Baby Bag

რატომ უნდა მივცეთ ბავშვს ინდაურის ხორცი და როგორ მოვამზადოთ ინდაურის ხორცის გემრიელი გუფთები

რატომ უნდა მივცეთ ბავშვს ინდაურის ხორცი და როგორ მოვამზადოთ ინდაურის ხორცის გემრიელი გუფთები

რატომ უნდა მივცეთ ბავშვს ინდაურის ხორცი და როგორ მოვამზადოთ ინდაურის ხორცის გემრიელი გუფთები, - აღნიშნულის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„აცტეკებთან სამუდამო ვალში ვართ. კარტოფილი, სიმინდი, გოგრა და კიდევ სხვა ბევრი ბოსტნეული ხომ მათი საჩუქარია. გაგიკვირდებთ და ინდაური სწორედ ის ფრინველია, რომელიც ევროპაში სამხრეთ ამერიკიდან მოხვდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამერიკის ნაპირებთან მიცურებულ ქრისტეფორე კოლუმბს თავი ინდოეთის სანაპიროსთან ეგონა, ვარაუდობენ, რომ ამ ფრინველსაც ბევრ ენაში, მათ შორის ქართულშიც, სწორედ ამიტომ შერჩა წარმოშობის მიმანიშნებელი ასეთი სახელი.

მისი ინგლისური დასახელება კი, სავარაუდოდ, აზიელ ვაჭრებთან უნდა იყოს დაკავშირებული (ოსმანთა იმპერია), სწორედ მათ გაავრცელეს ინდაური ევროპის ქვეყნებში კონსტანტინოპოლის გავლით, ამიტომაც ის ე.წ. თურქული ქათმის, Turkey- სახელითაა ცნობილი.

ინდაური განსაკუთრებული ფრინველია - საკმაოდ მომთხოვნი კარგი მოვლა-პატრონობის მიმართ, ვერ იტანს დახურულ სირცეს. მისი ზრდისათვის აუცილებლია გარეთ, სუფთა ჰაერზე გაყვანა, ხარისხიანი საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს ვიტამინებს. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ინდაურის ხორცი გაცილებით უფრო მდიდარი შემადგენლობისაა და სუფთაც, ვიდრე ქათმის ხორცი.

B ჯგუფის ვიტამინების საბადო

იშვიათად ნახავთ ხორცს, ასე უხვად რომ შეიცავდეს B ჯგუფის ვიტამინებს.
B 9 (ფოლიუმის მჟავა) და B12 ვიტამინი (ციანკობალამინი) სისხლწარმოქმნის პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ და ხელს უშლიან ანემიის განვითარებას.
B 4 ვიტამინი (ქოლინი) ლეციტინთან ერთად ცხიმების ცვლაში მონაწილეობს, ასევე არეგულირებს ინსულინის დონეს სისხლშიდა ხელს უწყობს ამინომჟავების სინთეზს.
ინდაურის ხორცი საკმაო რაოდენობის C ვიტამინსაც შეიცავს.

მინერალების წყარო

ინდაურის ხორცი დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდსა და გოგირდს შეიცავს. ამასთანავე, ფოსფორი მასში ისეთივე რაოდენობითაა, რაც ზოგიერთი თევზის ხორცში.
ინდაურის ხორცი მდიდარია თუთიით, ის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში შედის, რომლებიც ორგანიმში მიმდინარე ნივთიერებათ ცვლის რეაქციებში მონაწილეობენ. ეს რეაქციები კი ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას განსაზღვრავს.
სელენის მაღალი შემცველობის გამო ამ ხორცს ანტიოქსიდანტური თვისებებიც აქვს.
რკინის დიდი რაოდენობა კი რკინადეფიციტური ანემიისაგან დაცვას განაპირობებს.

განსაკუთრებული ცილა

ინდაურის ხორცის ცილა ადვილად ასათვისებელია, ამასთანავე შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისათვისა აუცილებელი, ორგანიზმში კი არ სინთეზირდება.
ცალკე უნდა გამოვყოთ ამინომჟავა ტრიფტოფანის მაღალი შემცველობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიოაქტიური ნივთიერების, სეროტონინის სინთეზთან. შეგახსენებთ, სწორედ სეროტონინია ჩვენი კარგი გუნება-განწყობის მფარველი.

