„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს...
„ყველაზე კარგი სკოლა ისაა, რომელიც ბავშვს არამარტო თავისუფლებაზე ესაუბრება, არამედ თავისუფლებას ანიჭებს,“ - აღნიშნული სიტყვები მეცხრეკლასელ ნუცა თავართქილაძეს ეკუთვნის. ნუცა ფილოლოგ გია მურღულიას მოსწავლეა და აღნიშული ფრაზა ერთერთი დავალების შესრულების დროს დაწერა.
გია მურღულიას თქმით, ნუცა თავართქილაძე კარგი, გონიერი და ლამაზი გოგოა, რომელმაც მარტივად თქვა ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს:
„ჩემს მოსწავლეებთან წინა ჯერზე სკოლის მთავარ მიზნებზე ვსაუბრობდით და დღეს, როდესაც ერთმა მათგანმა დავალება მოიტანა, მისი ერთი ფრაზა ძალიან მენიშნა. ვთხოვე ფერად ფურცელზე ამოებეჭდა და ზედ თავისი სახელი, გვარი და კლასიც მიეწერა. მალევე ამომიტანა ჩემს ოთახში და სკამის უკან კედელზე გავაკარი - დაე, ყველამ წაიკითხოს, ვინც შემოვა.
ეს მეცხრეკლასელი ნუცა თავართქილაძეა - კარგი, გონიერი და ლამაზი გოგო, რომელმაც მარტივად თქვა ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს,“ - აღნიშნა გია მურღულიამ.