„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
მიმდინარე კვირაში Covid-19 მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1% გამოუვლინდა
ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა.
მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.
მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს. შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით, საქართველოს მასშტაბით, რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა.
განათლების ხარისხთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სკოლებს ჰქონდეთ ჰიგიენური საშუალებების მარაგი.
ხაზგასასმელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ახალი ფორმა. სკოლებში არსებული გარემოს მონიტორინგი კოვიდპანდემიის პერიოდში, სწორედ აღნიშნული ფორმით განხორციელდება. კერძოდ, მონიტორინგის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.