„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
თუ პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 კრედიტს მოიპოვება გსურთ - პრაქტიკოსი პედაგოგების საყურადღებოდ!
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის საგამოცდოდ ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგს ატარებს გამოცდილი ტრენერი. მის მიერ მომზადებულმა ყველა აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
„თუ ხართ პრაქტიკოსი პედაგოგი და გამოცდაზე სამსახურის შესანარჩუნებლად გიწევთ გასვლა, მაშინ ნამდვილად დაგჭირდებათ რჩევა გამოცდილი ტრენერისგან, რომელიც თვითონ ასწორებს მასწავლებლის საგნის გამოცდებს. მან ზუსტად იცის, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტესტის დაწერისას, ის გირჩევთ, როგორი მეთოდით გააკეთოთ დავალებები და გასწავლით „ხრიკებს“ ტესტის ადვილად დასაწერად. მის მიერ მომზადებულმა ყველა აპლიკანტმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა“, - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.
ტრენინგზე რეგისტრაცია სრულდება 3 ნოემბერს. ხანგრძლივობა - 12 მეცადინეობა, თითო მეცადინეობა 2-საათიანია.