძგიდეზეა, შესაძლოა, ზრდასთან ერთად თავისით შეხორცდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, იმისათვის რომ ბავშვს ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრება ჰქონდეს, მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და ექიმის ზედამხედველობა.

მაგალითად სჯობს კარდიოლოგიური კვლევა მანამდე დავგეგმოთ, სანამ პაციენტი სპორტით დაკავდება, ვიდრე შემდგომში პრობლემას გადავაწყდეთ. გამოვრიცხოთ პათოლოგიები და თამამად დავტვირთოთ შემდგომში

გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგია მაღალტექნოლოგიური დარგია, რომელსაც მუდმივი განვითარება სჭირდება.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ კი მუდმივად ზრუნავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ამასთან ერთად კვალიფიციურ ექიმთა გუნდს პროცესების ეფექტურად მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

R. 

წაიკითხეთ სრულად