Baby Bag

რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი ჭამის დროს

რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი ჭამის დროს

რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი ჭამის დროს - აღნიშნულ თემაზე პედიატრი ნანა საპანაძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„როცა ჩვილი დედის ძუძუთი იკვებება, დედა-შვილს შორის წარმოქმნილი ურთიერთობანი სცილდება მარტივ კვებით მოთხოვნილებებს. მათ შორის წარმოიქმნება ნდობა, სითბო, მგრძნობიარე და ემოციური კავშირი.ძუძუთი კვების დროს, შიმშილთან ერთად იხსნება წარმოქმნილი დაძაბულობა. საკვები, შიმშილის გრძნობის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ერთად, ჩვილს სიამოვნებასაც ანიჭებს.

ერთი შეხედვით, კვება, რომელზეც დაბადებიდან ვფიქრობთ, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, შეიძლება მარტივ მექანიზმად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში იგი ძალიან რთული ფსიქოლოგიური პროცესია. ამიტომაც ის არ არის დაკავშირებული მხოლოდ შიმშილთან.

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო კვებასთან დაკავშირებულ, რამდენიმე, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან საკითხზე.

ძალიან ხშირად მშობლები, იმ მიზეზებით, რომ ბავშვი „არ ჭამს“, „ჭამს ძალიან ცუდად“, „თუ არ გაართე, არ შეჭამს“, თავიან პატარებს კვების პროცესში ან ტელევიზორთან სვამენ, ან მობილურ ტელეფონში ურთავენ მულტფილმებს და ასე აჭმევენ. ეს ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. ბავშვი არ ჭირვეულობს, ღებულობს საკვების სრულ ულუფას და ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს ასე არ არის.

ამ სიტუაციაში კი მიღებული საჭმლის რაოდენობა ხდება შეუმჩნეველი, და შემდგომში ტელევიზორის ყურებისას, ან რაიმე საქმიანობისას შესაძლებელია ბავშვს, მოზარდს, გაუჩნდეს სურვილი მიიღოს რაიმე საკვები. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენს ან რას შეჭამს, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად რაიმე გარკვეული საქმიანობის დროს ჩნდება კვების სურვილი, ეს კი კვებითი დარღვევების ერთ-ერთ ფორმას ქმნის, რომელსაც შეუმჩნეველი კვება ეწოდება და, საბოლოოდ, ეს პროცესი სრულდება წონის მომატებით.

როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი არ ჭამს, დავტოვოთ მშიერი და არ გავართოთ?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად ღებულობს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“? ტკბილეული ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები; თხილი, მიწის თხილი, ეს თითქოსდა უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას და ხელს უწყობს უმადობას. 

არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს.

ხანგრძლივი სეირნობისა და მოძრავი, ხმაურიანი თამაშის შემდეგ ჭამამდე მიზანშეწონილია მცირე პაუზა, დაასვენეთ ბავშვი ცოტა ხანს და შემდეგ შეუდექით კვებას.

მიეცით ბავშვს საშუალება, ჭამოს დამოუკიდებლად. 1 წლის ასაკიდან ბავშვები ცდილობენ, თავად დაიჭირონ კოვზი და ჭიქა და ჭამონ დამოუკიდებლად.

ამ ჩვევას წახალისება სჭირდება, ზოგიერთი დედა თვლის, რომ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი დარჩება მშიერი. ასე ნამდვილად არ იქნება, თუ თქვენ სწორად გააკონტროლებთ ჭამის პროცესს, ანუ როდესაც თქვენ აჭმევთ და პატარა იჩენს სურვილს იკვებოს დამოუკიდებლად, მასაც მიეცით კოვზი, დაე, მანაც მიირთვას დამოუკიდებლად. ასე, ერთობლივი ძალებით, ყოველგვარი სხვა გართობისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე თქვენ გაუმკლავდებით კვების პროცესს.

თავდაპირველად პატარა შეიძლება მოითხუპნოს, კვების პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ თუ ამ პერიოდში მოთმინება გვეყოფა, ბავშვი ისწავლის დამოუკიდებლად კვებას, ამ პროცესში მისი ყურადღება მიმართული იქნება უშუალოდ კვების პროცესისკენ და არა დამატებითი გართობისკენ.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი პატარასთან უმადობის ორგანული მიზეზი ანუ რაიმე დაავადების არსებობა პედიატრმა უნდა გამორიცხოს.

