„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„პედაგოგის მთავარი მისიაა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება“ - მასწავლებელმა, რომელიც 52 წელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლის, პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო
ნათელა (სვეტა) ფანგანი 52 წელია პირველ კლასიკურ გიმნაზიაში რუსულ ენას ასწავლის, მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„მოწოდებით უნდა იყო მასწავლებელი, უნდა გიყვარდეს ბავშვი, უნდა გიყვარდეს ადამიანი, ეს არის ყველაფრის საწყისი. ბავშვი რომ გადის სკოლიდან, მარტო ცოდნა კი არ მიაქვს, არამედ აქ ყალიბდება როგორც პიროვნება. ამ პროცესში პედაგოგს დიდი წვლილი აქვს. კარგმა პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქოლოგია, მისი ოჯახური მდგომარეობა. პედაგოგის მთავარი მისიაა ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება. რთულია პროფესიიდან გასვლა, იმიტომ რომ ჩემთვის სკოლა არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის შემოთავაზებული ჯილდო პირადად ჩემთვის არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ უფრო მეტად მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაა ჩემი ქვეყნისაგან.“
წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო