Baby Bag

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს
კვების რაციონში სიახლის შეტანას ბავშვი ყოველთვის აღფრთოვანებით არ ​ხვდება. ასეთ შემთხვევაში მშობელი იძულებული ხდება ბავშვის დასაყოლიებლად სხვა და სხვა გზას მიმართოს: ზოგიერთი მათგანი შვილის დათანხმებას სასიამოვნო დაპირებებით ცდილობს, ზოგი მკაცრად მოითხოვს ბავშვისგან ახალი კერძის დაგემოვნებას, ზოგი კი შვილს საყვარელი ტკბილეულით უმასპინძლდება, რათა მისი „მოსყიდვა“ შეძლოს. ჩვენს სტატიაში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საინტერესო და სასარგებლო სტრატეგიებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნების სურვილს ზედმეტი საყვედურისა თუ დაყვავების გარეშე გაუჩენთ.

ახალი კერძი მაგიდის შუაგულში განათავსეთ, რათა მისი მირთმევა ყველამ შეძლოს

ახალი კერძი მხოლოდ ბავშვისთვის არ მოამზადოთ. ასე თქვენი შვილი ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლდება და იგრძნობს, რომ მისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას არავინ ელის. ის თავს გაცილებით თავისუფლად იგრძნობს, რადგან მიხვდება, რომ კერძი, რომელიც მაგიდის შუაგულში დევს მხოლოდ მისთვის არ არის განკუთვნილი. როდესაც ბავშვი იგრძნობს, რომ ახალი კერძის მირთმევას მას არავინ აიძულებს, ის უფრო მშვიდად და ინტერესიანად დააკვირდება უცნობ საკვებს. მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი ახალი კერძი დააგემოვნოს.

წინააღმდეგობებისთვის მზად უნდა იყოთ

თუ ბავშვი ახალი კერძის გასინჯვას გადაწყვეტს, ის მხოლოდ მცირე ულუფას დააგემოვნებს, რათა მისთვის უცნობი საკვების შესახებ მეტი გაიგოს. ნუ გექნებათ არარეალური მოლოდინები. შესაძლოა, ბავშვი თავდაპირველად მცირედით დაკმაყოფილდეს და ულუფის დამატება აღარ მოგთხოვოთ. კერძის პირველი დაგემოვნებისას, როგორც წესი, ბავშვები მხოლოდ ერთ კოვზ სოუსს ან ქათმის ხორცის მომცრო ნაჭერს სინჯავენ. ამაში საგანგაშო არაფერია. კვების პროცესისგან სიამოვნების მიღება დროში გაწელილი პროცესია. ბავშვს დრო სჭირდება, რათა ახალი კერძი შეიყვაროს და ის საკუთარი რაციონის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს, თუ საკვების მიღება არ სურს

ახალი საკვების დაგემოვნებისას ბავშვს, შესაძლოა, ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს. თუ ბავშვს კერძი არ მოეწონა, შეიძლება მისგან გათავისუფლება ნებისმიერი გზით სცადოს, რადგან, სავარაუდოდ, საკვების დაღეჭვას და გადაყლაპვას ვერ შეძლებს. ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის ყოველთვის თან იქონიოს ხელსახოცი, რომლის დახმარებითაც კერძისგან პირის გათავისუფლებას მარტივად შეძლებს, თან ისე, რომ მისი ქმედება სხვებისთვის გამაღიზიანებელი ან შემაწუხებელი არ იქნება. როდესაც ბავშვი მსგავს ვითარებაში სწორად მოქცევას ისწავლის, ის გაცილებით თავდაჯერებული გახდება და ახალი კერძის დაგემოვნებას, როგორც სახლში, ასევე მის გარეთაც, ნაკლებად შეუშინდება.