ხშირად წახალისების ერთ-ერთი ფორმაა ბავშვის დაჯილდოება ტკბილეულით, ან სულაც სწრაფი ობიექტის რომელიმე რესტორანში მიპატიჟება. თუ წახალისების ამ ფორმას შევხედავთ ზრდასრულის გადასახედიდან, იგი მარტივად მოსახერხებელი და იაფი საშუალებაა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბავშვობის განმავლობაში მიღებული წახალისებები იწყებს დამკვიდრებას და გარდაიქმნება ჩვევად. შეიძლება იკითხოთ, რა ჩვევა უნდა ჩამოუყალიბოს ბავშვს ამ უწყინარმა ქმედებამ.

სიამოვნების მიზნით კვება ხდება პიროვნების ცხოვრების თითქმის მთავარი ფოკუსი. ამჯობინებენ ცხიმიან და ტკბილ საკვებს. ყველას ჭირდება მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისაგან, მაგრამ ზოგიერთი უპირატესობას საკვების სასარგებლოდ აკეთებს.

კვება სტრესის დაძლევის მიზნით ნუგეშისა და გადაწყვეტილების მიღების ძებნაში, სტრესული და ემოციური დაძაბულობის დროს, ჩნდება ჭამის სურვილი. საკვები არის მარტივად ხელმისაწვდომი და სწრაფი მოსახმარებელი.

გამოცოცხლების მიზნით ფიზიკური ან ემოციური დაღლილობისას კვება ხდება აღნიშნული პრობლემის დაძლევის ერთადერთი გზა. განსაკუთრებით ცომიანი, ცხიმიანი და ტკბილი საკვები მწუხარებისა და დაღლილობისგან თავის დახსნის მთავარი გზა ხდება, თქვენი ორგანიზმი გრძნობს ერთგვარ გამოცოცხლებას.

ყოველივე ეს კი შემდგომში ჭარბი წონის და შედეგად, სხვადასხვა სერიოზული დაავადების მიზეზი ხდება.

რასაკვირველია, ბავშვი აუცილებლად უნდა წაახალისოთ, მაგრამ ეს ნუ იქნება საკვები. წახალისება სხვა ფორმითაც შეიძლება, მაგ, სათამაშო, წიგნი, გასეირნება - თქვენ უკეთესადაც შეგიძლიათ, შეარჩიოთ თქვენი შვილისთვის მოცემულ შემთხვევაში წახალისების ფორმა,“ - აღნიშნავს პედიატრი. 

წყარო: Dr. Tamar Obgaidze ბლოგი 

შეიძლება დაინტერესდეთ

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

გაჭედილები და მომხოცველები: როგორ გამოვიცნოთ, რა ტიპის ალერგია გვაწუხებს? - ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ალერგიისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავების წესებზე ისაუბრა:

„გაციება და ალერგია ერთმანეთისგან მარტივად განირჩევა. სეზონური ალერგიისთვის, ისევე როგორც ზედა სასუნთქი გზების რესპირაციული დაავადებისთვის, დამახასიათებელია ცხვირთან და თვალთან დაკავშირებული სიმპტომები. სეზონური ალერგიის სიმპტომები დიდხანს გრძელდება, იმიტომ, რომ არცერთი მცენარე არ ყვავილობს ერთი კვირა. გაციებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც ეს 10 დღეზე მეტხანს გრძელდება. ინფექციის დროს გამონადენი, რომელიც თავიდან გამჭვირვალეა, გაყვითლდება და შესქელდება. ალერგიის დროს ეს იშვიათად მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეაქცია. ალერგია და სიცხე ერთმანეთთან არ მეგობრობენ. თვალთან დაკავშირებული სიმპტომატიკა განსაკუთრებით სეზონურ ალერგიას ახასიათებს. თუ  მცენარეული მარცვალი ჰაერშია, ის თვალის ლორწოვანზეც ეწეპება. ადამიანებს ქვიშის შეგრძნება აქვთ თვალში. ამ დროს რაც უფრო იქავებს ადამიანი თვალს, ამწვავებს პრობლემას საკუთარი ხელით. დროული ჩარევა მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მერე მეორადი ინფიცირება ხდება.

„ჩვენ სალაღობო ტერმინსაც კი ვიყენებთ ხოლმე. ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს ორ ნაწილად ვყოფთ: გაჭედილები და მომხოცველები. მომხოცველები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მცენარის მიმართ გამოწვეული ალერგია. გაჭედილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ მთელი წელი ალერგია, ოთახის მტვერზე, ძაღლზე, კატაზე. ასე გამოიცნობა ხოლმე უხშირესად. თუმცა შესაძლებელია, სეზონური ალერგიის დროს იყოს ძლიერი გამონადენიც და გაჭედილობაც. ყველაზე რთული კატეგორიის არიან ადამიანები პოლისენსიბილიზაციით. ისინი ბევრ რამეზე სენსიტიურები და მგრძნობიარეები არიან. მათ შეიძლება მთელი წელიც ჰქონდეთ ალერგია და პარალელურად სეზონურადაც,“-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად