Baby Bag

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადაეცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ „დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო 77 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე ვენერა ( დოდო) ცარციძეს გადასცა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ვენერა (დოდო) ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობას 1942 წლიდან შეუდგა. საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში ის ბიოლოგიას 1946 წლიდან 2011 წლამდე ასწავლიდა. ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“.

„დამსახურებული მასწავლებლის“ ჯილდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით დაწესდა. წლის ბოლომდე ყველა რესურსცენტრი წარადგენს იმ ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის წინაშე.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

„ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ“

მერი ტეფნაძე - ლურსმანაშვილი 44 წელია სურამის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დავამთავრე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დაწყებითი კლასების სპეციალობით. სურამის მე-2 სკოლა არის ჩემი მშობლიური სკოლა. მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, გაკვეთილი სხვაგან არ ჩამიტარებია.

სულ ვამბობ, სკოლაში მუშაობას ვერ შეძლებ, თუკი მოწოდებით პედაგოგი არ ხარ. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი პროფესია იყო.

ნამდვილმა პედაგოგმა უნდა შეძლოს თავისი მოსწავლეებისა და მშობლების ნდობის მოპოვება, მათი ოჯახის წევრი უნდა გახდეს. უნდა იცოდეს ყველა მოსწავლის პრობლემა, რა უჭირთ მათ, რა ულხინთ. ეს უნდა მოახერხოს უანგარო სიკეთის კეთებით. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მოდის ურთიერთსიყვარულიც.

ჩემი მოსწავლეების იმედი მაქვს, მათ საგნობრივ ცოდნასთან ერთად ყველაფერი ვასწავლე, რაც ვიცოდი: სიყვარული, თანადგომა, ტოლერანტობა, განვუვითარე სამოქალაქო ცნობიერება.

ძალიან მიჭირს პროფესიის დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ სკოლაში ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ. მზად ვარ, მათ წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვასწავლო, როგორ მოიპოვონ ბავშვების ნდობა და სიყვარული.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ფინანსურზე მეტად ამ გადაწყვეტილებას მორალური დატვირთვა აქვს. წინა წლებში ისე წავიდნენ პედაგოგები სკოლიდან, ასეთი მხარდაჭერა და დაფასება არ უგრძნიათ.“

წაიკითხეთ სრულად