ბავშვს ახალი კერძის შესახებ მშრალი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ

ბავშვთან ახალი კერძის შესახებ ზედმეტად ბევრს ნუ ისაუბრებთ, ნურც მისი ღირსებების გამოკვეთას ეცდებით. თუ ბავშვს ქათმის ბულიონს ასინჯებთ, უთხარით, რომ ამ კერძის მოსამზადებლად ქათმის ხორცი და სანელებლები გამოიყენეთ. მსგავსი ტიპის განმარტება ბავშვისთვის სავსებით საკმარისია. ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მას პროტეინების მიღება ესაჭიროება და რომ ქათამი მისთვის ძალიან სასარგებლოა. ბავშვს ნურც თქვენს შრომას და გარჯას დააყვედრით, ნუ აიძულებთ მას ახალი კერძი თქვენი ხათრით მიირთვას. მსგავსი დამოკიდებულება მას მხოლოდ ეჭვებს უჩენს და კვების პროცესისადმი ნეგატიურად განაწყობს.

ბავშვს ძველი და ახალი კერძი ერთდროულად მიართვით

მცირეწლოვან ბავშვებს ან ძალიან ემოციურ მოზრდილებს ახალი კერძის დაგემოვნება ურთულდებათ, რადგან ისინი სხვა და სხვა არომატისა თუ გემოსადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ უჭირთ თავიანთ თეფშზე ახალი საკვების დანახვასთან შეგუება. თუ გსურთ თქვენი შვილი ახალმა კერძმა არ დააფრთხოს, კვების დაწყებამდე მისთვის საყვარელი საკვები თეფშით მიართვით, ხოლო ახალი კერძი ძველთან ახლოს დადგით მაგიდაზე. ბავშვი თავად გადაწყვეტს უნდა თუ არა მისი დაგემოვნება. არჩევანის შესაძლებლობა მას ახალი კერძისადმი გაცილებით დადებითად განაწყობს.

ზრდასრულ ადამიანებს კვების პროცესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ. ისინი კარგად ხვდებიან, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ ახალი კერძის დაგემოვნებისას, რადგან მასში შემავალ ინგრედიენტებს კარგად იცნობენ, ან მათ შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაინც აქვთ. ბავშვებისთვის კი ბევრი რამ აბსოლუტურად ამოუცნობი და ბუნდოვანია. ისინი ნებისმიერ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებენ. შეუქმენით მათ მაქსიმალურად მეგობრული და კომფორტული გარემო, რათა ახალი კერძის დაგემოვნებისას თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ჯანსაღი მიდგომებითა და სწორი დამოკიდებულებით ბავშვის კვების რაციონის გამრავალფეროვნებას ძალიან მარტივად შეძლებთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

​როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს ჯანსაღი კვების ჩვევა?

​როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს ჯანსაღი კვების ჩვევა?

მშობლად ყოფნა უამრავ სასიამოვნო მომენტთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას მოიცავს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვებში ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაზე ზრუნვაა. საკვები, რომელსაც ბავშვი პატარა ასაკიდანვე მიირთმევს, შემდგომში გადამწყვეტ როლს ასრულებს მისი ფიზიკური, მენტალური ჯანმრთელობისა და კოგნიტიური ფუნქციების ჩამოყალიბებაში.

ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ბავშვებში მეტად სერიოზული საკითხია. შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილების გარდა, საკვები ნივთიერებები, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმი იღებს, პირდაპირ აისახება ფიზიკურ ზრდაზე, ტვინის განვითარებასა და იმუნურ ფუნქციაზე. მაგალითად, თუ მოზარდი ინტენსიურად მიირთმევს გადამუშავებულ, შაქრიან საკვებს და არაჯანსაღ ცხიმებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადებები. ამიტომ, ბავშვის დღიური რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი ტიპის საკვებ პროდუქტებს: ხი​ლი, ბოსტნეული, ხორცი, მარცვლე​ული, ბურღულეული, თხი​ლეული. სწორედ დაბალანსებული კვების რაციონიდან ითვისებს მოზარდის ორგანიზმი აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს.

სტატიაში განხილულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება ბავშვებში ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებაში.

