Baby Bag

„რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ დღესასწაულის დღეებში ბავშვის კვების რაციონში ზომიერების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დღესასწაულის პერიოდში, რა დასამალია, რომ ძალიან ბევრს მივირთმევთ ხოლმე, განსაკუთრებით ცხოველურ ცილას. მე კი ვამბობ, რაც გინდა ალერგია ჰქონდეს ბავშვს, ახალ წელს გოზინაყი უნდა მიირთვას. აღდგომის დღეებში კი წითელი კვერცხი უნდა მიიღოს. ერთი კი არის, რომ ზომიერებაა საჭირო. ნამეტანი ნუ იქნება.“

ყარამან ფაღავას თქმით, ოპტიმალურია დღეში ხუთჯერადი კვება:

„ოპტიმალურად მიმაჩნია ხუთჯერადი კვება. ამათში სამი კვება უნდა იყოს ძირითად იჯრა და ორი უნდა იყოს წახემსება. რაც შეეხება ცილას, დაახლოებით ერთი კვება ფაფა, ერთი კვება ბოსტნეულის წვნიანი, პიურე, მცირე რაოდენობით ხორცით. საღამოს ან დილით მაწონი, ცოტა ხაჭო შეიძლება, ჩაი, პური, კარაქი, ერთი კვება ან წახემსება იქნება, ან დედის თვითშემოქმედება, ხან რა, ხან რა, ხან გოგრა, ხან ვაშლი.“

„მე ხშირად ვამბობ, გარკვეული თავისუფლება, მცირე დევიაციის უფლება უნდა მივცეთ მშობელსაც, ბავშვსაც და ყველასაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს სოფლად და იქ ჩასვლა ხდება დღესასწაული ბავშვებისთვის,“ - მარინა კაჭარავა

„ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს სოფლად და იქ ჩასვლა ხდება დღესასწაული ბავშვებისთვის,“ - მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა თანაცხოვრების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის პატარა ბინაში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ერთად ცხოვრება:

„არ არის აუცილებელი, რომ ერთად ცხოვრობდნენ თბილისის ოროთახიან ან სამოთახიან ბინაში. ადამიანს ძალიან სჭირდება თავისი სივრცე. ადრე ასე იყო, ადამიანს რვა შვილი ჰყავდა თუ ათი, სამოსახლოებს აძლევდა შვილებს და უმცროსი შვილი რჩებოდა ოჯახში. მესმის, რომ აბსოლუტურად სხვა ვითარებაა დღეს. ​ბებია-ბაბუა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ბავშვებისთვის. თუ ახლოს იცხოვრებენ, იმავე სადარბაზოში, გვერდზე სახლში, იმავე ქუჩაზე, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ბებია-ბაბუა ცხოვრობს სადღაც სოფლად და იქ ჩასვლა ხდება დღესასწაული ბავშვებისთვის. იქ მათ აქვთ რაღაც უნივერსალური, განსაკუთრებული სითბო.“

მარინა კაჭარავას თქმით, მარტოობის საუკუნე დგება, რადგან ყველა თავისი უფლებებისთვის იბრძვის და ადამიანი მოვალეობებზე ნაკლებად ფიქრობს:

„მე ხანდახან ვამბობ, რომ მარტოობის საუკუნე დგება. იმდენად ყალყზე დგას ყველა ადამიანი საკუთარი უფლებების დასაცავად, იმდენად მივიწყებულია მოვალეობები. ნებისმიერი დედის, მამის, შვილის, მოსწავლის მოვალეობებიც ხომ არის, მარტო უფლებები არ არის. რაც მეტია მოვალეობა, მით მეტია პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობაზე არავინ არ საუბრობს. ​შეიძლება პირველივე დიდი კონფლიქტის შემთხვევაში მოხდეს რღვევა, ნგრევა ოჯახის, თითქოს შანსს არ აძლევენ ერთმანეთს.“

„ადამიანის მიღება, მის მიმართ ემპათია, გულწრფელობა თუ დაიკარგება, ამ შემთხვევაში ადამიანები სხვადასხვა პარალელურ სივრცეში არიან. ერთსა და იმავე რამეზე ჩვენს საზოგადოებაშიც ზოგი ამბობს, რომ არის უკიდურესი ბოროტება, ზოგი ამბობს, რომ სიკეთეა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანებს აბსოლუტურად განსხვავებული კოორდინატთა სისტემები აქვთ. შეიძლება ეს არ იყოს დიდი ტრაგედია, თუ შეგვეძლება ერთმანეთს მოვუსმინოთ. ჩვენ შეიძლება ვერ გავამართლოთ ყველაფერი, მაგრამ გავიგოთ. სხვადასხვა რამეა:​ „მე მესმის შენი“ და „შენ მართალი ხარ.“ ერთ ბრძენთან მიიყვანეს ორი მოჩხუბარი და იმან უთხრა ერთს, მართალი ხარო, მერე მეორეს უთხრა, მართალი ხარო. მიმყვანი გაბრაზდა, ორივე როგორ არის მართალიო, ბრძენმა უთხრა, შენც მართალი ხარო. ყველას აქვს თავისი სიმართლე, ამიტომ დავსხდეთ და ვისაუბროთ ამაზე, მით უმეტეს, ოჯახში. საუბარი არის უალტერნატივო ურთიერთობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად