Baby Bag

რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს მწყრის კვერცხი და რა რაოდენობით

რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს მწყრის კვერცხი და რა რაოდენობით

მწყრის კვერცხი თქვენი პატარებისათვის - მივცეთ თუ არა და რა ფორმით, - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საკუთარ ბლოგზე წერს. გთავზობთ მის პოსტს:

„სუპერმაკეტში მაცივრის დახლთან დგახართ და კვერცხს არჩევთ - თეთრი თუ მოყავისფრო, პირველი თუ მეორე კატეგორიის, სოფლის თუ ფერმის? და უცებ თქვენი მზერა პაწაწინა, მუქლაქებიან კვერცუკებზე ჩერდება. არასოდეს განგიხილავთ მწყრის კვერცხი არჩევანის გაკეთებისას?
ეს პაწაწინა კვერცხი იმდენ შეუცვლელ და ძვირფას ნივთიერებას შეიცავს, რომ აუცილებლად მოგინდებათ, განიხილოთ მისი მიცემის საკითხი პატარების კვებისათვის.
და რატომაც არა?
მოდი, ვიტამინებით და მინერალებით დავიწყოთ.
  • მწყრის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით A, D, E, B1 B2 PP ვიტამინებს, იგი მდიდარია კალიუმით, რკინით, კალციუმით, ფოსფორით, მოლიბდენით, მაგნიუმით, მანგანუმით, კობალტით.
  • B ჯგუფის ვიტამინების შემცველობა ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით მწყრის კვერცხში 15-ჯერ უფრო მეტია.
  • რაც შეეხება რკინას, ის მწყრის პაწაწინა კვერცხში 4-ჯერ უფრო დიდი რაოდენობითაა, ვიდრე ქათმის კვერცხში.
  • საინტერესოა, რომ მწყრის კვერცხში ორჯერ უფრო დიდი რაოდენობითაა ცილები და სამჯერ უფრო ნაკლებია ქოლესტერინი და ცხიმები.
  • მწყრის კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით შეუცველელ ამინომჟავებს - ლიზინს, მეთიონინს, ტრიფტოფანს, ცისტეინს, რაც აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
  • კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მწყერი ქათმისაგან განსხვავებით, იშვიათად ავადობს ინფექციური დაავადებებით, ამიტომ მას იშვიათად სჭირდება მედიკამენტები და არ უტარდება აცრები, რაც გამორიცხვას მწყრის ორგანიზმში და მის კვერცხში ამ ნივთიერებების მოხვედრას.
  • საოცარი ნივთიერების, ოვომუკოიდის შემცველობის გამო მწყრის კვერცხს ანტიალერგიული თვისებები აქვს.

​​ახლა, მოდი, ვნახოთ, რა შეუძლია მწყრის კვერცხის სისტემატური მიღებას?

  • A ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო ის მხედველობას აუმჯობესებს.
  • ცილების განსაკუთრებული შემცველობის გამო კი აძლიერებს იმუნიტეტს, წარმოადგენს საშენ მასალას ორგანიზმისათვის და ხელს უწყობს ბავშვის ინტენსიურ ზრდა-განვითარებას.
  • კალიცუმის, ფოსფორის და D ვიტამინის მაღალი შემცველობა რაქიტის პროფილაქტიკის და ძვლოვანი სისტემის სწორად განვითარებისათვისაა საჭირო.
  • ოვომუკოიდი მწყრის კვერცხს ჰიპოალერგიულ პროდუქტად აქცევს.
  • განსაკუთრებული შემადგენლობის გამო მწყრის კვერცხი ხელს უწყობს თავის ტვინის განვითარებას, აუმჯობესებს დამახსოვრების უნარს ბავშვებში.
  • რკინის მაღალი შემცველობა ანემიის განვითარებისაგან დაგვიცავს.
რამდენი?

