Baby Bag

,,ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით'' - რატომ და რა ასაკიდან უნდა მისცეთ პატარებს გარგარი?

,,ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით'' - რატომ და რა ასაკიდან უნდა მისცეთ პატარებს გარგარი?

რატომ და რა ასაკიდან უნდა მისცეთ პატარებს გარგარი? - აღნიშნულ თემაზე ​პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

,,ნამდვილი საზაფხულო ხილია გარგარი - მზისფერი, ბევრი წყლით და სასარგებლო ნუტრიენტებით.

გარგრის ნაყოფი უხვად შეიცავს წყალს, რაც ორგანიზმის ჰიდრატაციას უწყობს ხელს. ეს კი პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ და თანაც ზაფხულში.
თუ თქვენ 3 ცალ გარგარს მიირთმევთ, ჩათვალეთ, რომ A ვიტამინის დღიური დოზის 30% მიიღეთ.

ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც ანემიის პროფილაქტიკისათვისაა აუცილებელი რკინასთან ერთად, რომელიც ასევე შედის გარგრის შემდგენლობაში.

ეს მზისფერი ხილი C ვიტამინის წყაროცაა.

გარგარი მდიდარი მინერალური შემადგენლობითაც განსაკუთრებულია. რკინასთან ერთად ის კალციუმს, ფოსფორს შეიცავს, რაც პაწაწინა კბილებისა და ძვლებისა ჩამოყალიბებაში ეხმარება ბავშვს.

მდიდარია ანტიოქსიდანტებით - ეს ნივთიერებები უჯრედების მემბრანებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს.

შეკრულობის წამალი

თუ დააკვირებით, გარგრის მიღების შემდეგ მანამდე შეკრულობისადმი მიდრეკილ პატარას ნაწლავთა მოქმედება მედიკამენტის გარეშეც უწესრიგდება. და იცით რატომ?

გარგარში დიდი რაოდენობით კალიუმი, პექტინები და საკვები ბოჭოებია. გარდა ამისა, ის მდიდარია მდიდარია ფერმენტირებადი ოლიგო-, მონო- და დისაქარიდებით, რაც ნაწლავის ნორმალური ბაქტერიების განვითარება-გამრავლებას უწყობს ხელს.

ჯადოსნური ნივთიერებების საბადო

გაიცანით - ანთოციანინები და კუმარინის მჟავა გულსა და სისხლძარღვებს უყვართ, მათ ხომ ანტიოქსიდანტური და ანთებისსაწინააღდმეგო ეფექტები აქვთ, კუმარინის მჟავა გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.

კიდევ ერთი ჯადოსნური ნივთიერება ლიკოპენია - ეს მძლავრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - კვლევებმა დაადასტურა, რომ ლიკოპენი წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლების პროცესს.


რა უნდა გავითვალისიწინოთ

Environmental working group (EWG)- ის მიხედვით, გარგარს არ აქვს პესტიციდებით დაბინძურების საფრთხე, ამიტომ ორგანული პროდუქტის შერჩევის საკითხი ისე მწვავედ არ დგას, როგორც სხვა ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში.

რა ასაკიდან?

გარგრის პიურეს მიცემა პატარასათვის 5-6 თვიდან შეგიძლიათ. კარგად გარეცხილ ნაყოფს კანი უნდა მოაცილოთ და რბილობი ერთგვაროვან მასად აქციოთ. გასინჯვა მცირე ულუფებით უნდა დაიწყოთ.

გახსოვდეთ, გარგარს კვებითი ალერგიის გამოწვევა შეუძლია და ალერგიულ პატარებში მის მიცემამდე აუცილებლად მოეთათბირეთ პედიატრს.

დიდი რაოდენობით გარგრის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გაზები და ნაწლავთა აშლილობა. ამიტომ სიფრთხილე ყველა შემთხვევაში აუცილებელია,'' - აღნიშნავს პედიატრი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„არის ასეთი დაავადება: მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი, რომელიც ხშირად ჰიპერთირეოზით იწყება,“- ენდოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახაძე

„არის ასეთი დაავადება: მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი, რომელიც ხშირად ჰიპერთირეოზით იწყება,“-  ენდოკრინოლოგი რუსუდან კვანჭახაძე

ენდოკრინოლოგმა რუსუდან კვანჭახაძემ მშობიარობის შემდგომი თირეოდიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალბატონებში გავრცელებული დაავადებაა:

„რენესანსის პერიოდის მხატვრობაში ძალიან კარგად არის გამოხატული სხვადასხვა ანატომიური დეფექტი ორგანიზმში. ლეონარდო ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ანატომიას. მათ შორის გამონაკლისს არც ფარისებრი ჯირკვალი წარმოადგენდა. ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოთქმული იყო ორი ექსპერტის ვარაუდი იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, მონა ლიზას ჰქონდა მშობიარობის შემდგომი ჰიპოთირეოზი. ეს ტილო დახატულია 1502 წელს და მისმა მეუღლემ ფრანჩესკო დელ ჯოკონდომ შეუკვეთა მშობიარობის შემდგომ მისი მეუღლის პორტრეტი. ის ელფერი, რომელიც მის სახის კანს აქვს, შეიძლება სწორედ ჰიპოთირეოზთან იყოს დაკავშირებული.

არის ასეთი დაავადება: მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი, როდესაც ხდება დისბალანსი. ძალიან ხშირად ჰიპერთირეოზით, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის სიჭარბით შეიძლება იყოს დაწყებული. შემდეგ უმეტესად ეს გადადის ჰიპოთირეოზში, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ვერ ასრულებს იმ ფუნქციებს, რაც მათ ევალება. რასაკვირველია, იცვლება ბევრი ორგანოს ფუნქცია, მათ შორის ქალის გარეგნობაც. ეს არ შეიძლება ყველა ქალს დაემართოს, რასაკვირველია. ის შეიძლება დაემართოს იმ ქალბატონებს, ვისაც ორსულობის დროს აქვს რაიმე პრობლემები, ან ორსულობამდე ჰქონდათ აუტოიმუნური თირეოდიტი. აქ უფრო დიდი რისკია, რომ მშობიარობის შემდგომ სხვადასხვა დაავადება განვითარდეს, მათ შორის მშობიარობის შემდგომი თირეოდიტი,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან კვანჭახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად