Baby Bag

გენმოდიფიცირებული საკვები ჩვილის რაციონში - როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის უსაფრთხო პროდუქტები

გენმოდიფიცირებული საკვები ჩვილის რაციონში - როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის უსაფრთხო პროდუქტები
ადამიანების უმრავლესობა გენმოდიფიცირებული პროდუქტებისადმი უარყოფითად არის განწყობილი, რადგან ითვლება, რომ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული ხელოვნური საკვები ჩვენი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენს სტატიაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოგაწვდით, გარდა ამისა გაგაცნობთ რეკომენდაციებს, რომელთა დახმარებით ჩვილი ბავშვისთვის უსაფრთხო საკვების შერჩევას მარტივად შეძლებთ.

დიდი ხანია, რაც აკრონიმი „გმო“ უცხო არავისთვისაა, რადგან მსგავს წარწერას უამრავი საკვები პროდუქტის შეფუთვაზე ვხვდებით. მწარმოებლები ცდილობენ მაქსიმალურად დაიზღვიონ თავი გენმოდიფიცირებული პროდუქტების წარმოებისგან, რადგან ადამიანები მსგავსი საკვების მიღებისგან თავს იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ გენმოდიფიცირებული საკვები ყველას აშინებს, ადამიანთა უმეტესობა მის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობს. გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები გულისხმობს სპეციალური ტექნიკების გამოყენებით ხელოვნურად გარდაქმნილ და წარმოებულ ისეთ პროდუქტს, რომლის მსგავსი ბუნებაში არ მოიპოვება.
საკვები პროდუქტების გენმოდიფიცირება გარკვეულ მიზნებს ემსახურება. ხელოვნურად წარმოებული პროდუქცია მწერებისა და გარეგანი დაზიანებებისადმი უფრო მეტი გამძლეობით გამოირჩევა, ის მალფუჭებადი არ არის და მისი მწარმოებლების თქმით, ბუნებრივ პროდუქტებთან შედარებით უფრო ჯანსაღიცაა. აღნიშნული მიზეზების გამო ამერიკული წარმოების გადამუშავებული პროდუქტის 80% გენმოდიფიცირებულია.
არის თუ არა საზიანო გენმოდიფიცირებული პროდუქტი ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის?
გენმოდიფიცირებული საკვების გვერდითი ეფექტებისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო თვისებების შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს. გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების მწარმოებლების თქმით, ბაზარზე გატანამდე პროდუქცია სიღრმისეულ შემოწმებას გადის და მისი საკვებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. უკვე თითქმის 20 წელია, რაც გმო გადამუშავებულ პროდუქტებში ძალიან აქტიურად გამოიყენება, თუმცა ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მის რეგულარულ მომხმარებლებს ჯანმრთელობის გაუარესების ნიშნები არ აღენიშნებათ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც მეტი ნდობისკენ მოგვიწოდებს და გენმოდიფიცირებული საკვების უვნებლობის შესახებ შეხედულებას აბსოლუტურად იზიარებს.
ყველა გენმოდიფიცირებული საკვები ერთნაირი არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სახის პროდუქტის გენეტიკური მოდიფიცირება ხდება, ასევე მნიშვნელოვანია ის გზები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც მწარმოებელი გენეტიკურად მოდიფიცირებულ საკვებს აწარმოებს. მოდიფიცირების წესების დარღვევით წარმოებულ პროდუქტში ისეთი სახის ცილა წარმოიქმნება, რომელიც ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის სახიფათო ალერგენს წარმოადგენს. მსგავსი არასწორი მოდიფიკაციით ნაწარმოები პროდუქტი, რომელიც ბაზარზე გამოიტანეს იყო გენმოდიფიცირებული სოიოს მარცვალი, რომელიც ბრაზილიური თხილის გენის მატარებელი გახლდათ. აღნიშნული დარღვევის გამოვლენის შემდეგ მსგავსი ფორმით გენმოდიფიცირებული სოიოს მარცვლის წარმოება შეწყდა. ვიდრე გმო-ს შემცველი პროდუქტის კომერციულ ასპარეზზე გამოტანას დაიწყებენ, მწარმოებლები ვალდებულნი არიან ახალი პროდუქცია წლების მანძილზე სიღრმისეულად შეისწავლონ, რათა მის უვნებლობაში აბსოლუტურად დარწმუნებულები იყვნენ. გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, რომლებიც ცილის განსაკუთრებულ ნაირსახეობას შეიცავენ, ბავშვებისთვის სახიფათო ალერგენს წარმოადგენენ, სწორედ ამიტომ, ბავშვთა კვებაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს.
კვლევები გენმოდიფიცირებული პროდუქტების უვნებლობასთან დაკავშირებით
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის სამედიცინო ასოციაციისა და ეროვნული სამეცნიერო აკადემიის საერთო დასკვნით გენმოდიფიცირებული პროდუქტების მავნებლობის შესახებ სათანადო მტკიცებულებები არ მოგვეპოვება. მიუხედავად ამისა, ყველასთვის ცნობილია, რომ გმო-ს შემცველი საკვები არაბუნებრივი, ხელოვნურად მიღებული პროდუქტია, რომლის შექმნა გენების გარკვეული მანიპულაციების შედეგად ხდება. მსგავსი პროდუქტების ხშირი მიღება ადამიანის მიკრობიომაზე დიდ ზეგავლენას ახდენს და ნაწლავებში გავრცელებული ცუდი და კარგი მიკროორგანიზმების თანაფარდობასაც მნიშვნელოვნად ცვლის.
რეპროდუქციული ტოქსიკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორსული ქალბატონების სისხლში დიდი რაოდენობით BT ტოქსინი იქნა აღმოჩენილი. BT ტოქსინი ისეთი ბაქტერიაა, რომელიც მხოლოდ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებში გვხვდება. აღნიშნული ბაქტერია მწერებისთვის მომაკვდინებელ და მომწამვლელ ცილას შეიცავს და გმო-ს შემცველ პროდუქტებს დაზიანებისგან იცავს.
BT ტოქსინსა და გენმოდიფიცირებულ საკვებში შემავალ სხვა ჰერბიციდებს ან პესტიციდებს მუცლადმყოფი ბავშვის ან ჩვილის ნერვული სისტემისა და მიკრობიომის განვითარებაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს უკანასკნელი ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესში უმთავრეს როლს ასრულებს. მიკრობიომის ნორმალური ფუნქციონირება აუცილებელია ბავშვის ენდოკრინოლოგიური, იმუნური, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, ის ბავშვის ორგანიზმის საკვებისადმი ტოლერანტობისა და ალერგიულობის ხარისხსაც განსაზღვრავს.
როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ჩვილის საკვებში დამალული გმო?
ოფიციალური რეგულაციებით, გენეტიკურ მოდიფიცირებას შემდეგი საკვები კულტურები ექვემდებარება: სოიო, სიმინდი, პაპაია, კარტოფილი, ვაშლი, გოგრა და შაქრის ჭარხალი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გმოს შემცველი საკვების მიღება ხორცპროდუქტებით კვებისასაც შეიძლება, მაგ. თუ ისეთი ცხოველის ან ფრინველის ხორცს მივირთმევთ, რომელიც გენმოდიფიცირებული მარცვლეულით იკვებებოდა. გადამუშავებული პროდუქტების უმრავლესობა გენმოდიფიცირებულ სოიოსა და სიმინდის ნაწარმს შეიცავს, გარდა ამისა, ძროხის რძეც (დიდი ნაწილი) გმო-ს შემცველ პროდუქტად მიიჩნევა, რადგან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოსაკვებადაც ძირითადად გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს იყენებენ.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ წესების სრული დაცვით წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტი ბავშვისთვის სერიოზული საფრთხის მომტანი ვერ იქნება. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ჩვილი ბავშვის რაციონში ისეთი გენმოდიფიცირებული პროდუქტების ჩართვას, როგორებიცაა სოიო, სიმინდი, შაქრის ჭარხალი და ყვითელი გოგრა. არ აქვს მნიშვნელობა ორგანული პროდუქტებით იკვებებით თუ შეძენილი საკვების ეტიკეტს საერთოდ არ ეცნობით, თანამედროვე სამყაროში გენმოდიფიცირებული საკვების მიღებისგან სრულად დაზღვეული ვერ იქნებით. მიუხედავად ამისა, ეცადეთ ბავშვთა კვებაში დიდი რაოდენობით ბუნებრივი პროდუქტები ჩართოთ, გადამუშავებულ საკვებს კი ერიდეთ. აუცილებლად გაეცანით გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებულ სიახლეებს და ბავშვისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საკვები პროდუქტის ეტიკეტი ყურადღებით წაიკითხეთ.
მომზადებულია ​parents.com-ის მიხედვით
ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ხშირად ამბობენ: ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ... ჩემი პასუხი არის: როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ძალიან ხშირად ამბობენ: ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ... ჩემი პასუხი არის: როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ჭარბწონიანობის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ხდება ხოლმე წონის მატება. ძალიან ხშირად მომმართავენ, ამბობენ: „ამდენი კილო არასდროს ვყოფილვარ,“ ჩემი პასუხი არის: „როდის იყავით ბოლოს ამ ასაკის?“ ყველა ასაკს აქვს თავისი მატება და პრინციპები, თუ როგორ მივუდგეთ ამას. ​არის გარკვეული ასაკი, როდესაც კვებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ წონა. გარკვეული ასაკის შემდგომ დგება მომენტი, როდესაც ფიზიკურ აქტივობას აქვს დიდი მნიშვნელობა.“