დიეტური ხორცი

ინდაურის თეთრი ხორცი განსაკუთრებით სასარგებლოა პატარებისათვის. ის მცირე რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ამასთანავე ამ ცხიმის უდიდესი ნაწილი ადვილად ასათვისებელი და სასარგებლო უჯერი ცხიმებითაა წარმოდგნეილი.
პრაქტიკულად არ შეიცავს ქოლესტერინს და ალერგიულ ნივთიერებებს, ამიტომაც ინდაურის ხორცი ცნობილია, როგორც დიეტური, ჰიპოალერგიული პროდუქტი.
არ დაივიწყოთ საფრთხე - ინდაური, როგორც სხვა ფრინველები, შეიძლება იყოს სალმონელოზის გადამტანი, ამიტომ აუცილებელია მისი ხორცის სრულყოფილი თერმული დამუშავება.
ინდაურის ხორცის მიცემა 6 თვიდან შეგიძლიათ ბოსტნეულთან ერთად.

ბოსტნეულის სუპი ინდაურის ხორცის გუფთით 8-9 თვიდან

მასალა:

ინდაურის თეთრი ხორცი 100 გრ
რძე 20 მლ
თეთრი პური - 20 გ
1 კვერცხის გული
ხახვი 1 მომცრო თავი, ნიორი 1 კბილი
ბრინჯი - 1 ჩაის კოვზი
ოხრახური, კამა, მცირე ზომის სტაფილო, კარტოფილი.

მომზადება

გასუფთავებული ხორცი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანანაში, დაამატეთ რძეში დამბალი პური და კვერცხის გული. გააკეთეთ მომცრო გუფთები და მოხარშეთ. მოამზადეთ ბოსტნეულის სუფი - გახეხილი სტაფილო, კარტოფილი, ხახვი ჩადეთ ქვაბში, დაამატეთ ადუღებული წყალი, კარგად წამოდუღების შემდეგ ჩაამატთ ბრინჯი და მოხარშეთ კარგად. ბოლოს ჩაამატეთ თითო ძირი ოხრახუში და კამა. მომზადების შემდეგ მწვანილი და ხახვი ამოიღეთ. ბოსტნეული დაჭყლიტეთ. გუფთები ჩაალაგეთ ბოსტნეულის სუფში,“ - წერს 
პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვკვებოთ ვეგეტარიანელი ან მარხვაზე მყოფი მოზარდი?

როგორ ვკვებოთ ვეგეტარიანელი ან მარხვაზე მყოფი მოზარდი?

როგორ ვკვებოთ ვეგეტარიანელი ან მარხვაზე მყოფი მოზარდი - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიზე თავის ​ბლოგზე წერს. Momsedu.ge პედიატრის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია სწორი, ბალანსირებული კვება. ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა იღებდეს საკვებს სხვადასხვა ჯგუფიდან - მარცვლეულს, ხორცს, რძის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულს.

ჯანმრთელი კვების პრინციპი, ე.წ „ჩემი თეფში“ ემყარება ამ საკვები პროდუქტების შემდეგი წესით მიღებას - მარცვლეულსა და ცილებზე უნდა მოდიოდეს დღიური რაციონის 30-30%, 20-20% მოდის ხილსა და ბოსტნეულზე.

ცილის საუკეთესო წყარო ხორცი და პარკოსნებია. პროტეინებით მდიდარია ასევე რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი. ისინი შეიცავენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების და მინერალების დიდ ნაწილს.

ხანდახან ასე ხდება - ბავშვი უარს ამბობს ამა თუ იმ საკვების მიღებაზე, რაც მშობლებისთვის ნამდვილი თავსატეხი ხდება. უფრო მოგვიანებით მოზარდები ზოგჯერ საკუთარი არჩევანით ხდებიან ვეგეტარიანელები ან ვეგანები ან სულაც მარხვას იწყებენ.

როგორ მოვიქცეთ ისე, რომ მათი ცხოვრების წესის რჩევანსაც პატივი ვცეთ და აუცილებელი ნუტრიენტებიც მივაწოდოთ?

მოდი, ჯერ განვიხილოთ, რა არის ვეგეტარიანელობა. ხშირად ვეგეტარაინელს მას უწოდებენ, ვინც უარს ამბობს ხორცის ჭამაზე.

