Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი: „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომელებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ“

მიხეილ ბატიაშვილი: „თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომელებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ“

განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მნიშვნელობას, რაზეც მინისტრმა მათთან პირადად ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი წარმატებული თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია.

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომლებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ,“ - განაცხადა მინისტრმა მათთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ ბატიაშვილს ამ ჰუმანური მიდგომისა და საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოსთვის:

„სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის შემოთავაზებული ჯილდო პირადად ჩემთვის როგორც ფინანსური ასევე, მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაა“, - განაცხადა თბილისის კლასიკური გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგმა ნათელა (სვეტა) ფანგანმა, რომელმაც პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

შეიძლება დაინტერესდეთ

მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

მარტიდან სკოლებში „ახალი სკოლის მოდელი“ ამუშავდება

50 საპილოტე სკოლაში „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წლის მარტიდან ამუშავდება, შემოდგომიდან კი ეს მოდელი კიდევ 200 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია ჩამოაყალიბოს პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას მისცემს. 
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საჯარო სკოლის დირექტორებისათვის ტრენინგი ტარდება , რომელსაც ცენტრის ექსპერტები უძღვებიან.

იხილეთ ასევე:


წაიკითხეთ სრულად