Baby Bag

​რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან?

​რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან?

რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„დარწმუნებული ვარ, ბევრს გგონიათ, რომ მეძუძურ ქალს მკაცრი დიეტა სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ბებიები, მეზობლები, ნაცნობები, ყველა, ვისაც არ ეზარება, აუცილებლად მოგიწოდებენ, არ მიირთვა ბევრი რამ, პატარას რომ არ გამოაყაროს, მუცელი არ ეტკინოს, გაზებმა არ შეაწუხოს. ჰოდა, შენც მორიდებით მიუჯდები საახალწლო სუფრას და ნერწყვისყლაპვით შეჰყურებ სხვებს. დროც შეიცვალა და შეხედულებებიც. არა, სულაც არ მოგიწევს სუფრის განაპირას ჯდომა, ოღონდ მცირე შეზღუდვების გამოკლებით. 

მაშ, ასე, თუ პატარა ძუძუზე გყავს, გირჩევ, არ მიიღო:

სუნელებიანი საკვები;
უმი ხახვი;
ნივრისშემცევლი საკვები.

რატომ?

იმიტომ, რომ ამ პროდუქტების გემო აუცილებლად გადავა რძეში და პატარას საყვარელი საკვების სუნს ვერ იცნობს, ამიტომ მან შესაძლოა, უარი გითხრას კვებაზე.

არ დაივიწყო, შეზღუდო:

მაგარი ჩაი;
მაგარი ყავა;
კოლები.

მიზეზი მარტივია - ამ პროდუქტებში კოფეინია, რამაც შესაძლოა, თქვენი პაწაწინას აგზნება და უძილობა გამოიწვიოს.
კატეგორიულად უარი თქვი ალკოჰოლიან სასმელებსა და სიგარეტზე! ეს პროდუქტები გადადის რძეში და ბავშვის ნევროლოგიურ მოშლილობებს იწვევს.

მეძუძური ქალის კვება აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. მიირთვი საყვარელი კერძები, თავდაპირველად მცირე ულუფებით. თუკი რომელიმე პროდუქტზე ბავშვს გამონაყარი განუვითარდება ან ძლიერი ჭირვეულობა დაეწყება, აღნიშნული პროდუქტი აღარ მიიღო.
სულ ესაა!“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

სახე, მკლავი, მეტყველება - როგორ ამოვიცნოთ ინსულტი, რომ გადავარჩინოთ ადამიანი - თემაზე გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს. 

მისი თქმით, თუ ადამიანს ეცვლება სახე, ვერ იმორჩილებს მკლავს, ვერ საუბრობს - დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში:

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ. იმისათვის, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, ცხადია, დროულად უნდა ამოვიცნოთ ინსულტი და სწორედ, ამერიკაში შექმნილი აბრევიატურა FAST (face, arms, speech, time) გულისხმობს ინსულტის განვითარების ნიშნებს - ადამიანს ეცვლება სახე, მკლავს ვერ იმორჩილებს, ვერ საუბრობს და მეოთხე საწყისი ამ სიტყვისა(დრო) გახლავთ გადამწყვეტი. ოჯახის წევრმა, ქუჩაში გამვლელმა, კოლეგამ მაშინვე უნდა დარეკოს სასწრაფოში და პაციენტი დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი კლინიკაში, სადაც სიტუაციას მართავენ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. გაიდლაინებში, სასწრაფო დახმარების ექიმის დრო მნიშვნელოვნად შემჭიდროებულია, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ადგილზე მკურნალობის დაწყებაც არ არის რეკომენდებული.  თითოეული წუთი დაკავშირებულია რამდენიმე მილიონ ტვინის უჯრედის ფუნქციონირების გადარჩენასთან,'' - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად