„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„მე აღარ მაქვს ილუზია, რომ სწავლების დონე ისეა, როგორც უნდა იყოს,“ - ირინა ტაბუციძე დისტანციური სწავლების პრობლემების შესახებ
ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ონლაინ სწავლებით გამოწვეულ პრობლემატიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახლში კომპიუტერებთან დარჩენილი ბავშვების სწავლის პროცესის კონტროლი შეუძლებელია:
„დღეს ისეთი რეალობა გვაქვს, რომ მშობლები მუშაობენ, გასულები არიან სახლიდან, ბავშვები დავტოვეთ სახლში კომპიუტერებთან, სადაც კონტროლიც შეუძლებელია, შედის ბავშვი გაკვეთილზე თუ არ შედის. გარდა ამისა, ძალიან მოსაბეზრებელია თანატოლების გარეშე. სკოლაში ბავშვები ხომ არ დადიან მხოლოდ სწავლისთვის. ბავშვს ურთიერთობები სჭირდება, მეგობრები სჭირდება. მასწავლებელთან საერთოდ სხვა ურთიერთობა ყალიბდება, როდესაც პირისპირ არის ურთიერთობა.“
ირინა ტაბუციძის თქმით, ონლაინ სწავლება განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აზარალებს:
„უფროსკლასელებთან კიდევ მეტ-ნაკლებად არაუშავს ამ პრობლემას. უმრავლესობას გააზრებული აქვს, რომ სწავლა მას პირადად სჭირდება. პატარებთან არ მგონია, რომ რაიმე შინაგან მოტივაციაზე იყოს ლაპარაკი. უამრავი კვლევა ტარდება მსოფლიოში. ითვლება, რომ ყველაზე დიდ სტრესს მაინც განიცდიან პედაგოგები, შემდეგ მოსწავლეები და მერე მშობლები. ყველა ეძებს გზას, როგორ შეამსუბუქოს ეს მდგომარეობა. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სახალისო უნდა იყოს. ხალისთან ერთად უნდა მოხდეს სწავლება. პატარა კლასებში ამის გარეშე წარმოუდგენელია.“
„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საოცრად დიდი ენთუზიაზმი, ენერგეტიკა, ვერბალური კომუნიკაციის კარგად ფლობის უნარი. იმის ილუზია, რომ ყველა პედაგოგი ასეთია, არ გვაქვს. ბევრს არ შეუძლია კამერასთან მუშაობა, რა თქმა უნდა, აქ ჩავარდნა ბევრად მეტი გვაქვს. გადამეტებული გართობით სწავლა შეუძლებელია, სხვა რაღაცებიც უნდა მუშაობდეს. იმედი მაქვს, ოქტომბრიდან გადავალთ შენობებში და ეს პრობლემა დავიწყებას მიეცემა. პედაგოგებს და მშობლებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს პერიოდი როგორმე ფსიქოლოგიურად სტაბილურად მაინც გადავიტანოთ. მე აღარ მაქვს ილუზია, რომ სწავლების დონე ისეა, როგორც უნდა იყოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ირინა ტაბუციძემ Euronews Georgia-ს ეთერში ისაუბრა.