ლაშა უჩავას თქმით, ორგანიზმში მეტაბოლიზმი ყველაზე აქტიურია 15-35 წლის ასაკში:

„15-დან 35 წლამდე მეტაბოლური პროცესი მიმდინარეობს ყველაზე აქტიურად. ჩვენ თვითონაც მეტად აქტიურები ვართ, ამიტომ ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, თუ ზედმეტ კილოკალორიებს არ ვიღებთ, არ არის საჭირო. ამის ბალანსს აკეთებს ჩვენი ორგანიზმი. 35 წლის ზემოთ 45 წლამდე აუცილებელია ჩაერთოს გარკვეული ფიზიკური აქტივობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ფიტნეს დარბაზებში უნდა ვიაროთ. უბრალოდ ფეხით სიარული, სეირნობა ძალიან დადებით ეფექტებს გვაძლევს​. 45 წლის ზემოთ ფიზიკური დატვირთვა კიდევ მეტად უნდა გააქტიურდეს. ეს არამხოლოდ მეტაბოლურ პროცესებს ააქტიურებს ჩვენს ორგანიზმში, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის. იმისთვის, რომ არ განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიც არის ართროზები და ა.შ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“

„ქალბატონებმა დღის განმავლობაში უნდა მიიღონ დაახლოებით 1500-დან 2200 კილოკალორიამდე, მამაკაცებში ეს არის 1800-დან 2500 კილოკალორიამდე,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად