Baby Bag

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს

თუ ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნება არ სურს
კვების რაციონში სიახლის შეტანას ბავშვი ყოველთვის აღფრთოვანებით არ ​ხვდება. ასეთ შემთხვევაში მშობელი იძულებული ხდება ბავშვის დასაყოლიებლად სხვა და სხვა გზას მიმართოს: ზოგიერთი მათგანი შვილის დათანხმებას სასიამოვნო დაპირებებით ცდილობს, ზოგი მკაცრად მოითხოვს ბავშვისგან ახალი კერძის დაგემოვნებას, ზოგი კი შვილს საყვარელი ტკბილეულით უმასპინძლდება, რათა მისი „მოსყიდვა“ შეძლოს. ჩვენს სტატიაში აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საინტერესო და სასარგებლო სტრატეგიებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ბავშვს ახალი საკვების დაგემოვნების სურვილს ზედმეტი საყვედურისა თუ დაყვავების გარეშე გაუჩენთ.

ახალი კერძი მაგიდის შუაგულში განათავსეთ, რათა მისი მირთმევა ყველამ შეძლოს

ახალი კერძი მხოლოდ ბავშვისთვის არ მოამზადოთ. ასე თქვენი შვილი ზედმეტი წნეხისგან გათავისუფლდება და იგრძნობს, რომ მისგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას არავინ ელის. ის თავს გაცილებით თავისუფლად იგრძნობს, რადგან მიხვდება, რომ კერძი, რომელიც მაგიდის შუაგულში დევს მხოლოდ მისთვის არ არის განკუთვნილი. როდესაც ბავშვი იგრძნობს, რომ ახალი კერძის მირთმევას მას არავინ აიძულებს, ის უფრო მშვიდად და ინტერესიანად დააკვირდება უცნობ საკვებს. მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი ახალი კერძი დააგემოვნოს.

წინააღმდეგობებისთვის მზად უნდა იყოთ

თუ ბავშვი ახალი კერძის გასინჯვას გადაწყვეტს, ის მხოლოდ მცირე ულუფას დააგემოვნებს, რათა მისთვის უცნობი საკვების შესახებ მეტი გაიგოს. ნუ გექნებათ არარეალური მოლოდინები. შესაძლოა, ბავშვი თავდაპირველად მცირედით დაკმაყოფილდეს და ულუფის დამატება აღარ მოგთხოვოთ. კერძის პირველი დაგემოვნებისას, როგორც წესი, ბავშვები მხოლოდ ერთ კოვზ სოუსს ან ქათმის ხორცის მომცრო ნაჭერს სინჯავენ. ამაში საგანგაშო არაფერია. კვების პროცესისგან სიამოვნების მიღება დროში გაწელილი პროცესია. ბავშვს დრო სჭირდება, რათა ახალი კერძი შეიყვაროს და ის საკუთარი რაციონის განუყოფელ ნაწილად აქციოს.

ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს, თუ საკვების მიღება არ სურს

ახალი საკვების დაგემოვნებისას ბავშვს, შესაძლოა, ძალიან უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს. თუ ბავშვს კერძი არ მოეწონა, შეიძლება მისგან გათავისუფლება ნებისმიერი გზით სცადოს, რადგან, სავარაუდოდ, საკვების დაღეჭვას და გადაყლაპვას ვერ შეძლებს. ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მსგავსი შემთხვევებისთვის ყოველთვის თან იქონიოს ხელსახოცი, რომლის დახმარებითაც კერძისგან პირის გათავისუფლებას მარტივად შეძლებს, თან ისე, რომ მისი ქმედება სხვებისთვის გამაღიზიანებელი ან შემაწუხებელი არ იქნება. როდესაც ბავშვი მსგავს ვითარებაში სწორად მოქცევას ისწავლის, ის გაცილებით თავდაჯერებული გახდება და ახალი კერძის დაგემოვნებას, როგორც სახლში, ასევე მის გარეთაც, ნაკლებად შეუშინდება.

ბავშვს ახალი კერძის შესახებ მშრალი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ

ბავშვთან ახალი კერძის შესახებ ზედმეტად ბევრს ნუ ისაუბრებთ, ნურც მისი ღირსებების გამოკვეთას ეცდებით. თუ ბავშვს ქათმის ბულიონს ასინჯებთ, უთხარით, რომ ამ კერძის მოსამზადებლად ქათმის ხორცი და სანელებლები გამოიყენეთ. მსგავსი ტიპის განმარტება ბავშვისთვის სავსებით საკმარისია. ნუ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ მას პროტეინების მიღება ესაჭიროება და რომ ქათამი მისთვის ძალიან სასარგებლოა. ბავშვს ნურც თქვენს შრომას და გარჯას დააყვედრით, ნუ აიძულებთ მას ახალი კერძი თქვენი ხათრით მიირთვას. მსგავსი დამოკიდებულება მას მხოლოდ ეჭვებს უჩენს და კვების პროცესისადმი ნეგატიურად განაწყობს.

ბავშვს ძველი და ახალი კერძი ერთდროულად მიართვით

მცირეწლოვან ბავშვებს ან ძალიან ემოციურ მოზრდილებს ახალი კერძის დაგემოვნება ურთულდებათ, რადგან ისინი სხვა და სხვა არომატისა თუ გემოსადმი ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ უჭირთ თავიანთ თეფშზე ახალი საკვების დანახვასთან შეგუება. თუ გსურთ თქვენი შვილი ახალმა კერძმა არ დააფრთხოს, კვების დაწყებამდე მისთვის საყვარელი საკვები თეფშით მიართვით, ხოლო ახალი კერძი ძველთან ახლოს დადგით მაგიდაზე. ბავშვი თავად გადაწყვეტს უნდა თუ არა მისი დაგემოვნება. არჩევანის შესაძლებლობა მას ახალი კერძისადმი გაცილებით დადებითად განაწყობს.

