„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს“ - ბერიკა შუკაკიძე
„ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს. როდესაც სკოლაში არსებობს მაღალკვალიფიციური კადრი, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთ მასწავლებელს ნაკლები დატვირთვა და შესაბამისად, ნაკლები ხელფასი?!“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ Momsedu.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავს თემებზე დირექტორმა და მასწავლებელმა ერთად უნდა მოილაპარაკონ:
„ჩვენ ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა დავიცვათ. ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, მასწავლებლის სახლი ვერ გადაუწყვეტს ამა თუ იმ სკოლას საშინაო საკითხს. ჩვენ სკოლებს უნდა დავეხმაროთ მეთოდოლოგიურად, დანარჩენი თვითონ უნდა ისწავლონ. დირექტორმა და მასწავლებელმა ერთად უნდა მოილაპარაკონ მსგავს თემებზე. ნუ ველოდებით, რომ სახელმწიფო გადაგვიწყვეტს, რომელიმე კონკრეტულ სკოლაში დირექტორს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობას. ამას განათლების სამინისტრო ვერ მოაგვარებს. მშობელმა უნდა მოსთხოვოს მასწავლებელს, დაუსვას მას კითხვა - რატომ სჭირდება მის შვილს დამატებით მომზადება. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ერთმანეთთან თანაცხოვრება. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალ ანაზღაურებს, მშობლებმა კი უნდა მოსთხოვონ მასწავლებლებს, თავიანთ შვილებს შესაბამისი განათლება მისცენ. ეს გამოცდაც და კატეგორიებიც ხომ იმის დადასტურებაა, რომ მასწავლებელი უფრო მეტად ზრუნავს მოსწავლებზე, უფრო მეტი გამოცდილება და კომპეტენცია აქვს. ჩვენ მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა და ინტერესები უნდა დავიცვათ. შეიძლება მენტორზე უკეთესს გაკვეთილს პრაქტიკოსი ატარებდეს, მაგრამ ეს არის გამონაკლისები,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.