სამაგალითო ქცევა

​​
ყველა ბავშვისთვის მშობელი მისაბაძი მაგალითია. კვლევები აჩვენებს, რომ ის ბავშვები უფრო მარტივად ეჩვევიან ჯანსაღ კვებას, რომელთა მშობლებიც ასევე ჯანსაღად იკვებებიან. ამრიგად, ხილით, ბოსტნეულითა და ზოგადად, ნუტრიენტებით მდიდარი საოჯახო კერძების მომზადება ჯანსაღი ჩვევების ფორმირებაში წამყვან როლს თამაშობს. ისეთ მარტივ ქმედებებს, როგორებიცაა, ვაშლით ან სტაფილოთი წახემსება, შეუძლია დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს ბავშვზე.

163,000+ Healthy Eating Family Stock Photos, Pictures & Royalty-Free Images  - iStock | Healthy eating family overweight, Healthy eating family dinner

ბავშვების ჩართვა საჭმლის მომზადების პროცესში

ბავშვების ჩართვა საჭმლის მომზადების პროცესში არა მხოლოდ ასწავლით მათ ცხოვრებისეულ საბაზისო უნარებს, არამედ ხელს უწყობს ჯანსაღ კვებასთან პოზიტიური განწყობის ჩამოყალიბებას. ბავშვების დახმარება მომდევნო დღის კვების რაციონის დაგეგმვაში, სასურსათო საყიდლებში და მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად იწვევს ცნობისმოყვარეობას ჯანსაღი კვების მიმართულებით. შესაძლებელია წაახალისოთ და მისცეთ ასაკის შესაბამისი დავალებები, როგორებიცაა, ხილისა და ბოსტნეულის გარეცხვა, გახეხვა ან დაჭრა. საჭმლის ერთად მომზადება ახალისებს მზადების პროცესს, შედეგად კი პატარები განსაკუთრებული სიამოვნებით მიირთმევენ საკუთარი ხელით მომზადებულ კერძებს.

How to grocery shop with a toddler - LIFE WITH BOBUX | Bobux

მრავალფეროვანი არჩევანი

ბავშვთა კვებაში მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესია. ნაცნობი პროდუქტების პარალელურად, შესთავაზეთ ბავშვებს ახალი ინგრედიენტები და გემოები. სცადეთ რეცეპტები, რომლებიც შეიცავს ფერების, ტექსტურებისა და გემოების ნაზავს. ასევე ჩართეთ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც. ნება მიეცით აირჩიონ ის ხილი, ბოსტნეული ან სხვა ჯანსაღი საკვები, რომელსაც დღის განმავლობაში მიირთმევენ.

20 Fun, Healthy Snacks for Kids | Taste of Home

კვების პროცესი - სახალისო აქტივობა

ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის საკვები მიწოდებული იყოს სახალისო და კრეატიული გზით. იმისთვის, რომ ჯანსაღი კვება მიმზიდველი გახდეს, საჭმლის მომზადებისას მხიარული ელემენტების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, შესაძლებელია ნებისმიერი კერძი ბავშვის თვალისთვის მომხიბვლელად გაფორმდეს. დაჭერით ხილი და ბოსტ​ნეული სახალისო ფორმებად, შემდეგ კი მორთეთ მომზადებული კერძი.

school lunch boxes for kids with food in the form of funny faces - Your  Choice Nutrition

გახსოვდეთ, რომ ბავშვობაში ჩამოყალიბებულ გემოვნებასა და ჩვევებს დიდი როლი აქვს ზრდასრულ ასაკში ჯანსაღი კვების რუტინის ფორმირებაში. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩვევაში უნდა გადაიზარდოს, მოთმინებასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები პროცესის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

აღნიშნული ჯანსაღი პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარ​აგი“, რომელიც მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლ​ეულს, ბურღულეულს, ჩირეულს, თხილეულს, ხილსა და ბოსტნეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

R.​

წაიკითხეთ სრულად