ზრდასრულ ადამიანებს კვების პროცესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ. ისინი კარგად ხვდებიან, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ ახალი კერძის დაგემოვნებისას, რადგან მასში შემავალ ინგრედიენტებს კარგად იცნობენ, ან მათ შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაინც აქვთ. ბავშვებისთვის კი ბევრი რამ აბსოლუტურად ამოუცნობი და ბუნდოვანია. ისინი ნებისმიერ სიახლეს ეჭვის თვალით უყურებენ. შეუქმენით მათ მაქსიმალურად მეგობრული და კომფორტული გარემო, რათა ახალი კერძის დაგემოვნებისას თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. ჯანსაღი მიდგომებითა და სწორი დამოკიდებულებით ბავშვის კვების რაციონის გამრავალფეროვნებას ძალიან მარტივად შეძლებთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, მთავარია როგორ ვაჭმევთ, ვასმევთ და ვაცმევთ,“ - ნანა ჩაჩუა

„რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, მთავარია როგორ ვაჭმევთ, ვასმევთ და ვაცმევთ,“ - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებიც მშობლებმა ბავშვთან ურთიერთობისას არ უნდა დაუშვან. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი დედიდან იწყება და სამყარო ბავშვთან სწორედ დედის დახმარებით შემოდის:

„ყველაფერი მშობლიდან იწყება და უკაცრავად მამებთან, ყველაფერი იწყება დედიდან. მამა, იზრუნე დედაზე! დედით შემოდის სამყარო ბავშვთან. პირველი დაბადება ბიოლოგიურია და ჭიპლარის გადაჭრით იწყება, მერე იწყება ის დაბადება, რომელსაც ფსიქოლოგიური დაბადება ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მიეცეს ძუძუთი კვება. დედის სხეულთან სიმბიოზური კავშირი ითხოვს კვლავ გაგრძელებას. სამყაროს მიმართ ნდობას ან უნდობლობას საფუძველი ორ წლამდე ასაკში ეყრება. შესაძლოა, დედა ვერ აწოვებდეს ძუძუს ბავშვს, არ გავიტეხოთ გული.“

​ნანა ჩაჩუამ აღნიშნა, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ღიმილიანი სახე რაც შეიძლება ხშირად უნდა გვქონდეს:

„რით ვკვებავთ ბავშვს, ეს კი არ არის მთავარი, ​მთავარია როგორ ვაჭმევთ, ვასმევთ, ვაცმევთ ბავშვს. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სულ უნდა გვქონდეს ღიმილიანი სახე. ღიმილი არის ისეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში, იცოდეთ, მსგავსი არაფერი აქვს სამყაროს, არაფერია ღიმილზე უფრო მეტი. ღიმილი ყოვლისმომცველია. ბავშვი რომ ძუძუთი იკვებება, ამ დროს მას ღიმილი უნდა. თუ ამას ვახერხებთ, აქ ეყრება საფუძველი სამყაროს მიმართ ნდობას. თუ ამას ვერ ვახერხებთ, არის უნდობლობა.“

ნანა ჩაჩუას თქმით, ორი წლის ასაკიდან ბავშვი ავტონომიურობისთვის ბრძოლას იწყებს, რაც ნორმალური განვითარების შემადგენელი ნაწილია:

„ორიდან სამ წლამდე არის ავტონომიურობისთვის ბრძოლა. ბავშვი კიდებს კოვზს ხელს, ამბობს, რომ თვითონ შეჭამს. მზრუნველი მშობელი, მზრუნველი ბებია ეუბნება: „არა, არ დაისვარო.“ ავტონომიურობა უნდა იყოს, თორემ მერე იქნება ვიღაცის სიტყვაზე დამოკიდებული, ჩამოგვიყალიბდება მორცხვობა. რამდენჯერ მიდიან ბავშვები ბავშვთა ცენტრებში და ზოგიერთი დედის კალთაზეა მიწეპებული. თუ ბავშვს ავტონომიურობის სურვილი არ აქვს, ის უკვე დაკვირვების ობიექტია.“

​ღიმილთან ერთად მთავარია, რომ ბავშვს სულ ველაპარაკოთ, ყველაფერი გავახმოვანოთ. ბავშვს ძალიან უნდა მინის ჭურჭელს ხელი მოჰკიდოს და ითამაშოს. ჩვენ უნდა ვუთხრათ: „ძალიან გინდა არა, რომ ამითი ითამაშო? მოგეწონა ხომ?“ ამით ჩვენ ვასწავლით მას ემოციების, განცდების სახელდებას. როგორ ვეუბნებით ბავშვს, რომ არ შეიძლება? ვეუბნებით: „არა, ეს არ შეიძლება.“ ვერბალური და ჟესტის ენა უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ხელისგული უნდა იყოს გაშლილი. ეს უნდა იყოს მტკიცედ, მკაფიოდ ნათქვამი. ბრძანება და დირექტივა ინტონაციაში არ უნდა იყოს. ინტონაცია არის უმთავრესი. შემდეგ ბავშვს ვუხსნით, რატომ არ შეიძლება: „ეს გატყდება.“ ამასთან ვთავაზობთ ალტერნატივას. არასდროს არ ავკრძალოთ ის, რისი ალტერნატივის უნარიც ჩვენ არ გვაქვს და არ ვართ მზად,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად