Baby Bag

მასწავლებლის ხელფასის მატების საკითხს გვინდა, შემდეგი წლიდან გადავხედოთ

მასწავლებლის ხელფასის მატების საკითხს გვინდა, შემდეგი წლიდან გადავხედოთ

მასწავლებლის ეროვნული დღე არ არის მხოლოდ ერთი დღე, ეს არის იმ პოლიტიკის დასაწყისი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გვინდა, ვაჩვენოთ პედაგოგების პროფესიული თუ სხვა განვითარების ნაწილში, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„სკოლის ერთ-ერთი მთავარი ღერძი, მოსწავლესთან ერთად, არის მასწავლებელი. ჩვენ არ გავურბივართ გამოწვევებზე თუ პრობლემებზე საუბარს, პრობლემების აღიარება შეგვიძლია და ეს არის დასაწყისი, რომ ამ პრობლემების მოგვარება დავიწყოთ. ვისურვებდით უკეთეს აკადემიურ შედეგებს, რაც დღეს სკოლაში გვაქვს. ჩვენ თუ არ დავიწყებთ ფიქრს მასწავლებლის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ამ პრობლემებს არ გადავწყვეტთ, მაშინ ძალიან გართულდება იმ შედეგების მიღება, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, მასწავლებლის სტატუსის ამაღლება, თავისი შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, უნდა ნიშნავდეს, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია იზრდება, ანუ უკეთესი მასწავლებელი ხდება, მას შესაბამისად განესაზღვრება სტატუსის სახელფასო დანამატი, სხვადასხვა სტატუსის მასწავლებლებს განსხვავებული ხელფასები აქვთ.

„დღეს მასწავლებლების თხოვნა-მოთხოვნა, რაც მოდის, არის ის, რომ სტატუსების დანამატი გადაგვიტანეთ საბაზო ხელფასში და ეს იყოს მინიმალური, ვინაიდან ჩვენ გვინდა ეს სტაბილური გარანტია. მაშინ ასეთ კითხვას დავსვამდი: თუ სტატუსების მატების გზა არის იმისთვის, რომ ადამიანს მოემატოს ხელფასი, რა მისწრაფებაც აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ადამიანს უნდა მეტი ანაზღაურება და ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ეს პირდაპირ არ პასუხობს ადამიანის კვალიფიკაციის ზრდას და არის ხერხი, საშუალება და გზა, რომ მასწავლებლებმა გაიზარდონ ხელფასი, მაშინ სამსჯელო ხომ არ გვაქვს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სისტემა უფრო გავაუმჯობესოთ და ცალკე ხომ არ უნდა ვისაუბროთ სახელფასო პოლიტიკაზე? ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ღია ვართ დიალოგისთვის და გვაინტერესებს კრიტიკოსების აზრი, რათა თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ პასუხობს უკეთესი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც მასწავლებლის გარეშე გამორიცხულია“, – განაცხადა ამილახვარმა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მას არ სურს, სტატუსის მოპოვება იქცეს საშუალებად ხელფასის მატებისთვის.

„მაშინ სტატუსის მოპოვება თავის მიზანს და შინაარსს არ ამართლებს. ხელფასების მატება ისედაც ჩვენი პასუხისმგებლობაა და საჯაროდ ვიტყვი, რაც პრემიერმაც დააანონსა მასწავლებლის ეროვნული დღის ღონისძიებაზე, რომ უკვე ბოლო რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ და შემდეგი წლიდან საგრძნობლად, გვინდა, ამ საკითხს გადავხედოთ; ისე საგრძნობლად, რომლის მსგავსიც, პრაქტიკულად, ბოლო წლებში არ მახსენდება. ახლა მთავარია, გავხსნათ დისკუსია და მივიდეთ სწორ გადაწყვეტილებამდე, როგორი სახელფასო პოლიტიკა გვინდა და როგორ უნდა დავაკავშიროთ ეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან“, – განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, ამილახვარმა აღნიშნა, რომ დიალოგი არის ერთადერთი საფუძველი, რათა სწორი დიაგნოზი დაესვას არსებულ სისტემას და ეს დიაგნოზი განსაკუთრებით იმ ადამიანებმა დაუსვან, ვინც უშუალოდ პროცესშია ჩართული.

„მასწავლებელი როცა ამბობს, რომ მასწავლებელი დაშორდა საკლასო ოთახს და ბავშვს, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ ვიცი, რა უნდა იყოს. სამწუხაროდ, მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ე.წ. პორტფოლიოს შექმნის რაღაც ჩრდილოვანი ეკონომიკა გაჩნდა; ანუ, რეალურად, სერვისები გაჩნდა ბაზარზე და სხვადასხვა ორგანიზაცია თუ ადამიანი მასწავლებლებს, მათ შორის, საჯაროდ სთავაზობს ამ სერვისს, რაღაც მცირე საზღაურის სანაცვლოდ უმზადებენ და მერე ეს ადამიანი ნასწავლი ე.წ. პრაქტიკული კომპონენტით გადის კომისიასთან და რიგ შემთხვევებში, შეიძლება, წარმატებასაც აღწევს. ესეც წითელი შუქია ჩვენთვის, რომ აქ რაღაც ჯანსაღად ვერ მიდის პროცესი“, – განაცხადა ამილახვარმა.

წყარო: 1TV - გადაცემა ​,,გადაწყვეტილება''

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლებიდან ამოღებულ, აკრძალულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა“ - მანდატურის სამსახური

„სკოლებიდან ამოღებულ, აკრძალულ ნივთებს შორის უმრავლესობა თამბაქოსა და აზარტული თამაშების პროდუქციაა“ - მანდატურის სამსახური

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველი იანვრიდან 11 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში 1365 აკრძალული ნივთი იქნა ამოღებული.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ნივთებს შორის ერთი ცეცხლსასროლი იარაღი და სამი ელექტროშოკია. ამოღებულ იქნა ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო 13 ნივთი. ყველაზე მეტი, 891 ნივთი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში იქნა ამოღებული, თამბაქოს ნაწარმი, სანთებელა და ასანთია. შემდეგ მოდის ბანქო ან სხვა აზარტული საშუალება – 207 ერთეული. მოსწავლეებს შორის პოპულარული, აკრძალული ნივთების სამეულში შედის ცივი იარაღი (დანა) – 77 ერთეული. აღნიშნულ პერიოდში ასევე ამოიღეს ელექტროსიგარეტი – 60 ერთეული. სკოლებიდან ამოღებული, დანარჩენი ნივთების ჩამონათვალი ასეთია: ბლაგვი საგანი – ექვსი, ასაფეთქებელი ან მომწამვლელი ნივთიერება – ოთხი, საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა) – 10, პნევმატური, სასიგნალო (სტარტოვკა) ან აირის საშუალება – ხუთი, ბასრი იარაღი 14, კასტეტი – 48, ალკოჰოლის ნაწარმი 26.

წყარო: ​1tv.ge

წაიკითხეთ სრულად