„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
მასწავლებელთა ხელფასის ზრდა მართლაც ისტორიული მოვლენაა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გუნდს მადლობა გადაუხადა იმ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისთვის, რომლებიც განათლების რეფორმას უწყობს ხელს და დეპუტატებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და მიღწეული შედეგები გააცნო.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, ყველა სკოლა იწყება მასწავლებლით და სწორედ მათზეა დამოკიდებული რეფორმების განხორციელება.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მთვარობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ეს არის ეროვნული იდეა - განათლება, რომელიც უკვე გადაიქცა საქმედ, 2022 წლიდან ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე დაიხარჯება. ის პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგები, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებენ 2 წლის ჯამურ ხელფასს და შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
„რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და ანაზღაურების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უპრეცედენტოა. ამ რეფორმით პირველ ეტაპზე 6 000-ზე მეტმა მასწავლებელმა ისარგებლა. გარდა ამისა, 2019 წლის ბოლომდე მასწავლებლებს აქვთ კომპეტენციის გამოცდის გამეორების ან ჯილდოს მიღებაზე რეგისტრირების შესაძლებლობა. რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა ხელფასის ზრდა მართლაც ისტორიული მოვლენაა. 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით! სრული საგაკვეთილო დატვირთვის შემთხვევაში, უფროსი მასწავლებლები მიიღებენ 1011 ლარს; წამყვანი მასწავლებლები - 1435 ლარს; მენტორი მასწავლებლები - 1745 ლარს. აღსანიშნავია ისიც, რომ პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და ეტაპობრივად განხორციელდება ისე, რომ 2022 წლისათვის უფროსს მასწავლებელს ანაზღაურება ექნება - 1700 ლარი; წამყვან მასწავლებელის - 2135 ლარი; მენტორ მასწავლებელს - 2445 ლარი. პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს - საშუალოდ 20%-ით. ასევე, 1 სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ხელფასები საშუალოდ 200 ლარით გაეზრდებათ” - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.