რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსული ინფექციის შესახებ ბავშვებში, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„COVID-19 სრულიად ახალი ვირუსია და მის შესახებ ბევრი რამ ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. ახალი კორონავირუსი არ არის ერთადერთი ამ ჯგუფიდან, რომელმაც ადამიანებში მძიმე ინფექცია გამოიწვია. მისი ორი წინამორბედი უკვე იყო ლოკალური აფეთქებების გამომწვევი 2002 წელს და 2012 წელს, თუმცა საბედნიეროდ, მაშინ ამ აფეთქებათა ლოკალიზება სწრაფადვე მოხერხდა.
მათგან განსხვავებით, COVID-19-ს პანდემიის პოტენციალი აღმოაჩნდა და 18 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 200 000-მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
სადღეისოდ არსებული სტატისტიკა მოწმობს ერთ საოცარ ფაქტს - ბავშვები კორნავირუსით უფრო იშვითად ავადობენ, ვიდრე მოზრდილები, ამავდროულად, მათ დაავადება მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული სიმპტომატიკით ემართებათ.
ჯანმოს მონცემებით, ჩინეთში დაავადებული ადამიანების მხოლოდ 2,4% იყო ბავშვი, მათგან 0,2%-ს დაავადების მძიმე მიმდინარეობა ჰქონდა. სიკვდილობის შემთხვევები პრაქტიკულად არ დაფიქსირდა. არსებული მონაცემებით, მოზრდილებისაგან განსხვავებით, ბავშვების ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განვითარებულა პნევმონია.
სხვათა შორის, აქამდე არსებული სხვა ორი კორონავირუსული აფეთქების დროსაც (SARS, 2002; MERS 2012) ბავშვები იშვიათად ავადობდნენ.
ამ დროისათვის საქართველოს სტატისტიკა განხვავებულია, ჩვენთან 18 მარტის მონაცემებით 4 ბავშვია დაავადებული კორონავირუსით დაავადებული, თუმცა ყველა მათგანს მსუბუქად მიმდინარე დაავადება აქვს.
სხვათა შორის, COVID-19 არ არის ერთადერთი ინფექცია, რომელსაც გამოხატული ასაკობრივი თავისებურებები ახასიათებს. შეგახსენებთ, ზოგიერთი ინფექციის ასაკობრივ თავისებურებებს. გასულ საუკუნეში პოლიომიელიტის აფეთქების დროს პარალიზური ფორმა ყოველ 1000 ინფიცირებული ჩვილიდან მხოლოდ ერთს ემართებოდა. მაშინ, როცა იგივე მაჩვენებლი მოზარდებში იყო 1 ყოველ 100 შემთხვევაზე.
კიდევ ერთი კორონავირუსული ინფექციის, მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (SARS) საერთო შემთხვევა-ფატალურობის მაჩვენებელი მერყეობს 7% -დან 17% -მდე. სიკვდილობის მაჩვენებლი გაცილებით მაღალი იყო სხვადასხვა თანმდევი დაავადებების დროს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
არ დაფიქსირებულა სიკვდილობა 24 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.
რა განაპირობებს ამ ასაკობრივ თავისებურებას, საბოლოოდ გარკვეული არ არის, თუმცა არის ვერსიები.
ვერსია 1. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს თანშობილი იმუნიტეტი, რომელიც დედისგან გადაეცემა და კიდევ უფრო მყარდება ძუძუთი კვების პერიოდში, რადგან ხდება ქალის რძით მზა ანტისხეულების გადაცემა.
ვერსია 2. კორონავირუსული ინფექციის მთავარი გართულება პნევმონიაა, რასაც არსებული სტატისტიკის მიხედვით, ხელს უწობს მწეველობა, პოლუტანტებით ჰაერის დაბინძურება, სასუნთქი სისტემის უკვე არსებული ქრონიკული დაავადებები. ვინაიდან ბავშვთა ასაკში ამ ფაქტორების ზემოქმედება მინიმალურია, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები კი იშვიათი, მკვლევარები ფიქრობენ, ესეც არის შესაძლო მიზეზი ადრეულ ასაკში პნევმონიების არარსებობისა COVID-19-ის ფონზე.
ვერსია 3. კიდევ ერთი თეორია უკავშირდება ბავშვთა ასაკში ჩატარებულ ვაქცინაციას, რომელსაც შესაძლოა, ჯვარედენი დაცვის უნარი ჰქონდეს.
დაბოლოს, ვერსია 4 - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი იყენებს ანგიოტენზინგარდამმქნელი ფერმენტის რეცეპტორს ადამიანის უჯრედში შეჭრისათვის, რაც სასუნთქ გზებში, მათ შორის ფილტვებში უხვადაა წარმოდგენილი. ბავშვებს ამ რეპერტორების დიდი რაოდენობა აქვთ, ასაკის მატებასთან ერთად მათი რაოდენობა იკლებს, რითიც მკვლევარები ხსნიან მოზრილ ასაკში გართულებათა და სიკვდილობის ხშირ შემთხვევებს.
ბავშვთა ასაკში ინფექცია მიმდინარეობს ისეთივე ნიშნებით, როგორც მოზრდილებში - ცხვირიდან გამონადენით, ხველით, ცხელებით, თუმცა შესაძლოა ერთვოდეს დიარეა და ღებინება. მაგრამ მოზრდილებისაგან განსხვავებით იშვიათად ვითარდება პნევმონია და დაავადების მძიმე მიმდინრეობა.
პროფილაქტიკის ძირითადი წესები უკვე იცის მოსახლეობამ, თუმცა ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად მინდა დავამატო - ეცადეთ, ძუძუთი კვებოთ ჩვილი. დედის რძე არამარტო საუკეთესო საკვებია, არამედ ის ანტისხეულების მზა ნაკრებია, რაც თქვენს პატარას ინფექციებისაგან დაიცავს.
ნუ აქცევთ ბავშვებს პასიურ მწეველებად. ამით მათ დაავადების რისკებს მკვეთრად უზრდით,“ - წერს პედიატრი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
წაიკითხეთ სრულად