Baby Bag

როგორი უნდა იყოს ზაფხულის ცხელი დღის კვების რაციონი? - ენდოკრინოლოგი სალომე კალანდაძე

ენდოკრინოლოგმა სალომე კალანდაძემ ზაფხულის კვების რაციონზე ისაუბრა და ის პროდუქტები დაასახელა, რომელთა მიღებისგან ზაფხულში თავი უნდა შევიკაოთ:

„პაციენტების უდიდესი რაოდენობა სახლს ისე ტოვებს, რომ მარტო ფინჯან ყავას იღებენ და ისე მიდიან, რაც აბსოლუტურად არასწორია. ძირითადად ასეთი ფრაზები მესმის: „დილით როდესაც ვდგები, არ მშია,“ „თუ შევჭამე, მთელი დღე ვჭამ.“ ამის მიზეზი, ვფიქრობ, რომ არის არასწორად შერჩეული საუზმე, სავარაუდოდ, მაღალკალორიული, მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი, მაგალითად, ჯემი, ხაჭაპური, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, რომლის მიღების შემდეგ მალე დგება შიმშილი. დილით გირჩევთ, რომ საუზმე იყოს მსუბუქი, თუნდაც შვრიის ფაფა ხილთან ერთად, პუდინგი, რომელიც მარტივად შეგვიძლია მოვამზადოთ, ბერძნული იოგურტის და ნუშის ნაზავი დარიჩინთან ერთად ძალიან გემრიელია.

სადილზე ისეთ საკვებზე გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ბოსტნეული არის იდეალური, კიტრი-პომიდვრის სალათა, ხილი ძალიან კარგია, ნაკლებად ცხიმიან ხორცსაც გირჩევთ. რა თქმა უნდა, შევამციროთ მაიონეზის ხმარება სალათებში. მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს.

ზაფხულში შევამციროთ კრემიანი საკვები, მალფუჭებადი საკვები, ცხიმიანი საკვები, შებოლილი საკვები, ძეხვი, შაშხი, სოსისები. მაქსიმალურად ვეცადოთ, მივიღოთ საქართველოში წარმოებული სეზონური ხილი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ წყლის რაოდენობა გავზარდოთ.

დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ურჩევენ ადამიანს კვების რეჟიმს. შესაძლოა, არც იყოს მოსახერხებელი 3-4 საათში ერთხელ კვება, მაგრამ როგორც მინიმუმ, 2 კვება უნდა იყოს დღის განმავლობაში და აუცილებლად სრულფასოვანი. საკვების მიღება უნდა იყოს კომფორტული საკუთარ თავთან. არ არის აუცილებელი, რომ ეს თავს დავაძალოთ,“ - მოცემულ საკითხზე სალომე კალანდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად