„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას“
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით სერფიტიკატებს, რომლითაც მასწავლებლები და მოსწავლეები 2020 წლის გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ეფექტიანად წარმართვისა და ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმების გამოყენებისთვის ჯილდოვდებიან. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი ერთმანეთს ულოცავს წარმატებას, ზოგისთვის კი ეს ჟესტი სხვისი ქილიკის საგანი გახდა. სოფელ ძმუისის (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ამ ფაქტს გამოეხმაურა. გთავაზობთ მის მოსაზრებას:
„ეს არის ჩემი პოსტი-პროტესტი ყველა გამქილიკებლისა და სარკასტისთვის:
ყველა მოსწავლე და ყველა მასწავლებელი იმსახურებს დაფასებას, აღიარებას, მადლობას და წახალისებას. ზოგადად, ძალიან დიდი ეფექტი აქვს პოზიტიურ მიდგომას: როდესაც ადამიანს ვაქებთ, მასში კარგ თვისებებს ვაძლიერებთ. როდესაც დავცინით, ადამიანს ვთრგუნავთ და ყველაფრის ხალისს ვუკარგავთ. ფეისბუქი არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ტკივილსა და სიხარულს ვუზიარებთ. თუ სიხარულის გაზიარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, ნუ ჩაგვაშხამებთ მაინც. არ გიფიქრიათ, იქნებ იმსახურებენ ეს ადამიანები?! იქნებ იშრომეს და თავინთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნეს? ნუთუ ასეთი დაუჯერებელია, რომ ვიღაც კარგია... ვიღაც ძალიან კარგია... ვიღაც უკეთესიცაა. (დავესესხები კახი კავსაძეს და) არასოდეს არავისი არაფერი შეგშურდეთ!!! რა არის ცუდი ჯანსაღ კონკურენციაში? რატომ ირჩევთ ყოველთვის დაცინვას, თავში მუშტის ჩარტყმას და დამცირებას? ვინ მოგცათ სხვისი დამცირების, სიხარულის ჩამწარების და დაცინვის უფლება? თქვენ რომ იგივე გითხრან, რასაც სხვას ეუბნებით, მოგეწონებოდათ? და კიდევ, უამრავი ინგლისურენოვანი საიტი არსებობს, სადაც შეგიძლიათ სურვილისამებრ შეავსოთ სერტიფიკატის შინაარსი. სერტიფიკატებს ამით არაფერი აკლდებათ. სულაც არ უბრალოვდებიან იმიტომ, რომ გვაქვს ლიცენზიები, აკრედიტაციები და ა.შ. გთხოვთ, შეეშვით კიბერ-ბულინგს, სხვისი შრომის და მონდომების დაკნინებას და ფეხქვეშ გათელვას. ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე იმსახურებს მადლობას! აღიარებას! დაფასებას! წახალისებას! დაცინვით, დამცირებით და ლანღვით საქმე კარგად არასოდეს გაკეთებულა და არც გაკეთდება,“ - წერს მასწავლებელი მარიტა გოტიაშვილი.