„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„მასწავლებელი პროფესიული საჭიროებისთვის გაივლის რამდენიმე ტრენინგს, ოღონდ ამაში კრედიტქულებს აღარ მიიღებს...“
„მასწავლებელი პროფესიული საჭიროებისთვის გაივლის რამდენიმე ტრენინგს, ოღონდ ამაში კრედიტქულებს აღარ მიიღებს,“ - აღნიშულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წლიდან კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და გარე დაკვირვებას მასწავლებლის რეგულირების წესი ჩაანაცვლებს. მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებლობის მსურველებს და მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ მდგომარეობა, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო პროფესიულ საჭიროებას სკოლა დაადგენს:
„2020 წლიდან აღარ იარსებებს აღარც კრედიტქულების დაგროვების სისტემა და აღარც გარე დაკვირვება. მას ჩაანაცვლებს მასწავლებლის რეგულირების წესი, რომლის მიხედვითაც, მასწავლებლობის მსურველებს და მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაიუმჯობესონ მდგომარეობა, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, ხოლო პროფესიულ საჭიროებას სკოლა დაადგენს. მასწავლებელი პროფესიული საჭიროებისთვის გაივლის რამდენიმე ტრენინგს, ოღონდ ამაში კრედიტქულებს აღარ მიიღებს.
მასწავლებლის პროფესიულ საჭიროებას დაადგენს სკოლის ხარისხის განვითარებისა და თანამშრომლობის ჯგუფი — სკოლაზე იქნება დამოკიდებული იმის გარკვევა, თუ რა საჭიროება აქვს პედაგოგს პროფესიული განვითარებისთვის. ვფიქრობთ, პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მეტი საათი უნდა გაიაროს პროფესიული განვითარებისთვის, უფროსმა, წამყვანმა და მენტორმა, შესაბამისად, ნაკლები. თუმცა, რაღაც ფორმით პროფესიული განვითარება ყველამ უნდა გაიაროს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სასკოლო პრაქტიკის კვლევაზე. რადგან ბევრი სიახლე იგეგმება ინკლუზიურ განათლებაში, ჩვენი პოზიციაა, მასწავლებლები გადაემზადონ ამ მიმართულებით, ასევე, სასკოლო უსაფრთხოებასა და პროფესიულ უნარებში. პროფესიული გადამზადება მუდმივად საჭიროა, მაგრამ მასწავლებლებლებზე აღარ იქნება ზეწოლა, რომ დააგროვონ კრედიტები. რაც შეეხება საფეხურებრივ წინსვლას, გამოცდით განხორციელდება. ვმუშაობთ გამოცდის ასეთ ტიპზე: მაგალითად, ვარ უფროსი მასწავლებელი და მინდა გავხდე წამყვანი ან მენტორი. ამისთვის მომიწევს პროფესიული უნარების რთული კატეგორიის ტესტის ჩაბარება. პროფესიულ უნარებში ტესტი რამდენიმე კატეგორიად დაიყოფა, საგნის გამოცდა კი ერთი ტიპის იქნება. საგანში საშუალო ბარიერად განისაზღვრება 50 პროცენტი, იგივე ბარიერი დაწესდება პროფესიულ უნარებშიც.
ახალი წესის მიხედვით, გვექნება ორი გამოცდა: საგნის კომპეტენციის დადასტურება და პროფესიული უნარები. პროფესიულ უნარებში სამი ტიპის გამოცდა იგეგმება — პირობითად, I -II -III კატეგორიის. რომელ კატეგორიასაც ჩააბარებს მასწავლებელი, იმ კატეგორიის შესაბამის სტატუსს მიიღებს. მაგალითად, თუ უფროსი მასწავლებელი გადაწყვეტს, რომ გახდეს პირდაპირ მენტორი და აღარ სურს წამყვანი მასწავლებლობა, ის აირჩევს მენტორისთვის განკუთვნილ ტესტს და აღარ მოუწევს ლოდინი, რომ ჯერ გახდეს წამყვანი და შემდეგ მენტორი,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.