Baby Bag

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

რა შემთხვევაში ექნება პედაგოგს ავტომატურად უფროსი მასწავლებლის სტატუსი

მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

როგორც ის აღნიშნავს, გამოცდაზე წელსაც დარჩა ნაწილობრივი დაგროვების შესაძლებლობა, რადგან არიან მასწავლებლები, რომლებსაც კრედიტქულების გარკვეული ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ და მხოლოდ რამდენიმე კრედიტქულა აკლიათ სტატუსის ასამაღლებლად:

„მასწავლებლებს მივეცით შანსი ეს მცირე დანაკლისი გამოცდით შეივსონ. ამიტომაც არ შევცვალეთ ამ გარდამავალ პერიოდში ეს პირობა, რადგან გვინდოდა სამართლიანობის პრინციპიც დაგვეცვა – თუკი ერთ მასწავლებელს ჰქონდა შესაძლებლობა გამოცდით, ნაწილობრივ დაეგროვებინა კრედიტქულები, ეს შესაძლებლობა გვინდოდა დანარჩენებისთვისაც მიგვეცა. ამდენად, ვეცადეთ ვყოფილიყავით თანმიმდევრულები და სამართლიანები.

რაც შეეხება ბარიერის გადალახვას 60 პროცენტზე ზევით, ანუ თუ მასწავლებელი ორივე გამოცდაში 10-10 კრედიტქულას მიიღებს, ის ავტომატურად მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს და სხვა დამატებითი აქტივობების განხორციელება არ სჭირდება. ასევე, უცვლელია პირობა მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც საგნობრივ გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ და 60-კრედიტიან პროგრამას გაივლიან, ისინიც ავტომატურად, უფროსი მასწავლებლები ხდებიან.

მთავარი პრინციპი უცვლელი რჩება – თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს კომპეტენციები, ანუ გამოცდები ჩაბარებული, მას ხელმეორედ აღარ მოუწევს გამოცდის ჩაბარება,“ - აღნიშნავს მანანა რატიანი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლობის მსურველმა, რომ სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთოს

რა გზა უნდა გაიაროს მასწავლებლობის მსურველმა, რომ სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთოს

​მასწავლებლობის მსურველმა სკოლაში მუშაობის დასაწყებად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩასართავად გარკვეული აქტივობები უნდა განახორციელოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველმა პირველ რიგში, საგნის გამოცდა უნდა ჩააბაროს წარმატებით.

„მასწავლებლობის მსურველმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს საგანის გამოცდა, 61%-იანი მინიმალური ზღვარი უნდა გადალახოს. თუ მასწავლებლობის მსურველს დიპლომში პედაგოგი უწერია, მაშინ მას აღარ მოუწევს 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამის გავლა და ის უკვე ამ გამოცდით სერტიფიცირებული გახდება.

სკოლაში ვაკანსიას რომ მოიძიებს და დირექტორთან გაფორმდება ხელშეკრულება, დირექტორმა უნდა მოიწეროს მასწავლებლის სახლში წერილი, რომ ჩართონ პროფესიული განვითარების სქემაში, პედაგოგს ამ შემთხვევაში უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება და ამ სახით ჩაერთვება სქემაში. სტატუსის მინიჭებას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება.

რაც შეეხება მათ, ვისაც დიპლომში პედაგოგი არ უწერია, საგნის გამოცდის ჩაბარებასთან ერთად, უნდა გაიარონ 60 - კრედიტიანი გადამზადების პროგრამა - შეისწავლონ ერთწლიანი პედაგოგიკის კურსი.

ამ კურსს რომ გაივლის მასწავლებლობის მსურველი და ცნობა ექნება, ჩაითვლება სერტიფიცირებულ პედაგოგად და სქემაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით ჩაერთვება.

აღნიშნული ეტაპების გავლა უწევთ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში დასაქმების მსურველებს.

წაიკითხეთ სრულად