„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, რა მასწავლებელი ხარ?!“
„ნიშნები უნდა შევკრიბოთ და ჩავყაროთ კოცონში. ნიშნები იეზუიტების გამოგონებაა, რომ ჯოხი შეეცვალათ ციფრით და ბავშვი ფიზიკურად სკოლაში კი არ დაესაჯათ, არამედ მშობლებისთვის ეთქვათ, დასაჯეთ თქვენ თვითონ.
ბავშვი რომ სახლში მივა, პირველი კითხვა რა არის? - რა მიიღე? ახლა ელექტრონული დღიური გამოიგონეს და დედა უკვე ცოცხით ხვდება ბავშვს.
მშობელთა კრებაზე რომ მივა დედა, მათემატიკის მასწავლებელს უნდა უთხრას, მე მათემატიკა არ მაინტერესებს, ეგ თქვენი საქმეა, უნდა ასწავლოთ ჩემს შვილს, აბა რა? - თუ ამას არ გააკეთებ, აბა რა მასწავლებელი ხარ, მაგრამ ბავშვს სულს უზრდის მასწავლებელი? ეს თქვა ილიამ - „აღზარდე შენ შვილის სული“, უზრდი სულს, აკვალიანებ? გურამიშვილისა არ იყოს, ყმაწვილი უნდა სწავლობდესსაცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო? - ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, მაშინ რა მასწავლებელი ხარ?!“ - აღნიშნა აკადემოკოსმა შალვა ამონაშვილმა.