Baby Bag

​პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - ვის აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება

​პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - ვის აქვს ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყო და 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდება, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
ცენტრის ცნობით, ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.
თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე, პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ.
კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • პროფესიული უნარები.
ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი პირისათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. აპლიკანტს საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად უბრუნდება, თუ ის 24 მაისის 18:00 საათამდე უარს განაცხადებს საგნის გამოცდაში მონაწილეობაზე (შესაბამისი განცხადებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს).

მონაწილე დარეგისტრირებულად ითვლება, თუ მას სარეგისტრაციო გვერდზე გამოუჩნდება შეტყობინება: „თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი.“
აპლიკანტებმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, 31 მაისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ცნობა (ფორმა №100) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართზე: ე.მინდელის ქ. N9) ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

საგამოცდო ბარათები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ინფორმაცია - როდიდან შეძლებენ დარეგისტრირებული აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას. მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს ამობეჭდავენ პირადი გვერდიდან (ანუ იმ გვერდიდან, რომელზეც რეგისტრირდებიან). მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე.
ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრი, თითოეული გამოცდის თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაციის პროცესი გრძელდება ერთი სააათი და მისი დასრულების შემდეგ საგამოცდო ცენტრები დაიკეტება. დაგვიანებული აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

შეიძლება დაინტერესდეთ

კიდევ ერთი ახალი ტრენინგი მასწავლებლებისთვის

კიდევ ერთი ახალი ტრენინგი მასწავლებლებისთვის

UG-PriEd-ი ახალ ტრენინგს სთავაზობს დაწყებითი კლასების მასწავლებლებს (1 კლასი). ტრენინგი ჩატარდება 1- 2 სექტემბერს. 

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ​​აქ

ძირითადი საკითხები:

• კითხვის ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობა; როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს გამოიმუშაონ კითხვითი ქცევები და დამოკიდებულებები; 

• კითხვის სწავლების საბაზისო მოდელი - კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიული მიდგომა;

• კითხვის სწავლების ოპტიმალური მოდელი - პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა;

• ფონოლოგიური უნარების განვითარების ტრაექტორია და ამ უნარის განვითარების მნიშვნელობა წერა-კითხვის სწავლებისთვის;

• ვიდეორესურსის გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში;

• სადემონსტრაციო აქტივობა (წინასააბანბანო პერიოდის გაკვეთილი);

• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა პოსტერების გამოყენებით;

• გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის გაცნობა და გამოყენება;

• ანბანისა და სიტყვების წაკითხვის სწავლება;

• ტექსტების ადაპტირება და საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებზე მორგება;

• კითხვის გაკვეთილისთვის მოსწავლეთა კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული ეფექტური სასწავლო რესურსების მომზადება;

• სადემონსტრაციო აქტივობა (საანბანო პერიოდის გაკვეთილი);

• მართული პრაქტიკა - ეფექტური გაკვეთილის დაგეგმვა;

• კონსტრუქციული უკუკავშირი.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე, ღირებულება - 80 ლარი. 

წაიკითხეთ სრულად