Baby Bag

ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ

ქვაყუდის საჯარო სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრს მიმართავენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაყუდის საჯარო სკოლის პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს თხოვნით მიმართავენ. წერილში მასწავლებლები სკოლაში არსებულ მძიმე სიტუაციას აღწერენ და მიხეილ ბატიაშვილს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. საგანგებო მიმართვა ​Moms.ge-ს სკოლამ მიაწოდა. გთავაზობთ წერილს უცვლელად:

„​ბატონო მინისტრო, უკვე მეორე წელია, სკოლაში არის უკიდურესად დაძაბული კონფლიქტური სიტუაცია. ჩვენ გასული წლის მაისში დავწერეთ წერილი თქვენს სახელზე, ჩვენს სკოლაში მოსული იყვნენ აუდიტის სამსახურიდან და ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ველოდებით დასკვნას. ასევე, ამ პროცესში კარგად არის გარკვეული ადგილობრივი რესურსცენტრი. სკოლაში არ ტარდება სამეურვეო საბჭო, არ იკრიბება შეფასების ჯგუფი, დისციპლინური კომიტეტი და პედაგოგიური საბჭო.

სკოლის დირექტორს, გიორგი შანიძეს არ გააჩნია კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ის ზეწოლას ახდენს თანამშრომლებზე როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად. მას რამდენიმე თვის უკან პოლიციასთან ჰქონდა შემაკავებელი ორდერი ერთ-ერთ მასწავლებელზე.

გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი სატკივარი, გასაჭირი და მოახდინოთ რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე,“ - აღნიშნულია ქვაყუდის საჯაროს სკოლის პედაგოგების მიმართვაში.


შეიძლება დაინტერესდეთ

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნებას. უკვე ცნობილია შედეგები მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია.

რაც შეეხება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს, თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.

ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.
წაიკითხეთ სრულად