იცით, რომ ვაგეტარიანელების სამი ტიპი არსებობს?

  • ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელები - არ მიირთმევენ ხორცს, სამაგიეროდ უარს არ ამბობენ კვერცხზე, რძესა და რძის პროდუქტებზე.
  • ლაქტო-ვეგეტარიანელები - არ ჭამენ ხორცეულსა და კვერცხს, მათთვის რძე და რძის პროდუქტები მისაღებია
  • დაბოლოს, ვეგანები - ისინი უარს ამბობენ ყველა ტიპის ცხოველური საკვების მიღებაზე.

რა მოხდება, თუ თქვენი შვილი ვეგეტარიანელი გახდება?

ეს თქვენი თავის ტკივილია, რადგან იცით, რომ ის არ მიიღებს მისი ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ ბევრ ნივთიერებას, პირველ რიგში ცილებს, რაც ორგანიზმის მთავარი საშენი მასალაა.

ვერ მიიღებს ასევე ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა რკინა, კალციუმი, ვიტამინი B12 და სხვა. არარაციონალურ კვებას მოჰყვება ზრდა-განვითარების დარღვევა, ხშირი ავადობა, ანემია, და ა.შ.

მაგრამ თუ თქვენ შეეცდებით, მოზარდს აუხსნათ სწორი კვების მნიშვნელობა და ხელს შეუწყობთ აუცილებელი პროდუქტების მიღებაში მისი პრინციპების დარღვევის გარეშე, ყველაფერი ასე დრამატულად როდი იქნება.

ცხრილში 👇მოცემულია ის საკვები პროდუქტები, რომლებიც ვეგეტარანელ ან მარხვაზე მყოფ მოზარდს საჭირო ნივთიერებებით უზრუნველყოფს.


საჭირო ენერგიის მისაღებად შესთავაზეთ რძის პროდუქტები (თუ მოზარდი არ მარხულობს ან ვეგანურ კვებაზე არ არის), თხილეული, ავოკადო, მცენარეულ ზეთებზე მომზადებული სალათები, პური და მარცვლოვნებისაგან მომზადებული გარნირები, ფაფები, ხილი და ბოსტნეული.

ცილა ჩვენი უჯრედებისათვის მთავარი საშენი მასალაა და თუ თქვენი პატარა ვეგეტარიანელი ხორცს არ იღებს, შეეცადეთ მისცეთ ცილის სხვა წყაროები - კვერცხის, რძე და რძის პროდუქტები, პარკოსნები.

მნიშვნელოვანია რკინის საჭირო რაოდენობა ანემიის პროფილაქტიკისათვის. ჰემურ რკინას, რომელიც სწრაფად აითვისება, ხორცი შეიცავს, არაჰემური რკინა არის მარცვლეულში, მწვანე ბოსტნეულში, კვერცხში, ჩირებში, შეეცადეთ სწორედ ეს პროდუქტები მიაწოდოთ ბავშვს რკინის მარაგის შესავსებად.

არ დაივიწყოთ, რომ საჭიროა C ვიტამინი რკინის შეწოვის გაუმჯობესებისათვის, ამაში ხილი, განსაკუთრებით ციტრუსები დაგეხმარებათ.

კალციუმი აუცილებელია ჯანმრთელი და მყარი ძვლოვანი სისტემისათვის. მისი მთავარი წყარო რძე და რძის პროდუქტებია. მცენარეული პროდუქტებიდან კალციუმს შეიცავს ბროკოლი, გოგრა, მარცვლეული, მწვანე ბოსტნეული.

თუთია აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა - განვათარების, ძვლების სიმტკიცის, ფერმენტების ფუნქციონირებისათვის. მას შეიცავს თხილეული, ბურღულეული, მწვანე ბოსტნეული.

B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქნის პროცესებისათვის. ვეგეტარიანელს ან მარხვაზე მყოფ მოზარდს ის შეგიძლიათ სოიოს პროდუქტებით ან კვერცხით მიაწოდოთ.

მოკლედ, ვეგეტარაინელობა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი ჯანმრთელი არ იქნება. უბრალოდ ამისათვის თქვენი დიდი ძალისხმევა და კვების საკითხებში მისი განათლება იქნება საჭირო.

ჯანმრთელობას გისურვებთ!'' - აღნიშნავს თამარ ობგაიძე. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად