Baby Bag

კაკაო თქვენს პატარას კარგი განწყობით დამხუტავს საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ

კაკაო თქვენს პატარას კარგი განწყობით დამხუტავს საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ

„კაკაო - ღმერთების სასმელი ბავშვებისათვის. რატომაა სასარგებლო და რა ასაკიდან?“ - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ამბობენ , რომ აცტეკთა იმპერატორი მონტესუმა ოქროს თასით ყოველდღე მიირთმევდა ამ საოცარ მატონიზირებელ სასმელს, რომელსაც კაკაოს მოხალული მარცვლების, თაფლის და სანალებელებისაგან ამზადებდნენ და სამეფო სასმელად მიიჩნეოდა.

აცტეკებისა და მაიას ტომები მას ჩოკოატლს უწოდებდნენ და როგორც ჩანს, შოკოლადის ნათლიებიც სწორედ ისინი არიან.
კაკაოს ცხიმის კოსმეტიკური მიზნებით გამოყენება კი ამ ტომების ქალების სილამაზის საიდუმლო იყო.
მე-16 საუკუნეში კაკაოს მარცვლები ესპანელმა კონკისტადორებმა ჩაიტანეს ევროპაში. 1528 წელს ჰერნან კორტესმა ის პირადად გააცნო ესპანეთის სამეფო კარს და დაიწყო! მე-17 საუკუნეში კაკაო პრაქტიკულად მთელს ევროპაში გავრცელდა.

რატომ არის კაკაო სამეფო ნექტარი

ვეჭვობ, აცტეკებმა და მაიას ტომის ხალხებმა რაიმე იცოდნენ კაკაოს მარცვლების მდიდარი ვიტამინური და მინერალური შემადგენლობის შესახებ, თუმცა ეს სასმელი რომ მათ იმპერატორს კარგ გუნებაზე აყენებდა და ენერგიულს ხდიდა, ამას აუცილებლად შენიშნავდნენ.
კაკაოს მარცვლები მდიდარია B3, B6 PP,E ვიტამინებით, რომელიც დადაბითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მასში დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია , სპილენძი, კალციუმი, ორგანული მჟავები, სასარგებლო მცენარეული ცხიმები, რაც ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარებისთვისაა აუცილებელი. 

კაკაოს ცხიმი შედგება განსაკუთრებით სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებისაგან - მის შემადგენლობაშია ოლეინის, სტეარინის, პალმიტინის, ლინოლის მჟავები.
შეიცავს კოფეინის მსგავს ნივთიერებას - თეობრომინს, რასაც მატონიზებელი ეფექტი აქვს, თუმცა კოფეინთან შედარებით, რბილი მოქმედებისაა.

შევთავაზოთ თუ არა სამეფო სასმელი ბავშვებს?

დიახ! თუმცა ასაკობრივი შეზღუდვითა და სიფრთხილით თეობრომინის შემცველობისა და ალერგიული თვისებების გამო.
2 წლამდე ბავშვებისათვის კაკაო რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებულად ფრთხილად, თუ ბავშვი ალერგიულია - კაკაოს შემადგნელობაში დახლოებით 40 სახის არომატული ნივთიერება შედის, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
თავდაპირველად პატარას 1-2 ჩაის კოვზი მომზადებული კაკაო უნდა გაასინჯოთ.
ალერგიის არქონის შემთხვევაში კი დაიცავით ასეთი დოზირება:
2 წლიდან 50 მლ კვირაში 2-3-ჯერ, 6 წლიდან შეგიძლიათ 100-150 მლ კვირაში 4-ჯერ მისცეთ.
კაკაო დილის სასმელია. მისი მატონიზებელი ეფექტი თქვენს პატარას აუცილებლად დამხუტავს ექსტრაენერგიითა და კარგი განწყობით საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ.
ნუ მისცემთ კაკაოს საღამოს საათებში - თეობრომინმა შესაძლოა,ჩაძინების გაძნელება გამოიწვიოს.

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი კაკაო

აუცილებლად გაეცანით წარწერას შეფუთავზე. ყურადღება მიაქციეთ ვადას.
გახსოვდეთ მაღალი ხარისხის კაკაო ლითონის ყუთში 1 წელი ინარჩუნებს მაღალ ხარისხს, ქაღალდის და პლასტმასის შეფუთვაში კი 1,5 წელი.
ის აუცილებლად მშრალ, გრილ ადგილას უნდა ინახებოდეს.
კაკაოს ფხვნილი უნდა იყოს ერთგვაროვანი, წვრილი დაფქვის. მსხვილი დაფქვის კაკაო დაბალი ხარისხისაა.
არ უნდა შეიცავდეს შეწებებულ გორგლებს, რაც მის დაბალ ხარისხზე ან შენახვის, აგრეთვე ვადის დარღვევაზე მიუთითებს.
უნდა ჰქონდეს შოკოლადის სუნი.
ცხიმიანობა >15%.
არ უნდა შეიცავდეს არომატიზატორებს, გემოს გამაძლიერებლებს, სხვა დანამატებს.

აი, იდეა გემრიელი, მატონიზირებელი საუზმისათვის - კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით (რა თქმა უნდა, ალერგიის არქონის შემთხვევაში 2 წლიდან)

მასალა (გათვლილია 2-3 პორციაზე -100-150 მლ თითოეული):
1 ბანანი
300 მლ რძე
1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

გახსენით კაკაოს ფხვნილი ცოტა თბილ რძეში და ნელ-ნელა შეურიეთ ქვაბში ცხელ რძეს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი და ადუღეთ 3-4 წუთს. ურიეთ, რომ კაკაო და შვრიის ფანტელი თანაბრად განაწილდეს.
შეგრილებული, თბილი მასა ბლენდერში ადღვიბეთ ბანანთან და თაფლთან ერთად.

P.S. დედებო და ბებიებო, როგორც ყოველთვის, თქვენთვისაც მაქვს რჩევა - კაკაო არამარტო გემრიელი და სასარგებლო სასმელია, არამედ თქვენი კანის სილამაზესაც წაადგება.
აი, კაკაოს ეფექტური ნიღაბი ჯანმრთელი და ლამაზი კანისათვის.
შეურიეთ ერთმანეთს 1 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჩ.კოვზი თაფლი, 2 სუფრის სუფრის კოვზი არაჟანი, 2 სუფრის კოვზი დაფქვილი შვრია.
ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 20 წთ-ს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დატკბით კარგად დატენიანებული, გლუვი, გამოკვებილი კანით.“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად