„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
,,დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სწავლა დაიწყოს ისე, როგორც დაგეგმილია''
,,დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის გარანტიას, რომ სწავლა დაიწყოს ისე, როგორც დაგეგმილია,'' - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც ინერგება.
„ჩვენი ინსპექტორატი ამოწმებს შრომის უსაფრთხოებას სხვადასხვა ადგილზე, იყო რამდენიმე სკოლაში, შეამოწმა მზაობა, გავეცით რეკომენდაციები და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ გაგრძელდება მონიტორინგი, თუ რამდენად მზად არიან სკოლები, უსაფრთხოდ დაწყოს სწავლა. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ ჩვენ მოგვიხდეს სწავლის დაწყების გადავადება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.