ყველაფერს თავისი დოზა აქვს და ეს პაწაწინა კვერცხებიც დოზირებულად უნდა მივცეთ პატარებს.
დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლებელია შეკრულობა, გაზების დაგროვება გამოიწვიოს.
  • 6 თვიდან 1 წლამდე ბავშვს შეგიძლიათ კარგად მოხარშული 1 კვერცხის მხოლოდ გული მისცეთ.
  • 1 წლიდან 3 წლამდე პატარას 1-2 მთლიანი კვერცხი შესთავაზეთ
  • 3 წლიდან 10 წლამდე - 3 ცალი კვერცხი
  • 10 წლიდან 3-4 ცალი კვერცხი საკმარისია.
როგორი ფორმით სჯობს?
ხშირად მწყრის კვერცხს უმად მიირთმევენ და სალმონელოზის შიში არ აქვთ, რადგან მწყერს ქათმისაგან განსხვავავებით ეს დაავადება პრაქტიკულად არ ემართება. თუმცა არსებობს სალმონელოისმაგვარი სხვა ინფექცია. ამიტომ სჯობს, მწყერს კვერცხი მოხარშოთ.
ქათმის კვერცხისაგან განსხვავებით, ის ძალიან სწრაფად, 5-6 წუთში იხარშება. თუ თქვენ ხანგრძლივად გააგრძელებთ ხარშვას, კვერცხის გული უსიამოვნოდ გამუქდება, ცილა კი რეზინასავით გახდება. გარდა ამისა, სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილიც დაიშლება.
1 წლის ასაკის ზემოთ პატარას მწყრის კვერცხი შემწვარიც შეგიძლიათ შესთავზოთ.
მწყრის კვერცხი დედიკოების და ბებიების სილამაზისათვის
ნურც თქვენს თავს დაივიწყებთ. მწყრის კვერცხი თქვენი სახის კანისათვის შეუცვლელი პროდუქტია. აი, ძალიან ეფექტური ნიღბის რეცეპტი:
მასალად დაგჭირდებათ 3 ცალი მწყრის კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. პროდუქტები ერთმანეთში აურიეთ და სახეზე წაისვით თვალის ირგვლივი არეების გარდა. ჩამოიბანთ თბილი წყლით 20 წუთის შემდეგ. ეფექტი ძალიან მოგეწონებათ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„საიდან მოვიდა ბატატი?

ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - ორივე მცენარის ბოლქვს წარმოადგენს, ორივეს სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, თუმცა ბოტანიკურად სრულიად განსხავავებული, სხვადასხვა სახეობის მცენარეებია.

​ტკბილი კარტოფილი ევროპასა და აზიის ქვეყნებში სავარაუდოდ პერუდან გავრცელდა, სადაც ინკებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მოჰყავდათ ბატატი. მე-16 საუკუნიდან კი ის ევროპასა და აზიაში გავრცელდა. ერთხანს იაპონელთა მთავარი საკვებიც გახდა, როცა ბრინჯის მცირე მოსავალი მიიღეს.

მთავარი განსხვავება ქიმიაშია

წვნიანი, სხვადასხვა ფერის რბილობის მქონე ტკბილი ბოსტნეულია. ნახშირწლების შემცველობით ის, რა თქმა უნდა, აჭარბებს ჩვეულებრივ კარტოფილს. თუმცა მოხარშული ბატატის გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონეზე მისი ზემოქმედება, არ არის მაღალი. სამაგიეროდ, შემწვარი ბატატის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია.

​ბატატში, ჩვეულებრივი კარტოფილისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკოები, რაც ყაბზობის დროს ეფექტურს ხდის მას. გარდა ამისა, ეს ბოჭკოები ხელს უწყობს ბავშვის ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბატატში ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ კარტოფილში საერთოდაც არ არის. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, თვალის ფუნქციონირებას. სამაგიეროდ C ვიტამინის შემცველობა თითქმის 10-ჯერ აღემატება ბატატში მის რაოდენობას. ცილების რაოდენობითაც ჩვეულებრივი კარტოფილი ლიდერია.

B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის მიხედვით კარტოფილის ეს ორი სახეობა არ განსხავავდება.
ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისაგან იცავენ უჯრედებს, ბატატში უფრო მეტია, ხოლო სიმსივნის საწინააღმდეგო გლიკოალკალოიდები ჩვეულებრივ კარტოფილშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება მინერალებს, ჩვეულებრივი კარტოფილი კალიუმით უფრო მდიდარია, ვიდრე ბატატი, რკინა ოდნავ მეტია ბატატში, ხოლო კალციუმი ბატატში 2-ჯერ უფრო მეტია.

ბატატისა და სტაფილოს პიურე ქათმის ხორცით 7 თვიდან

შეარჩიეთ საღი კარტოფილი ლაქების და დარბილებული ადგილების გარეშე.
გასუფთავებული თითო სტაფილო და ბატატი დაჭერით, მოხარშეთ. დაუმატეთ ცალკე მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარეული 50 გრამი ქათმის თეთრი ხორცი. დააბლენდერეთ და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

P.S ეს კი თქვენთვის, ჩემო საყვარელო დედიკოებო და ბებიკოებო! ხომ გახსოვთ, რომ ყველა სასარგებლო პროდუქტს აუცილებლად მოეძებნება გამოყენება თქვენი სილამაზისათვის?!

​აი, ბატატისაგან მომზადებული დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტი:

​მოხარშული ბაბატისაგან მოამზადეთ პიურე (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კიტრის წვენი). მომზადებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

წაიკითხეთ სრულად