Baby Bag

„პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ“

„პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ“

პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიღება არ არის რეკომენდებული, რა არის ამის მიზეზი? - აღნიშნულ კითხვაზე ​Momsedu.ge​-ს ცნობილმა პედიატრმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, პატარებისთვის ძროხისა რძისა და მაწვნის მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული, რადგან ძროხის რძე ძალიან რთული მოსანელებელია:

„პატარებისთვის ძროხის რძისა და მაწვნის მიღება ნამდვილად არ არის რეკომენდებული. ძროხის რძე ძალიან რთული მოსანელებელია. მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებაც საკმარისია, რომ ის შეიცავს ცილა კაზეინს, რომელიც ძალიან რთულად გადასამუშავებელია. ხელოვნურ ნარევებში ეს ყველაფერი დამუშავებულია, ყველა ინგრედიენტი - ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი ბავშვის ასაკისთვის შესაფერისია. ძროხის რძეში კი ეს არ არის. ამიტომ ძროხის რძის მიცემას, მე რეკომენდაციას არ ვუწევ. 1 წლის ასაკიდან დიდი სიფრთხილით შეგვიძლია, მივცეთ ბავშვს ძროხის რძე. რაც შეეხება მაწონს, ამ პროდუქტის შეტანა ბავშვთა კვებაში ხდება დაახლოებით 11 თვიდან. მაწონი არაჩვეულებრივი პროდუქტია. დღესდღეობით ქართულ ბაზარზე ძალიან კარგი მაწვნებია, რომლებიც სპეციალურად ბავშვის კვებაზეა მორგებული, ფერმენტირებული მაწვნები, რომლებიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მოკროფლორის ჩამოყალიბებას,“ - აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა. 

არ დაგავიწყდეთ !!!

​MomsEdu.ge​-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

,,გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით" - ინფექციონისტი

რა პერიოდია გრიპის ვირუსისთვის სეზონური და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი - შვილი სახლში გამოკეტოს თუ პირიქით, არ მოარიდოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს - ამის შესახებ ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე გადაცემაში ,,დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.

​,,დედები ყოველთვის ჩივიან, რომ მათი შვილები ხშირად ავადობენ. საჭიროა ახსნა, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. ამ ვირუსებიდან, დღესდღეობით, პირველ ადგილზე არის გრიპის ვირუსი. გრიპის ვირუსის სეზონური პერიოდი არის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით. ასე არ არის, რომ ახლა ჩაივლის და დამთავრდება. ის გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

ეს გრიპის ის ვირუსია, რომელიც ბოლო წლებია, პანდემიამდეც და მის შემდეგაც ცირკულირებს. ასე რომ, ოჯახში მხოლოდ ბავშვი რომ ხდება ცუდად და მისი უფროსი წევრები არ ავადდებიან, ეს ნიშნავს, რომ მათ უკვე გადატანილი აქვთ ეს ინფექცია და ახლა ბავშვია ავად, რომელსაც არ უავადია ამ ვირუსით. გარკვეულწილად, ეს არის სახადი ინფექცია. ამ შტამს ერთხელ გადაიტანს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს. ვირუსებს რა ახასიათებს - დროთა განმავლობაში მოდიფიცირება. ახლა რომ ყველამ გადაიტანა და იმუნიტეტი გამოიმუშავა, ისევ უნდა მოხდეს მისი ცირკულირება. მას ერთი მიზანი აქვს - გამრავლდეს  გარემოში და მუდმივად იარსებოს. მოდიფიცირებული ვირუსი უკვე მძიმედ აღარ დააავადებს ბავშვს. ამიტომ, ის არ უნდა ჩავკეტოთ - ბაღშიც უნდა იაროს, სკოლაშიც უნდა იაროს, რომ შეხვდეს ვირუსი და გადაიტანოს. სოციალიზაცია, პლუს, ნიშნავს იმ მიკრობების, ვირუსების ცოდნასა და შესაბამისი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, რაც გარემოში კონკრეტულ ეტაპზე არსებობს", - აღნიშნავს ინფექციონისტი.

წყარო: ,,​დილა მშვიდობისა საქართველო"

წაიკითხეთ სრულად